საზოგადოებრივი მაუწყებელი
საზოგადოებრივი მაუწყებელი

როგორც მან დღეს, 3 სექტემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ეკა კვესტიაძეც და დავით პაიჭაძეც ამ დროისთვის საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლები არიან, რადგან კონტრაქტი 1 იანვრამდე აქვთ გაფორმებული, თუმცა უცნობია, იქნებიან თუ არა ისინი წამყვანები.

 

“ცოტა ხანში გაიგებთ ყველაფერს”, – განაცხადა მან.

 

ამ საკითხზე განმარტება ტელემაუწყებლობის დარგში ბარათაშვილის მოადგილე გოგა ჩართოლანმაც გააკეთა. მისი თქმით, საზოგადოებრივი–პოლიტიკური შოუები 1 არხზე ოქტომბრიდან დაიწყება და სავარაუდოდ ყოველდღიურად გავა ეთერში. ამ გადაცემათა ციკლზე, რომელსაც ერთი ფორმატი ექნება, რამდენიმე წამყვანი იმუშავებს. ჩართოლანი  სამაუწყებლო ბადეში კვესიტაძის და პაიჭაძის გადაცემების [“აქცენტები’ და დიალოგი დავით აპიჭაძესთან ერთად] არჩასმის საკითხს ასე ხსნის:

 

‘საეთერო ბადის პრინციპი ვინც იცის, ალბათ, კარგად გაიგებს, ბადის პრინციპი არის ასეთი, რომ ერთგვაროვანი გადაცემები ჯდება ერთ ზოლში. საზოგადოებრივი–პოლიტიკური შოუ არის ყოველდღიური გადაცემა, იქნება მრავალი წამყვანი… ამ წამყვანებში მოიაზრება როგორც არსებული წამყვანები, ვისაც საზოგადოებრივი–პოლიტიკური შოუები მიჰყავდათ, ისე, ჩვენ შეიძლება  მოვიძიოთ სხვა წამყვანებიც. ასე რომ, ეს ზოლი ბადეში ზის. შეიძლება იმ სახელებით, როგორც ერქვა მას: “აქცენტები” და “დიალოგი დავით პაიჭაძესთან ერთად”, ასეთი სახელწოდებით არ იყოს, მაგრამ ორივე გადაცემა, მოგეხსენებათ, იყო ჩვეულებრივი საზოგადოებრივ–პოლიტიკური შოუ, ამიტომ ჩვენ ეს ზოლი დავტოვეთ, უბრალოდ, იქნება ერთი შოუ სხვადასხვა წამყვანებით. ამ წამყვანებზე დღესდღეობით არ ვსაუბრობთ შეგნებულად, იმიტომ, რომ გვინდა რაღაცა სიურპრიზად დავტოვოთ, ისევე როგორც არ ვსაუბრობთ სხვა, არაპოლიტიკური გადაცემების წამყვანებზე, იქაც ძალიან ბევრი სიურპრიზი ელის მაყურებელს, მათ შორის ძალიან კარგი წამყვანები, რომელთაც თქვენ იხილავთ და ალბათ გაგიკვირდებათ, რომ ნახოთ”, – აცხადებს ჩართოლანი.

 

ეკა კვესიტაძის განცხადებით კი, მისი საავტორო გადაცემა “აქცენტები”, “როგორც ჩანს, ხელისუფლების გადაწყვეტილების შედეგად დახურეს”. კვესიტაძე “ნეტგაზეთთან” საუბარში ამბობს, იგი დარწმუნებულია, რომ ხელისუფლებას გიორგი ბარათაშვილზე გარკვეული სახის გავლენა გააჩნია:

“არხის ახალი გენერალური დირექტორი არაერთხელ დაპირდა სამეურვეო საბჭოს, რომ ჩემი საავტორო გადაცემა – “აქცენტები” არ დაიხურებოდა (არსებობს ამის დამადასტურებელი ვიდეოჩანაწერებიც). თუმცა, როგორც გუშინ – 2 სექტემბერს, პირველ არხზე გასული სიუჟეტიდან შევიტყვეთ, გადაცემა “აქცენტები” ახალ ბადეში აღარ ფიგურირებს. საინტერესოა ის ფაქტი, რომ რვა თვის განმავლობაში არხის დირექტორი, მხოლოდ ერთხელ, ისიც შემთხვევით ვნახე. მიუხედავად იმისა, რომ მან რამდენჯერმე უთხრა სამეურვეო საბჭოს, რომ ჩემთან, ისევე როგორც სხვა წამყვანებთან, მოლაპარაკებებს აწარმოებდა, ასეთი მოლაპარაკება არც ერთხელ არ გამართულა. ჩემი ბოლო მცდელობა, მას შევხვედროდი და ჩემი გადაცემის შესახებ მკაფიო პასუხი მიმეღო, ასევე წარუმატებლად დასრულდა. ამავდროულად, გადაცემა “აქცენტების” პროდიუსერს ირაკლი ტაბლიაშვილს აღარ გაუგრძელეს ხელშეკრულება. 

არჩევნებამდე ორი თვითი ადრე საზოგადოებრივ მაუწყებელზე პოლიტიკური დებატების შეწყვეტა, ვფიქრობ, არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებშია მიღებული და მედიის გადანაწილების და მასზე ზეწოლის ახალ სქემაში პირდაპირ ჯდება. საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომლის მთავარი პრიორიტეტი საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემებია, საზოგადოების წინაშე ვალდებულება აქვს წინასაარჩევნო პერიოდში ეთერში გაუშვას პოლიტიკური თოკ-შოუები. ამის მაგივრად არხის დირექტორისგან გუშინ ვიგებთ, რომ მაყურებელი მხოლოდ სექტემბრის ბოლოს გაიგებს, ვინ იქნებიან პოლიტიკური გადაცემის წამყვანები. ხოლო როდის დაიწყება თავად გადაცემები, ამის შესახებ მას მინიშნებაც კი არ გაუკეთებია”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც კვესიტაძემ დღეს სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა.

 

იგი “ნეტგაზეთთან” საუბარში ამბობს, რომ არხის დატოვების გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *