პროკურატურის ცნობით, საქმე ეხება 2006 წლის 26-27 მარტს მომხდარ ე.წ. ციხის ბუნტს, რომელიც შეეხო სასჯელაღსრულების #1, #5 და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებას.
პროკურატურის ინფორმაციით, 2006 წლის გაზაფხულზე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმისა თაობაზე, რომ ახალაიამ ნასვამ მდგომარეობაში სცემა პატიმრები. ამ ინფორმაციის გაქარწყლების მიზნით მან ე.წ. მასტერასთან ერთად შეიმუშავა გეგმა.
ამ გეგმის მიხედვით, როგორც პროკურატურაში აცხადებენ, ახალაია შეხვდა ე.წ. კანონიერ ქურდ პეტრე მამარდაშვილს, რომელიც იმყოფებოდა სამკურნალო დაწესებულებაში. ახალაიამ მამარდაშვილს დაავალა, რომ დაწესებულებაში ფარულად დაამონტაჟებდა ვიდეოკამერას და ამ კამერის წინ მას უნდა ესაუბრა ციხის ე.წ. მაყურებელთან ზურაბ ვიბლიანთან იმის თაობაზე, თუ რა გაუსაძლის პირობებში არიან დაწესებულებაში ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტები და ამაში დაედანაშაულებინა ახალაია.
ამას გარდა, მამარდაშვილს ვიბლიანისთვის უნდა დაევალებინა, შეერჩია ვინმე ცნობილი პატიმარი, რომელიც მიიყენებდა თვითდაზიანებას და ამის შესახებ აცნობებდა უფლედამცველ ნანა კაკაბაძეს, რომ თითქოს სცემა ბაჩო ახალაიამ, რის შემდეგაც კაკაბაძე ამას გაასაჯაროებდა მედიით, ხოლო ამის შემდეგ ახალაია გამოაქვეყნებდა ფარულად ჩაწერილ ვიდეომასალას კრიმინალურ ავტორიტეტებს შორის, რომელიც შემდგარიყო მამარდაშვილისა და ვიბლიანის ზემოთ აღნიშნული საუბრის შედეგად.
პროკურატურის ცნობით, ახალაია მამარდაშვილს სანაცვლოდ დაპირდა უზენაეს სასამართლოში დახმარებას, სადაც მას საქმე ჰქონდა გასაჩივრებული. შედეგად მამარდაშვილი დათანხმდა დავალების შესრულებას, თუმცა, როცა ის ვიბლიანთან მივიდა სასაუბროდ, ამ უკანასკნელმა არც კი მოუსმინა.
პროკურატურის ინფორმაციით, 2006 წლის 25 მარტს წერილი მიწერა ახალაიამ საქართველოს გენერალურ პროკურატურას, რომ იგეგემებოდა “კანონიერი ქურდების” მიერ არეულობა და ფარული ვიდეოჩაწერის ნებართვა მოითხოვა. გენერალურმა პროკურატურამ ეს მოთხოვნა დააკმაყოფილა. იმავე დღეს სამკურნალო დაწესებულებაში, ე.წ. ქურდების ფლიგელში დამონტაჟდა ფარული კამერა.
ამის შემდეგ, პროკურატურის ინფორმაციით, დაწესებულების დირექტორის სინაურიძის დავალებით, შეიყვანეს მამარდაშვილთან კამერაში ვიბლიანი, თუმცა საბოლოოდ მამარდაშვილმა არ შეასრულა დავალება და არ ესაუბრა ვიბლიანს ფარულად დამონტაჟებული ვიდეოკამერის წინ.
პროკურატურის ცნობით, ამის შემდეგ ახალაიამ განიზრახა მამარდაშვილის და ვიბლიანის დასჯა დავალების შეუსრულებლობისთვის და 27 მარტს მეგის ქარდავასთან, რევაზ ჭარბაძესთან, გიორგი ფოლადაშვილთან ერთად მივიდა დაწესებულებში და დირექტორის კაბინეტში მიაყვანინა მამარდაშვილი და ვიბლიანი, ასევე – პატიმრები გიორგი ავალიანი და ლევან ცინდელიანიც, რომლებიც ამ საქმესთან არანაირ კავშირში არ იყვნენ.
“თუმცა მათი გამოძახება ემსახურებოდა ახალიას განზრახვას, რომ შეენიღბა შეუსრულებელი დავალების გამო მამარდაშვილისა და ვიბლიანისათვის ანგარიშის გასწორების მიზანი”, – აცხადებენ პროკურატურაში.
გამოძიების მასალებით, მეგის ქარდავამ დაუწყო მამარდაშვილს თმების შეჭრა, ხოლო შეჭრილ თმებს ჯიბეში უწყობდა, ე.წ. კანონიერი ქურდის პატიმრების წინაშე დამცირების მიზნით. ასევე, ბაჩო ახალაიამ სახეში შეაფურთხა ავალიანს, ხოლო ამ უკანასკნელმა საპასუხოდ სახეში ხელი გაარტყა ახალაიას, რის შემდეგაც სასტიკად ცემეს აღნიშნული პატიმრები. დამატებით იქნა გამოძახებული სპეცრაზმი.
“ნაცემი პატიმრები გაათრიეს სამკურნალო დაწესებულების პირველი სართულის დერეფანში, სადაც ასევე მიიყვანეს პატიმარი ლევან ცინდელიანიც. ამის შემდეგ ისინი გაიყვანეს დაწესებულების ეზოში, სადაც სხვა პატიმრების დასანახად სასტიკად სცემეს. ბოლოს დაწესებულების საკონტროლო-გამშვები პუნქტის გავლით გაიყვანეს საბადრაგო ავტომანქანის სადგომზე. იქ პატიმარ ზ. ცინდელიანს დაეწყო ეპილეფსიის შეტევა. დაწესებულების მთავარი ექიმის მიერ პირველადი დახმარების გაწევის შემდეგ ისინი ჩასვეს საბადრაგო ავტომანქანაში და გადაიყვანეს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N7 დაწესებულებაში. რამდენიმე ხანში იქვე გადაიყვანეს სამკურნალო დაწესებულებაში მოთავსებული საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში მყოფი პატიმრები მ. ზედელაშვილი და ნ. მახარაძე,” – აცხადებენ პროკურატურაში.
პროკურატურის ცნობით, ამ ფაქტს მოჰყვა პატიმრების მხრიდან პროტესტი არა მხოლოდ ამ, არამედ სხვა დაწესებულებაში, რაც გადაიზარდა ე.წ. ციხის ბუნტში.
აღნიშნულ საქმეზე ბაჩო ახალაიას ბრალი წარედგინა სისიხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მესამე ნაწილის ბ და გ ქვეპუნქტებით, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას.
ამ დრომდე ახალაიას ბრალი სხვა მუხლებითაც ჰქონდა წაყენებული, ესენია: სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება(სსკ 333-ე მუხლის მესამე ნაწილი), თავისუფლების უკანონო აღკვეთა(სსკ 143-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილები), ასევე, წამება(114–ე პრიმა მუხლი).
აღნიშნულ ბრალდებებთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოში წინა სასამართლო სხდომა ამ წუთებში მიმდინარეობს.
