ზაქარეიშვილის თქმით, შეხვედრა უაღრესად კონსტრუქციული იყო:
“შეხვედრა იყო უაღრესად კონსტრუქციული, კმაყოფილი ვარ, ნამდვილად. მე დიდხანს ველოდი ამ შეხვედრას, მე თანახმა ვარ, გარდა ამისა, შევხვდე უმცირესობას, მაგრამ ჯობია ასეთი შეხვედრები იყოს დახურულ რეჟიმში იმიტომ, რომ მე მაქვს უკმარისობის გრძნობა, ყველაფრის თქმა არ შეიძლება. ნუ მიწყენთ ჟურნალისტები, თქვენ არ გეხებათ. ხმა მერე მიდის, ინფორმაცია როგორც აფხაზურ მხარეზე, ოსურ მხარეზე მოსკოვში და მათ შეუძლიათ პრევენციული რაღაც ღონისძიებები განახორციელონ. ამიტომ არის ხოლმე საკითხები, როცა ჯობია, რომ დახურულ რეჟიმში ვიყოთ. ეს არ ნიშნავს, რომ საიდუმლო არსებობს. ყველაფერს საჯაროდ ვერ ვიტყვით. იყო დაძაბული კითხვებიც, მაგრამ ზოგადად მიღებულ ფორმაში ჩატარდა და მე მიმაჩნია, უნდა გაგრძელდეს მომავალში ეს შეხვედრები და მზად ვარ უმცირესობას შევხვდე.”
“ზოგადად, კარგი არის, რომ ბატონი მინისტრი მობრძანდა, ჩვენი კომისიის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა. ჩვენ მივიღეთ კითხვებზე გარკვეული პასუხები, მივიღეთ სხვადასხვა ინფორმაცია. ზოგადად, ჩვენ ასეთ ფორმატს ცალსახად მივესალმებით, თუმცა არის საკითხები, რომლებშიც ჩვენი ხედვები აბსოლუტურად განსხვავდება ერთმანეთისგან. მაგალითად, აფხაზეთის და ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებების კონფლიქტის მხარეებად აღიარება, თუნდაც პოლიტიკური და არა სამართლებრივი თვალსაზრისით, აფხაზეთის რკინიგზა და ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონმდებლობის შეცვლა,” – აცხადებს საპარლამენტო უმცირესობის წევრი ზურაბ ჯაფარიძე.
საპარლამენტო უმცირესობის კიდევ ერთი წევრი შოთა მალაშხია მიიჩნევს, რომ ზაქარეიშვილის პასუხები “ენჯეოშნიკის” პასუხებს ჰგავდა:
“შეკითხვები, რომლებიც დაისვა, არც ერთზე პასუხები არ იყო. ეს უფრო ჰგავდა ენჯეოშნიკის პასუხებს, ვიდრე მინისტრის. აქ არც სტრატეგია ჩანდა და არც რეალური ქმედებები, რომლებიც უნდა განხორციელდეს. ამიტომ, ეს იყო საკმაოდ სუსტი მიდგომები ამ საკითხებისადმი და არაკომპეტენტური”.
