“საქართველოს ჰყავს მთავრობა, რომელიც მთავრობის სხდომებზე განიხილავს ხოლმე ადამიანის უფლებების მდგომარეობას ციხეებში,”– განაცხადა თეა წულუკიანმა სასტუმროში “ჰოლიეი ინ” გამართული პროგრამის პრეზენტაციაზე, რომელიც სასჯელაღსრულების სისტემებში ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

 

მისი თქმით, საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულმა ამნისტიის შესახებ კანონმა პატიმრების რაოდენობა 25 ათასიდან 10 ათასამდე ჩამოიყვანა. ასევე, შინაგან საქმეთა და სასჯელაღსრულების სამინისტროების მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა ციხეებში მდგომარეობა გააუმჯობესა. შედეგად, მინისტრის თქმით, სტრასბურგის სასამართლოში პატიმრების მიერ გაგზავნილი საჩივრების რაოდენობა ციხეებში გაუსაძლისი მდგომარეობის გამო “თითზე ჩამოსათვლელი” გახდა.

 

თეა წულუკიანი მოელის, რომ ევროკავშირისა და ევროსაბჭოს დაფინანსებული პროექტით ციხეებში მდგომრეობა უკეთესი გახდება.

 

“ჩვენ გვჭირდება ციხე, სადაც პატიმარს არ ექნება შიში შიდსით, ჰეპატიტით დაავადებისა. ამაში დაგვეხმარება ევროკავშირი და ევროსაბჭო. იმედი მაქვს, რომ ამ ხელისუფლების პირობებში ჩამოვაყალიბებთ ისეთ სისტემას, სადაც პატიმარს აკმარებენ იმ სასჯელს, რომელიც მიუსაჯა მოსამართლემ,”– განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

ევროკავშირისა და ევროსაბჭოს მიერ დაფინანსებული პროგრამის მიხედვით, ციხეებსა და დახურული ტიპის დაწესებულებებში ადამიანის უფლებები უნდა გაუმჯობესდეს. პროგრამა სამედიცინო და სამართებრივი მდგომრეობის გაუმჯობესებას ითვალისწინებს. ეკა ბესელიას, საქართველოს პარლამენტის წევრის განცხადებით, პროგრამა 30 თვე გაგრძელდება.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *