რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, დავით ნარმანიას განცხადებით, ზარალის დასათვლელად შექმნილია სამუშაო ჯგუფები, რომელსაც მისი მოადგილე ხელმძღვანელობს:
“შოთა მურღულია გაემგზავრა დასავლეთ საქართველოში. პირველ ეტაპზე ადგილობრივი სამაშველო სამსახურებისგან მოხდა მოსახლეობის მხარდაჭერა, მიმდინარეობს წყლის ამოტუმბვისთვის საჭირო ღონისძიებები და სხვა გადაუდებელი სამუშაოები, სხვა დანარჩენში უკვე ჩვენ ჩავერთვებით, დაითვლება ზიანის მოცულობა და ფინანსთა სამინისტროსთან ერთად მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტებისათვის ფინანსების გამოყოფასთან დაკავშირებით”.– განაცხადა ნარმანიამ “რუსთავი2″–თან საუბარში.
ძლიერი წვიმისა და ქარის გამო დაზარდალდა ლაჩხუთი, ოზურგეთი, ურეკი, სენაკი, ბათუმი. დაიტბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები. მოსახლეობის განცხადებით, სტიქიამ მათ გაუნადგურა მოსავალი და დაეხოცათ შინაური ფრინველები. ბათუმში სახოვრებელ სახლს ქარის გამო სახურავი აძვრა, კორპუსის გარდა დაზიანდა ავტომობილებიც.
სამაშველო სამსახურის წარმომადგენლის განცხადებით, ძლიერი ქარის გამო რამდენიმე საავტომობილო გზა ჩაიხერგა, კონკრეტულად კი, ურეკი–ოზურგეთის მიმართულებით და ნატანები– ქობულეთის მიმართულებით, თუმცა ამ დროისთვის ყველა გზა გახსნილია და გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.
20 მსუბუქი ავტომანქანა დაზიანდა “შეკვეთილში”, რადგან ძლიერი ქარის გამო ხეები მოტყდა. ინფრასტრუქტურის სამსახურის საინვესტიციო პროექტების განყოფილების უფროსის, თეიმურაზ ჩავლეიშვილის განცხადებით, ამ დროისთვის 50–60 ოჯახია დაზარალებული, თუმცა, მისივე თქმით, რაოდენობა აუცილებლად გაიზრდება, რადგან ზარალის დათვლის პროცესი არ დასრულებულა.
სტიქიამ პრობლემები შექმნა ელექტოენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებითაც, “ენერგო პრო ჯორჯიას” საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელის, ავთანდილ დვალიშვილის განცხადებით, დღევანდელი დილის მონაცემებით, 35 000 აბონენტი იყო ელექტოენერგიის გარეშე, ამ დრომდე ელექტოენერგია 6 000 აბონენტს არ მიეწოდება. მისი თქმით, მიწოდება სრულად დღის ბოლომდე აღდგება.
