“ერთი წლის გოგიტა აბაშიძე ხელვაჩაურის რაიონის სოფელ მახოდან გუშინ, გვიან ღამით, დაახლოებით 2 საათზე ბათუმის ბავშვთა საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში შიმშილის გამო გარდაიცვალა. ერს, რომელსაც ერთმანეთის სიყვარული სადღეგრძელოებსა და სუფრებზე არ ეტევა, შიმშილისგან ბავშვი არ უნდა უკვდებოდეს! მომხდარი ტრაგედია თითოეული მოქალაქის დანაშაულია იმდენად, რამდენადაც დღესდღეობით არ არსებობს მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, სამოქალაქო სოლიდარობა და თვითშეგნება.  ვაპროტესტებთ საკუთარ უუნარობასა და უმოქმედობას! მსგავსი ფაქტები აღარ უნდა გამეორდეს!”– აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

 

“ფეისბუქში” აქციას ორგანიზება რამდენიმე ადამიანმა გაუკეთა. მსვლელობა ხვალ, დღის 2 საათზე, მეტრო რუსთაველთან დაიწყება და საპატრიარქოსთან დასრულდება. 

 

შეგახსენებთ, რომ დღეს, 23 მარტს ქუთაისში პარლამენტის შენობასთან მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა ერთი წლის ბავშვის გარდაცვალების გამო აქცია გამართეს. აქციაზე წარმოდგენილი იყო შემდეგ სლოგანები: “ჩვენს გვერდით ბავშვები შიმშილით კვდებიან”, “არ დამალო, თუ შენს გვერდით ვინმე შიმშილობს”. 

 

ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის რესპუბლიკურ ცენტრში 23 მარტს,  გვიან ღამით, 2 საათსა და 5 წუთზე ერთი წლის გოგიტა აბაშიძე გარდაიცვალა. 

 

“ბავშვს იმხელა დეფიციტი ჰქონდა მასის, რომ 45%-ზე მეტი მასის დეფიციტი სიცოცხლესთან შეუთავსებელია. 4 კილო და 200 გრამი დაიბადა ბავშვი და ერთი წლის შემდეგ იგივე წონა ჰქონდა, უნდა ყოფილიყო 12 კილო. მასის დეფიციტის ფონზე განვითარდა ფილტვების ანთება, სისხლნაკლულობა, მიკროელემენტების, ცილების უკმარისობა და ინფექციამ უკვე თავისი ცუდი საქმე გააკეთა”– განუცხადა  “ნეტგაზეთს” ექიმმა არჩილ შერვაშიძემ. 

 

ინფორმაცია ერთი წლის გოგიტა აბაშიძის მძიმე მდგომარეობის შესახებ  21 მარტს  გავრცელდა. ერთი წლის ბავშვის შოკური მდგომარეობა შიმშილმა გამოიწვია. აბაშიძეების ხუთსულიან ოჯახს მატერიალურად უჭირს, თუმცა სოციალურად დაუველთა კატეგორიაში ვერ მოხვდნენ. 

 

გოგიტა აბაშიძე ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის რესპუბლიკურ ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *