სასჯელაღსრულების სამინისტროს ცნობით, ქსნის #15 და რუსთავის #17 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მყოფმა მოშიმშილე მსჯავრდებულებმა შიმშილობა შეწყვიტეს მას შემდეგ, რაც მათ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, ამავე კომიტეტის წევრი გედევან ფოფხაძე და სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის პირველი მოადგილე გიგა გიორგაძე შეხვდნენ. ქსნის #15 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დეპუტატებთან ერთად სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილიც იმყოფებოდა. 

 

ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია და მინისტრის პირველი მოადგილე გიგა გიორგაძე, რომელიც, ამავდროულად, ვადამდე გათავისუფლების მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარეც გახლავთ, მსჯავრდებულებს ადგილობრივი საბჭოების გადაწყვეტილებების გადახედვას დაპირდნენ. რაც შეეხება შეკრებითობის წესის გაუქმების შემდეგ მიღებულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, მსჯავრდებულებმა ეკა ბესელიასგან საქმეების ინდივიდუალურად შესწავლის პირობა მიიღეს.

 

“საქართველოს პარლამენტის წევრებთან და მინისტრის პირველ მოადგილესთან შეხვედრის შემდეგ ყველა მოშიმშილე მსჯავრდებულმა პროტესტის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. ამ დროისთვის სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არც ერთი მსჯავრდებული არ შიმშილობს”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. 

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *