აღნიშნული დასკვნის შემუშავების საფუძველი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის სახელზე შესული საქართველოს მოქალაქეების განცხადება გახდა.
სხდომაზე,2013 წლის 17 მაისის ჰომოფობიასა და ტრანსოფობიასთან ბრძოლის საერთშორისო დღისადმი მიძღვნილი აქციისა და მასთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენების შეფასების შესახებ დასკვნის პროექტი საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლებს, არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებსა და დაინტერესებულ მოქალაქეებს კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ გააცნო.
ბესელიას თქმით, ამ დოკუმენტით საპარლამენტო კომიტეტი აკეთებს პოლიტიკურ შეფასებას ადამიანის უფლებათა დაცვის ჭრილში და გმობს ყოველგვარ ძალადობრივ ქმედებებს.
როგორც დასკვნაში წერია, კომიტეტი “ამ დასკვნით კიდევ ერთხელ შეახსენებს საზოგადოებას, რომ „ძალადობა მიუღებელია ნებისმიერ შემთხვევაში, რა ნიშნით, საფუძვლითა და მიზნითაც არ უნდა იყოს ის განხორციელებული”.
ამასთანავე დასკვნაში აღნიშნულია, რომ “საქართველოს საპატრიარქოს მიერ 17 მაისამდე გაკეთებულ არც ერთ განცხადებაში არ ყოფილა მოწოდება ძალადობისკენ, უფრო მეტიც, მიუხედავად იმისა, რომ „ეკლესია ასეთი მიდრეკილების მქონე ადამიანებს მეტად მძიმე ცოდვაში მყოფ პიროვნებებად განიხილავს“, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ შემდეგ დღეებშიც გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ ეკლესია ემიჯნება ძალადობას.”
რაც შეეხება შინგან საქმეთა სამინისტროსა და მის როლს 17 მაისის მოვლენების დროს, დასკვნის შესაბამისად, შსს-მ შექმნილ ვითარებაში გამოავლინა მაქსიმალური ძალისხმევა და პასუხისმგებლობა, რითაც შესაძლებელი გახდა შესაძლო ფატალური შემთხვევების თავიდან აცილება და მთელ რიგ შემთხვევებში გამოვლენილი ძალადობისაგან პირების დაცვა.
რეკომენდაციების შესაბამისად, რომელიც კომიტეტმა გასცა, კომიტეტის აზრით, “17 მაისის მოვლენების ანალიზი და შეფასება ხელს შეუწყობს საზოგადოებაში ადამიანის უფლებათა პატივისცემასა და ევროპული ღირებულებების განმტკიცებას, სახელმწიფოს მიერ ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტების პრევენციასა და აღკვეთას.”
სხდომაზე მოსაზრებები გამოითქვა საპატრიარქოს წარმომადგენლების მიერაც. პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის შეფასებით, კომიტეტის დასკვნა დაბალანსებულია და კომიტეტი მხარედ არ გამოსულა:
„აქვე მთელი პასუხისმგებლობით მინდა ვთქვა – რომ არ ყოფილიყო პოლიციის და სასულიერო პირების მხრიდან დიდი ძალისხმევა, იქნებოდა მსხვერპლი. ეკლესიის პოზიცია ერთმნიშვნელოვანია – მისთვის მიუღებელი და შეუწყნარებელია რაიმე სახის ძალადობა. ცალკეული პიროვნების გადაწყვეტილება ცალკეული პიროვნების შეცდომაა და ამაში ეკლესიის პასუხისმგებლობა არაა,” – თქვა გიორგი ზვიადაძემ.
კომიტეტის სხდომაზე დაისვა საკითხი, რომ აქციის წინა პერიოდში “იდენტობის” მიერ გავრცელებული განცხადება კომიტეტის მომზადებულ დასკვნაში ჩაწერილიყო, რადგან დასკვნაში საპატრიარქოს პოზიცია არის ჩაწერილი, რასაც დეპუტატების ნაწილი არ დაეთანხმა. აღნიშნულ საკითხზე დეპუატებს სიტყვით საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თამარ კორძაიამ მიმართა:
“როდესაც კომიტეტის დასკვნაში ძალიან ობიექტურად და მიუკერძოებლად აღვწერთ მოვლენებს, რომელშიც ვამბობთ, რომ ამა და ამ რელიგიურმა ორგანიზაციებმა გაავრცელეს ამ შინაარსის განცხადება, ამ დროს ლოგიკურია – ჩნდება შეკითხვა, რომ “იდენტობამ” არაფერი გაავრცელა? ან ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტმა არაფერი იცოდა, როცა დასკვნას წერდა? ამაზეა საუბარი, მეტი არაფერი.”
კორძაიას განცხადების მიუხედავად, დეპუტატები დასკვნაში “იდენტობის” განცხადების ჩადებას მაინც არ დაეთანხმნენ.
“მაშინ საპატრიარქოს პოზიციაც ამოვიღოთ,”- განაცხადა კორძაიამ.
აღნიშნულმა რეპლიკამ საპარლამენტო უმრავლესობის წევრის მერაბ კაჭახიძის პროტესტი გამოიწვია:
“რატომ ვაყენებთ ერთ სიბრტყეზე საპატრიარქოს და ორ არასამთავრობო ორგანიზაციას? პატრიარქი და საპატრიარქო და ორი არასამთავრობო ორგანიზაცია ერთიდაიგივეა ქვეყანაში?”
გარდა ამისა, კომიტეტის გადაწყვეტილებით, პარლამენტი მუშაობას დაიწყებს კონტრაქციის საკითხის კანონით დარეგულირებაზე:
“რეკომენდაცია არის ასევე ის, რომ ჩვენ, პარლამენტმა კონტრშეკრების ცნება უნდა შემოვიტანოთ კანონმდებლობაში, რადგან ეს საერთაშორისო სამართალით დაშვებულია და უნდა ავსახოთ, უნდა გაიწეროს შესაბამისი პროცედურები.”
საპირისპირო მოსაზრება აქვს იდენტობის იურისტ ნინო ბოლქვაძეს, რომელიც დღევანდელ სხდომაში მონაწილეობდა. ბოლქვაძე მიიჩნევს, რომ დასკვნის საბოლოო ვარიანტი ძალადობის წამახალისებელია:
“ამ დასკვნით, მე ვფიქრობ, რომ ძალადობა არ იქნება აღკვეთილი, ძალადობა იქნება წახალისებული. ეს არის ყველაზე ცუდი შედეგი, რაც შეიძლებოდა მიგვეღო იმიტომ, რომ კომიტეტი არ აკეთებს სამართლებრივ შეფასებას, მაგრამ ფაქტობრივ გარემოებებს აფასებს და იმისთვის, რომ შეაფასო ფაქტობრივი გარემოებები იმაზე, რაც არ არის სადავო და რასაც გამოძიება არ ჭირდება, ის გარემოებები ამ დასკვნაში უნდა მოეყვანათ და ამაზე დაყრდნობით უნდა გაკეთებინათ შეფასება და ის, რომ საერთაშორისო სამართალი და შიდა კანონმდებლობა გმობს ძალადობას, ეს აქამდეც ყველამ კარგად იცოდა და ემიჯნებოდნენ ძალადობას,”- ამბობს “იდენტობის” იურისტი ნინო ბოლქვაძე.

