19 აპრილი
19 აპრილი

“ნეტგაზეთი” იმ ოპოზიციურ პარტიებს დაუკავშირდა, რომლის წარმომადგენლებიც წინა მოწვევის პარლამენტში იკავებდნენ დეპუტატების სავარძლებს.


“ჩვენი პარტიის ლიდერი პაატა დავითაია ამჟამად სტრასბურგში იმყოფება, თუმცა შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ჩვენ ხვალინდელ აქციაში მონაწილეობას არ მივიღებთ. “ევროპელი დემოკრატები” არ მონაწილეობენ იმ აქციებში, რომლის ორგანიზებაშიც თვითონ არ არიან ჩართულები”, – უთხრა “ნეტგაზეთს’ პოლიტიკური გაერთიანება “ევროპელი დემოკრატების” ერთ–ერთმა ლიდერმა გიორგი ხოკერაშვილმა.


აქციაში მონაწილეობას არც ეროვნულ–დემოკრტიული პარტია აპირებს.


“დასავლური კურსი ეროვნულ–დემოკრატიული პარტიის პრიორიტეტია. აქციის იდეური ფონი გასაგებია და ვიზიარებთ მას, მაგრამ ნაციონალური მოძრაობის აქციაში ეროვნულ დემოკრატიული პარტია მონაწილეობას არ იღებს”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” ედპ–ს ლიდერმა, ყოფილმა დეპუტატმა ბაჩუკი ქარდავამ.


როგორც ირკვევა, 19 აპრილს რუსთაველის გამზირზე მისვლას არც ქრისტიან–დემოკრატები გეგმავენ.


“ქრისტიან–დემოკრატები რატომ უნდა მივიდნენ ამ აქციაზე?! აქციის მიზნებს არ ვიცნობ, მაგრამ ერთი ვიცი, რომ ქრისტიან–დემოკრატები მისვლას არ ვაპირებთ”, – “ნეტგაზეთთან” საუბარში აღნიშნა ქდმ–ს ერთ–ერთმა ლიდერმა, ექს–პარლამენტარმა ნიკა ლალიაშვილმა.


“ნეტგაზეთმა” ექსდეპუტატ გია თორთლაძესთან დაკავშირება ვერ მოახერხა, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, იგი ცოტა ხნის წინ ჰიმალაის ერთ–ერთი მწვერვალის დასაპყრობად გაემგზავრა და 19 აპრილს თბილისში ჩამოსვლასა და აქციაზე მისვლას ვერ შეძლებს.


ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ნაცმოძრაობას სხვადასხვა ოპოზიციურ ძალასთან 19 აპრილის აქციის ორგანიზების კუთხით კონსულტაციები არ უწარმოებია, “ნეტგაზეთს” უდასტურებს დეპუტატი გიორგი გაბაშვილი. თუმცა იგი არ გამორიცხავს, რომ ზოგიერთი პარტიის წარმომადგენელი 19 აპრილს რუსთაველის გამზირზე მივიდეს და საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს.


შეგახსენებთ, რომ აქცია თბილისში, რუსთაველის გამზირზე 19 აპრილს, 16:00 საათზე გაიმართება. მას რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია და საზოგადოებრივი მოძრაობა უერთდება.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *