“ეს ადამიანი უჩიოდა ჯანმრთელობის პრობლემას და ამ კუთხით სწავლობდა მის საქმეს სახალხო დამცველის აპარატი, უჩიოდა ასევე სამედიცინო პერსონალის მხრიდან უყურადღებობას, ამბობდა, რომ პატიმრებს უკიდურესი ზომების მიღება უხდებათ იმისთვის, მიიქციონ ყურადღება და ა.შ. თუმცა რაიმე სახის ზეწოლაზე ან სხვა სახის გადაცდომაზე ის არ მიუთითებდა. ამ კუთხით ჩვენთან იყო საქმე შესწავლაში და ამჟამადაც არის, მიმოწერა გვაქვს როგორც დაწესებულებასთან, ასევე სამედიცინო დეპარტამენტთან. ჩვენთვის ძალიან მოულოდნელი იყო მისი გარდაცვალება და შევეცდებით, რომ დავადგინოთ მიზეზები”, – აცხადებს ნათია იმნაძე.
მისივე განცხადებით, პატიმრის გარდაცვალების მიზეზებთან დაკავშირებით სახალხო დამცველი ჯერ–ჯერობით ინფორმაციას არ ფლობს:
“ჩვენი თანამშრომლები იმყოფებიან ადგილზე და შეეცდებიან რაიმე სახის ინფორმაცია მაინც მიიღონ თანასაკნელებისგან, ექიმისგან და ა.შ. რა თქმა უნდა, მთავარი იქნება, რას დაასკვნის ექსპერტიზა. რაც შეეხება თვითდაზიანებას, ამასთან დაკავშირებით ვერ მოგაწვდით ინფორმაციას, რადგან ოჯახისგან თანხმობა არ გაგვაჩნია, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ სამინისტრო ამბობს, რომ მას ჰქონდა ფსიქიკური პრობლემები, მაშინ ის არ უნდა ყოფილიყო რუსთავის #6 დაწესებულებაში და, მით უმეტეს, თუ სერიოზულ დაზიანებებს იყენებდა, ის იქ არ უნდა ყოფილიყო და უნდა ყოფილიყო შესაბამისი მეთვალყურეობის ქვეშ. თუმცა საქმესთან დაკავშირებით უფრო მეტი დეტალიზაციისთვის გვჭირდება უფრო მეტი ინფორმაცია, სწორედ ამიტომ, ჩვენ ვსწავლობთ საკითხს”, – განაცხადა ნათია იმნაძემ.
სასჯელაღსრულების #6 დაწესებულებაში პატიმარი გ.ჯ–ს გარდაცვალებასთან დაკავშრებით ინფორმაცია სამინისტრომ დღეს გაავრცელა:
“სასჯელაღსრულების #6 დაწესებულებაში სუიციდის შემთხვევა დაფიქსირდა. პირველადი ინფორმაციით, მსჯავრდებული გ.ჯ. რომელმაც წარსულში არაერთხელ მიმართა თვითდაზიანებას, საკანში მექანიკური ასფიქსიით(სუნთქვის შეწყვეტა) გარდაცვლილი იპოვეს”, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
