ე.წ. რეგისტრაციიდან მოხსნილ არმომრჩევლებში იგულისხმება ის კატეგორია, რომლებსაც სხვადასხვა მიზეზით გაუუქმდათ რეგისტრაცია გარკვეულ მისამართზე. 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო და 2013 წლის 27 აპრილის შუალედურ არჩევნებზე ამ ამომრჩევლებს საშუალება ჰქონდათ არჩევნებში მონაწილეობა მიეღოთ მათი ბოლო რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. მათი ეს უფლება 2012 წლის ივნისის თვეში საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულმა ერთჯერადმა საკანონმდებლო აქტმა, გარდამავალმა დებულებამ უზრუნველყო, ხოლო 2010 წლის თვითმმართველობის არჩევნებში მათ ხმა ცესკოს მიერ მიღებული დადგენილების საფუძველზე მისცეს, ასევე, ერთჯერადი წესით. ამ დრომდე უცნობია, თუ რა მოხდება 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე და როგორ შეძლებენ ისინი საკუთარი არჩევანის გაკეთებას. როგორც ირკვევა, ეს პრობლემა ძირითადად დიდ ქალაქებში დგას, რადგან, ცესკოს ცნობით, ზემოხსენებული 97 000 ამომრჩევლიდან 70 000 თბილისში ცხოვრობს.

“ვინ არის ეს კატოგორია? ალბათ, იფიქრებს ხომ მკითხველი, რა კატეგორიის ამომრჩევლებზეა საუბარი და კამათიო. ესენი არიან ის ადამიანები, რომლებიც საკუთარი რეგისტრაციის მისამართიდან მოხსნა სამოქალაქო რეესტრმა. მაგალითად, მოქალაქემ საკუთარი ბინა დატვირთა იპოთეკით, ბანკისგან კრედიტი აიღო, მერე ვერ გადაიხადა კრედიტი, ბანკმა გაუყიდა ეს ბინა და იყიდა ვიღაც სხვამ, რომელმაც შემდეგ თქვა, რომ ამ ჩემს მისამართზე ვიღაც უცხო ხალხია რეგისტრირებული, ანუ ის, ვისიც იყო ეს ბინა მანამდე. ეს ახალი მფლობელი ამბობს, ახლა ბინა ჩემია და ეს ხალხი მომაშორეთო. აი, ეს ხალხი მოაშორა სამოქალაქო რეესტრმა და სწორედ ისინი არიან რეგისტრაციის მისამართიდან მოხსნილები”, – ‘ნეტგაზეთთან” საუბარში ამბობს სიების დაზუსტების სახელმწიფო კომისიის ყოფილი უფროსი მამუკა კაციტაძე და დასძენს, რომ აღნიშნული კატეგორიის ამომრჩევლებს არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა აუცილებლად უნდა მიეცეთ.
“წარმოიდგინეთ მოქალაქე, რომელიც უაღრესად გაჭირვებულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, ბინა დაკარგა, დღესდღეობით ან ნათესავთან ცხოვრობს, ან ქირით, მოკლედ პრობლემებშია, აი, ამ კატეგორიის ადამიანს ჩვენ ახლა საარჩევნო ხმასაც ვართმევთ. წინა არჩევნებზე მინისტრ ადეიშვილს უნდოდა, რომ ეს კატეგორია ამოეღო სიიდან იმიტომ, რომ ეს კატეგორია, როგორც წესი, არის საპროტესტო… გაბრაზებულია ხელისუფლებაზე, დაკარგა ყველაფერი… მე როცა ვხელმძღვანელობდი სიების დაზუსტების კომისიას, ვთქვი პრინციპულად, ამ კატეგორიას ამოიღებთ და სერიოზული პრობლემები შეგექმნებათ–მეთქი და დავიყოლიე წინა ხელისუფლება. ახლა, როგორც ჩანს, იგივე ლოგიკიდან გამომდინარე ახლანდელი ხელისუფლებაც ცდილობს, რომ ისინი სიას ჩამოაშოროს, მაგრამ ხელისუფლების ნდომა–არნდომაზე არ არის ლაპარაკი, აქ ლაპარაკია სიმართლეზე. მიუღებელი და დაუშვებელია, რომ ამ ადამიანებმა ხმის უფლება დაკარგონ”, – აცხადებს “ახალი მემარჯვენე” მამუკა კაციტაძე.
“რა იცის მამუკა კაციტაძემ ან ვინმემ, რომ ის 90 000 კაცი, რომელიც არ არის რეგისტრირებული კონკრეტულ მისამართზე, ანუ რეგისტრირებული იყო აშკარად უკანონოდ, გახსოვთ ის ამბები, ერთ მისამართზე 30–40 კაცი რომ იყო რეგისტრირებული, იმათ რეგისტრაცია რომ გაუუქმეს, ახლა თურმე არიან ოპოზიციურად განწყობილები? ვინ იცის, როგორია მათი განწყობა? რამე კვლევა ჩაატარეს? ეს საერთოდ არ მესმის, რის საფუძველზე აკეთებს ამ განცხადებებს”, – ასე პასუხობს კაციტაძის ზემოხსენებულ განცხადებას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ვახტანგ ხმალაძე.
2013 წლის 8 ივლისს გაიმართა ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომა, სადაც სხვა საკითხებთან ერთად ე. წ. რეგისტრაციიდან მოხსნილი ამომრჩევლების საკითხი განიხილეს. კომისიის სხდომაზე ამ საკითხის დადებითად გადაწყვეტას მხარი ცენტრალური საარჩევნო კომისიის 7-მა წევრმა დაუჭირა, ხოლო გადაწყვეტილების მიღებისთვის საჭირო იყო ხმათა 2/3, ანუ 9 ხმა, რაც ნიშნავს, რომ დღევანდელი მდგომარეობით რეგისტრაციიდან მოხსნილი ამომრჩევლები 2013 წლის 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ. რაც შეეხება მეორე გზას, რომელიც პარლამენტზე გადის და საკანონმდებლო ორგანოს მიერ ერთჯერადი საკანონმდებლო აქტის მიღებას გულისხმობს, რომელიც რეგისტრაციიდან მოხსნილ ამომრჩევლებს ძველი მისამართებით არჩევნებში მონაწილეობის საშუალებას მისცემს, როგორც ირკვევა, ამ საკითხზე მსჯელობა პარლამენტის ინტერფრაქციულ ჯგუფში მიმდინარეობს, თუმცა უცნობია, მიიღებენ თუ არა მსგავსი ტიპის პოლიტიკურ გადაწყვეტილებას. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თემურ მახარაძე, რომელიც ინტერფრაქციული ჯგუფის წევრია კოალიცია “ქართული ცონების” კვოტით, “ნეტგაზეთთან” საუბარში აცხადებს, რომ ეს საკითხი ძალიან კარგად არის შესასწავლი.
“საუბარი რაზეა, იცით? წინა ხელისუფლების პერიოდში ხერხდებოდა ადამიანების არასწორად რეგისტრაცია. აი, მაგალითად, „ნაციონალური მოძრაობის“ რომელიმე წევრს შეეძლო თავისთან მიეწერა დაახლოებით 10-15 ადამიანი, მერე კონკრეტულ დროს, არჩევნების დროს ის ხსნიდა რეგისტრაციიდან. ამბობდა, იცით რა, ეს ხალხი ჩემთან არ ცხოვრობს რეალურად, მაგრამ მაშინდელი კანონით 6 თვე ისინი უნდა დარჩენილიყვნენ რეგისტრაციის ადგილის მიხედვით და ჰქონოდა უფლება, იმ საარჩევნო უბნებზე მიეცა ხმა, სადაც ისინი იყვნენ რეგისტრირებული.
სინამდვილეში ეს ადამიანები სხვაგანაც იყვნენ რეგისტრირებული, სადაც ნამდვილად ცხოვრობდნენ. აქედან გამომდინარე, შესაძლებელი იყო, რომ პირობითად ერთ ადგილზე თვითონ მიეღო მონაწილეობა, მეორე ადგილზე კი მისი სახელით და გვარით სხვა პიროვნებას, ყალბი მოწმობით მიეცა ხმა”, – ამბობს იგი და დასძენს, გასარკვევია მართლა, უსახლკაროები არიან თუ არა ეს ადამიანები.
“მოდით, ჯერ ჩავიხედოთ მაგ ამბავში, გავერკვეთ და მერე უკვე მივიღოთ როგორღაც გადაწყვეტილება. იმედი გვაქვს ჩვენ ჯერ კიდევ, ამაზე ვიმსჯელებთ და რაღაცა საბოლოო გადაწყვეტილება იქნება მიღებული. ანუ, ერთი მხრივ, მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა არ წავართვათ და, მეორე მხრივ, არ მოხვდნენ ადამიანები, რომლებიც ყალბი პასპორტებით დარბოდნენ წინა არჩევნებში. ე.ი. დავტოვოთ ის ვარიანტიც, რომ ადამიანმა სახლ-კარი დაკარგა, სხვა რეგისტრაციის ადგილი არ აქვს და რეალურად არსებობს პიროვნება და მოდი, მას მივცეთ თუ არა იმ საარჩევნო უბანზე, სადაც ადრე აძლევდა ხმას. აი, ეგ იქნება გადასაწყვეტი და ალბათ ისევ უმრავლესობით იქნება ეს გადასაწყვეტი იმიტომ, რომ რა დააშავა ადამიანმა, რომელიც სახლ-კარის გარეშეა და მართლა იქ ცხოვრობს.”
გარდა ცესკოს დადგენილებისა და პარლამენტის გარდამავალი დებულებისა, არსებობს მესამე გზაც, რომელიც რეგისტრაციიდან მოხსნილ ამომრჩევლებს არჩევნებში მონაწილეობის მიღების საშუალებას მისცემს. ამ გზაზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი ლელა ტალიური საუბრობს:
“რაც ახლა სამართლებრივად იქნება სწორი და კარგი, არის ის, რომ გაკეთდეს კამპანია ცნობიერების ამაღლებისთვის, როგორც ცესკოს, ასევე სხვა სტრუქტურების მხრიდან , რომ სანამ ჯერ კიდევ არის ვადები დარჩენილი არჩევნებამდე და შეიძლება რეგისტრაცია მოხერხდეს, ამ ადამიანებმა გაიარონ რეგისტრაცია ახალი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით”.
მისი თქმით, ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართის მიხედვით ხელახალი რეგისტრაციის გავლა გამარტივებულია, რადგან იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი ერთ თვეზე მეტი ვადით ცხოვრობს ამა თუ იმ მისამართზე, მას შეუძლია დაიმოწმოს ორი ადამიანი და რეგისტრაცია თავიდან გაიაროს.
“აქ მოქალაქეების აქტიურობის მომენტიც არის, რომ მოქალაქეებმა უნდა იზრუნონ საკუთარი უფლების რეალიზაციისთვის. არჩევნებში მონაწილეობა ცალსახად მიბმულია რეგისტრაციაზე და სავალდებულოა, რომ სადღაც იყვნენ რეგისტრირებული. ჩემი აზრით, ასე უფრო სწორი იქნება, რომ ადამიანები გავააქტიუროთ”.
მამუკა კაციტაძის განცხადებით კი, არჩევნების დღეს სერიოზული პრობლემების შექმნა შეუძლია ამ საკითხის მოუწესრიგებლობას. მისი თქმით, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, როდესაც ამომრჩეველთა 61–პროცენტიანი აქტივობა დაფიქსირდა, სიების დაზუსტების სახელმწიფო კომისიამ დაითვალა, თუ როგორი იყო იმ ადამიანების აქტივობა, რომლებმაც არჩევნებში მონაწილეობა პარლამენტის ერთჯერადი გარდამავალი დებულებით მიიღეს.
“აღმოჩნდა, რომ ამ კატეგორიის ამომრჩეველთა აქტივობამ 50 პროცენტი შეადგინა”, – ამბობს იგი და დასძენს, რომ თუ აქტივობა წელსაც ისეთივე იქნება, შეიძლება 27 ოქტომბერს საარჩევნო უბნებზე მისულ 40–45 ათასს ამომრჩეველს სახლში გაბრუნება მოუწიოს.
“ანუ ჩვენ 27 ოქტომბერს მათ უნდა ვუთხარათ, რომ შენ სიიდან ამოგიღეს, წადი სახლში, და ის იკითხავს: რატომ? ჯიბეში მიდევს პირადობა, ვარ საქართველოს მოქალაქე, რისთვის მიღებთ რეგისტრაციიდან? იმიტომ, რომ არ გაქვს გავლილი მოქალაქეობა კონკრეტულ მისამართზე. და დავკარგე ის ბინა და არავინ მიღებს რეგიტრაციაზე, არავის უნდა, რომ მის მისამართზე დავრეგისტრირდე იმიტომ, რომ ამას მოყვება წყლის გადასახადი, დასუფთავების გადასახადი და ასე შემდეგ, ამიტომ თქვენ მე, საქართველოს მოქალაქეს მართმევთ არჩევნებში მონაწიელობის უფლებას?!”
იურისტ ლელა ტალიურის თქმით კი, მოვლენების ისეთი სცენარით განვითარების შემთხვევაში, როდესაც პარლამენტი გარდამავალი დებულებით რეგისტრაციიდან მოხსნილი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობას არ უზრუნველყოფს და 27 ოქტომბერს ამ კატეგორიის ამომრჩევლები ხმის მიცემას ვერ შეძლებენ, ისინი ამის გამო სახელმწიფოსკენ თითს ვერ გაიშვერენ, რადგან თავის დროზე რეგისტრაციის გავლაზე არ იზრუნეს:
“მოქალაქე რომ ხარ, არ ნიშნავს იმავდროულად, რომ საარჩევნო ხმის უფლება გაქვს. ამისთვის პროცედურები უნდა გაიარო. ალბათ, თავიანთი ბრალიც იქნება, რომ მათ ეს უფლება წაერთვათ და ამაზე არ იზრუნეს. სახელმწიფოსკენ ხელს ვერ გაიშვერენ ამის გამო”, – აცხადებს ლელა ტალიური.

