ადგილობრივ ტელეარხებზე გადის ვიდეორგოლი, რომელიც მოსახლეობას ბინის იპოთეკით დატვირთვის რისკების შესახებ აფრთხილებს.
ვიდეორგოლის სლოგანია “აწონ-დაწონე რისკები! დაფიქრდი, სანამ ბინას ჩადებდე!”

–http://www.youtube.com/watch?v=1kicHJH7k9k
აღსრულების ეროვნული ბიუროს პრესსამსახურის ხელმძღვანელის ბესიკ ლილუაშვილის განცხადებით, ვიდეორგოლის შექმნა განაპირობა იმან, რომ საზოგადოებაში არსებობს რისკები, როცა დაუფიქრებლად მოქმედების შემთხვევაში მოქალაქეები კარგავენ ბინას.
” ამ ვიდეორგოლში, გვსურდა გვეჩვენებინა ის მძიმე მდგომარეობა, რაც ბინიდან გამოსახლებებს ახლავს თან. საპრევენციო რგოლის მიზანია დააფიქროს საქართველოს მოსახლეობა და გააფრთხილოს, რომ ფულადი ვალდებულებების აღებისას დაფიქრდეს, რომ ბინის დაკარგვის საფრთხე არსებობს და ყველაფერი შეიძლება იმ მძიმე შედეგით დასრულდეს, რაც ვიდეორგოლშია ნაჩვენები” – აცხადებენ აღსრულების ეროვნული ბიუროს პრესსამსახურში.
იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ამ თემაზე საინფორმაციო პროპაგანდის დაწყების შესახებ 2013 წლის თებერვალში განაცხადა:
“ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი სახელმწიფოს მხრიდან იქნება მოსახლეობაში ცნობიერების ამაღლება იპოთეკური სესხის საფრთხეებთან და ქონების შესაძლო დაკარგვასთან დაკავშირებით. ამ საკითხზე მომზადებული სარეკლამო რგოლი ტელეეთერებში უახლოეს დღეებში დატრიალდება.”
იპოთეკური სესხით დაზარალებული მოსახლეობის პრობლემებზე იუსტიციის სამინიტროში სპეციალური “იპოთეკის ჯგუფი” მუშაობს.
