“მე გუშინ ვესაუბრე ბატონ [ზურაბ] აბაშიძეს [საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი საქართველო-რუსეთის საკითხებში]. ჩვენთვის მედიის მეშვეობით ცნობილი გახდა, რომ საქართველოს დაახლოებით 20–მდე მოქალაქე იმყოფება სირიაში და სამშობლოში დაბრუნებას ვერ ახერხებს. ჩვენ კეთილმეზობლობის და კეთილი ნების პრინციპიდან გამომდინარე ვთქვით, რომ თუ ამ ადამიანებს აქვთ პრობლემა სახლში დაბრუნების, მათ შეუძლიათ მიმართონ ჩვენს საელჩოს სირიაში”, – განუცხადა კარასინმა რია ნოვოსტის.
მისი თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს რუსეთისთვის არ მიუმართავს: “მოსკოვმა თბილისს თვითონ გაუწოდა დახმარების ხელი”.
“ჩვენ ამაში ვერაფერ განსაკუთრებულს ვერ ვხედავთ. ეს სრულად შეესაბამება იმ კეთილმეზობლურ დამოკიდებულებას, რომელსაც ჩვენ საქართველოს და ქართველი ხალხის მიმართ განვიცდით”.
კარასინის მტკიცებით, დამასკოში რუსეთის საელჩოს შესაბამისი ინსტრუქცია უკვე მიცემული აქვს და საქართველოს მოქალაქეებს, საჭიროების შემთხვევაში, შეუძლიათ რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს თვითმფრინავით ისარგებლონ, რომელიც ჰუმანიტარული ტვირთის ტრანსპორტირების მიზნით სირიაში რეგულარულ ფრენებს ახორციელებს.
სირიაში ამ დრომდე რჩება საქართველოს 18 მოქალაქე. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მათ თბილისში დაბრუნებას დამასკო–კაირო–სტამბული–თბილისის მარშრუტით სთავაზობს 5 სექტემბერს.
