რეზო ჩხეიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს არაერთი ტელევიზია “ჯიბის ტელევიზიად” იქცა. რეჟისორს დაუშვებლად მიაჩნია “მეცხრე არხის” დახურვა.

 

“ჟურნალისტებმა ქართული დემოკრატიისათვის ბრძოლის გზაზე ბევრი სიმწარე ნახეს, ხელისუფალთა ბევრი თავხედობა ითმინეს, მაგრამ საქართველოს და ქართველ ხალხს არ უღალატეს. მადლობა ,,მე-9 არხს“ და მის ჟურნალისტებს. ჩვენ დიდი ბრძოლა გველის წინ ადამიანის ბუნებითი უფლების, სიტყვის უფლების დამკვიდრებისათვის,“-აცხადებს რეზო ჩხეიძე. 

ყველაზე მეტად ის მედიასაშუალებები დაზარალდნენ, რომლების კულტურას აშუქებდნენ, აგრძელებს რეჟისორი, და პრემიერ-მინისტრს სთავაზობს “მეცხრე არხი” “კულტურის” არხად გარდაქმნას.

 

“მე ვისურვებდი, რომ ,,მე-9 არხი“ არ დახურულიყო. მე მხოლოდ რჩევა შემიძლია, გადაწყვეტილებას მისი დამფუძნებელი და მეპატრონე იღებს, და მაინც, თუ ამ გადაწყვეტილებას არ შეცვლის ბატონი ბიძინა, ჩემი სურვილი იქნებოდა, რომ ეს ტელევიზია გადაკეთებულიყო ტელევიზია „კულტურად“. სახელწოდება პირობითია. მსოფლიოს მრავალ ქვეყანას აქვს ასეთი არხი, ჩვენ ცივილიზაციის სათავეებთან მდგომი ქვეყანა ვართ და ასეთი ტელევიზიის არსებობა არათუ გამართლებულია, აუცილებელია ჩვენი ქვეყნისთვის, მისი მომავლისათვის.

 

ქართულმა კულტურამ ყველა ეპოქაში გაუძლო შიდა თუ გარე მტერთა შემოტევას და ამ ძლიერ ფენომენს დღეს მეტი თანადგომა სჭირდება, და გადაწყვეტლება სპეციალური სატელევიზიო არხის შექმნის თაობაზე ამის ნათელი დადასტურება იქნებოდა,”- აცხადებს რეზო ჩხეიძე. 

 

ჩხეიძეს მიაჩნია, რომ ამგვარი ნაბიჯი ლოგიკური იქნებოდა ბიძინა ივანშვილისთვის, რადგან მას ქართული კულტურის მიმართ დიდი ამაგი აქვს. 

 

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *