რეზოლუციის ხელმომწერები პარლამენტისგან “ნაციონალური მოძრაობის” ცხრაწლიანი მმართველობის შესწავლას და სამართლებრივი შეფასების გაკეთებას მოითხოვენ. როგორც ნანა კაკაბაძე ამბობს, პარლამენტმა იურიდიული შეფასება უნდა გააკეთოს:
„ჩვენი მთავარი მოთხოვნა არის იმ რეზოლუციის შესრულება, რომელიც სპორტის სასახლეში იქნა მიღებული. 19 მაისს 11 018 ადამიანმა ხელმოწერებით გადმოუგზავნა პარლამენტს რეზოლუცია, სადაც ჩვენ ვითხოვდით პარლამენტისგან, რომ მოხდეს რეჟიმის შეფასება და პარლამენტმა დადოს თავისი დასკვნა, თუ რა იყო ეს რეჟიმი. იყო თუ არა ეს სისტემური დანაშაულებები და როგორ ფიქრობს პარლამენტი, ასეთ პოლიტიკურ ძალას აქვს თუ არა მორალური და პოლიტიკური უფლება, რომ დარჩეს პოლიტიკაში. ასევე მოხდეს იურიდიული შეფასებაც. ეს პროცესი მეტნაკლებად დაწყებულია, მაგრამ ვფიქრობთ, რომ არასრულად, ამიტომ პარლამენტის მიერ გაკეთებული დასკვნა, შეფასება ხელს შეუწყობს ამ პროცესის კიდევ უფრო სამართლიანად წარმართვას.”

კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ კომიტეტი ვალდებულია რეაგირება მოახდინოს. შესაბამისად, დეპუტატის თქმით, უფლებათა კომიტეტს მოკლე დროში პოზიციას წერილობითი ფორმით გადმოსცემს:
“განხილვა გავაგრძელეთ იმ რეზოლუციის, რომელსაც დაახლოებით 12 ათასზე მეტი ადამიანი აწერდა ხელს სპორტის სასახლეში, თუმცა გაცილებით მეტი ადამიანი უერთდება ამ რეზოლუციას. დაისვა საკითხი, რომ საგამოძიებო კომისიის შექმნა, რომელიც იყო მითითებული პირვანდელ მოთხოვნაში, ამ მოთხოვნას არ აყენებენ. უნდათ შეფასება, კომიტეტმა მოამზადოს დოკუმენტი, რომლითაც შეაფასებს „ნაციონალური მოძრაობის“ 9- წლიანი მმართველობის პერიოდში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით ვითარებას. მე ვფიქრობ, რომ კომიტეტს ამ მიმართულებით მუშაობა შეუძლია. ჩვენი კომიტეტი პარლამენტის რეგლამენტით ვალდებულია, რომ ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, ყველა მიმართულებით ამ პრობლემას სწავლობდეს და რეაგირებდეს. ჩვენ ვიმუშავებთ ამ დღეებში ამ დასკვნასთან დაკავშირებით. ყოველ შემთხვევაში, მოკლე პერიოდში კომიტეტს ექნება პოზიცია წერილობით, როგორ აფასებს ის ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს ბოლო წლებში და რა სისტემური ხასიათის დანაშაულებს ჰქონდა ადგილი.”
სამუშაო შეხვედრაში “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატებს მონაწილეობა არ მიუღიათ.
