
უმრავლესობის წევრი და გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ცაგარეიშვილი აცხადებს, რომ აგვისტოს ომის გამოსაძიებლად დროებითი საპარლამენტო კომისია არ შეიქმნება:
“კომისია არ შეიქმნება. უმრავლესობაში არც გვქონია ამაზე საუბარი, რადგან ისედაც იძიებს პროკურატურა ამ საქმეს. წინა ხელისუფლების დროს, ადეიშვილის პროკურორობის ჟამს, დაწყებული იყო ძიება. ძიება არ არის დასრულებული და არის ბევრი ადამიანი დასაკითხი. ეს არ არის არავისთვის სიახლე. როგორც იუსტიციის მინისტრმა მითხრა, არის უამრავი ტომი შექმნილი ამ საქმეზე. ახლა უკვე საქმე არის იქამდე მისული, რომ დაიკითხონ უშუალოდ ვინც მონაწილეობდა ომში, გეგმავდა ოპერაციებს, ახორციელებდა სამხედრო ოპერაციებს, აკეთებდა პოლიტიკურ განცხადებებს და პასუხისმეგებელია იმ შედეგზე, რაც დადგა.”
მისივე განმარტებით, თუ გამოძიება პრეზიდენტის ვადის ამოწურვის შემდეგ დაიწყება, პრეზიდენტს ისედაც მოუწევს პროკურატურაში მისვლა:
“მოქალაქე სააკაშვილს პრეზიდენტობის ვადის გავსლის შემდეგ მოუწევს გამოძიებისთვის პასუხების გაცემა მისთვის უხერხულ კითხვებზე, რომელსაც სავარაუდოდ დაუსვამენ. ეს მისი ვალდებულებაა ისევე, როგორც ყველა მოქალაქის. თუ გამოძიება მისი პრეზიდენტობის დროს დაიწყება, რა თქმა უნდა, ამას სპეციალური პროცედურები ახლავს თან, პრეზიდენტის დაკითხვა ასე არ შეიძლება, ის სარგებლობს განსაკუთრებული იმუნიტეტით, მაშინ მართლაც ერთადერთი დაწესებულება, სადაც ის ვალდებულია გამოცხადდეს, არის დროებითი საპარლამენტო კომისია, მაგრამ ჩვენ არ ვაპირებთ ამ კომისიის შექმნას.”
საპარლამენტო უმცირესობის წევრის გოკა გაბაშვილი თქმით, აგვისტოს ომის გამოძიების მიზნით საპარლამენტო კომისია წინა მოწვევის პარლამენტში მუშაობდა და მას არ ახსოვს თუნდაც ერთი მწვავე შეკითხვა, რომელიც არ დაისვა საზოგადოების მხრიდან:

„თუ ვინმე ფიქრობს, გამოძიება თავიდან უნდა შედგეს, კი, ბატონო, შედგეს. ამ საკითხის ყველანაირი კვლევა, გამოძიება უკვე ჩატარებულია და ვინც ამ გამოძიებით იხეირებს, ეს არ არის საქართველო. საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და მისი მიმბაძველობით მის პოლიტიკურ გუნდს თუ არ აკმაყოფილებთ ეს შედეგები და სხვა ტიპის შეკითხვები აქვთ, მოითათბირონ. ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი დისკუსიისთვის და ბრძოლისათვის, თუ ეს ბრძოლა იმ კონტექსტში იქნება, რომ ომი საქართველომ დაიწყო.“
შეგახსენებთ, რომ გუშინ “რუსთავი 2”-ის ეთერში მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ აგვისტოს ომის გამოძიების საქმეში მხოლოდ საპარლამენტო კომისიასთან ითანამშრომლებს.
