ცვლილებების მიხედვით, 2014 წლის 31 დეკემბრამდე დასაშვები ხდება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებისთვის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლა, თუ იგი განპირობებულია სახელმწიფო და/ან საზოგადოებრივი საჭიროებით. თუმცა, ცვლილებების მიხედვით, აღნიშნულ გადაწყვეტილებას მთავრობა მიიღებს. კანონის მოქმედი რედაქციით მიწის სტატუსის შესაცვლელად მხოლოდ საჯარო რეესტში მისვლა და სათანადო დოკუმენტაციის წარდგენა არის საჭირო.
აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიგლა აგულაშვილი ამბობს, მას შემდეგ, რაც პარლამენტმა სასოფლო-სამეურნეო მიწის უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის და უცხოეთში რეგისტრირებული იურიდიული პირებისთვის მიყიდვაზე მორატორიუმი გამოაცხადა, დაიწყო ახალი პროცესი, რაც სასოფლო-სამეურნეო მიწის სტატუსის შეცვლაში გამოიხატება:
“მორატორიუმის შემოღების პარალელურად გააქტიურდა მიწებისთვის სტატუსის შეცვლის მსურველთა რაოდენობა, ეს მაჩვენებელი გაიზარდა აშკარად. აქამდე არ ცვლიდნენ ხოლმე სტატუსს. ყოველ შემთხვევაში, თუ აუცილებლობა არ იყო. მით უმეტეს, ვიცით, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწის გადასახადი ჰექტარზე არის საშუალოდ 100 ლარი და ადგილობრივ მუნიციპალიტეტს აქვს მისი შემცირების და ასევე გაზრდის უფლება 150%-ით, მეტი არა. მაშინ, როცა არასასოფლო-სამეურნეო მიწის გადასახადი არის მეტი, გაცილებით მეტია. 0,24 თეთრი არის ერთ კვადრატულ მეტრზე. შესაბამისად, ინტერესი არ იყო, რომ შეეცვალათ კატეგორია. მორატორიუმის დაწყების მერე პროცესი გაცხოველდა. “
აღნიშნულ კანონპროექტს საპარლამენტო უმცირესობამ მხარი არ დაუჭირა.
