სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ცნობით, სამედიცინო და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტებმა შეიმუშავეს ელექტრონული პროგრამა, რომელიც სამედიცინო მონაცემთა შენახვა-გადაცემას, ასევე, პაციენტთა რეფერალის პროცესში მაქსიმალურ გამჭვირვალობასა და სამართლიანობას უზრუნველყოფს. 

 

პროგრამა მოიცავს ელექტრონული სამედიცინო ისტორიისა და რეფერალის მართვის  მოდულებს, რომელთა გამოყენებით დარეგულირდება გეგმიური პაციენტების მოლოდინის რიგი და მათთან დაკავშირებული სამედიცინო ინფორმაციის შენახვა-გადაცემა. 

 

დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებების პატიმრებისთვის მოლოდინის სხვადასხვა რეჟიმი იმოქმედებს. პატიმარს, ექიმის ან ადმინისტრაციის დახმარებით, ნებისმიერ მომენტში შეეძლება გადაამოწმოს საკუთარი სტატუსი და რიგითობა; მიადევნოს თვალი ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ჩივილებზე რეაგირებას. 

 

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის მოადგილის, არჩილ თალაკვაძის თქმით, მოლოდინის რეჟიმი არ შეეხება სასწრაფო ან გადაუდებელი სამედიცინო დახმარების შემთხვევებს, რომლებზე რეაგირებაც  რიგითობის გარეშე მოხდება. 

 

2013 წლის 1 იანვრიდან 1 სექტემბრის მონაცემებით, დიაგნოსტიკის და მკურნალობის მიზნით სამოქალაქო საავადმყოფოებში 4700-ზე მეტი პატიმარი იყო გადაყვანილი.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *