აუდიტორულმა კომპანიებმა პოლიტიკურად აქტიური პირები 2012 წლის 1 აპრილიდან უნდა გამოავლინონ. კანონი ძალაში 2012 წლის თებერვლიდან შევიდა, თუმცა აუდიტორული კომპანიებისათვის ეროვნული ბანკის ფინანსური მონიტორინგის სამსახურში რეგისტრაცია 2012 წლის 1 აპრილიდან არის სავალდებულო.
აუდიტორული კომპანია BDO-ს მმართველი პარტნიორი ზურაბ ლალაზაშვილი „ნეტგაზეთთან“ საუბარში ამბობს, რომ პროცედურის თანახმად, აუდიტორებმა, პირველ რიგში, უნდა გამოავლინონ, განახორციელა თუ არა კომპანიამ საეჭვო ფინანსური ოპერაცია, კონკრეტული გარიგებების ფარგლებში, ხოლო შემდგომ უნდა მოხდეს პოლიტიკურად აქტიური პირების გამოვლენა:
„ხომ არ მიეკუთვნება ჩვენი კლიენტი, ან კომპანიის დამფუძნებელი, საბოლოო ბენეფიციარი–მესაკუთრე პოლიტიკურად აქტიურ პირს. პოლიტიკურად აქტიური პირები არიან არარეზიდენტები, უცხო ქვეყნის მოქალაქეები, მაღალი რანგის თანამდებობის პირები. თუმცა ასევე მონიტორინგის ქვეშ ექცევიან მათი ოჯახის წევრები და მათთან საქმიან ურთიერთობაში მყოფი პირები“.
ზურაბ ლალაზაშვილის თქმით, როცა აუდიტორი პოლიტიკურად აქტიურ პირს გამოავლენს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ავტომატურად ვინმეს უნდა აცნობოს:
“ასეთ კომპანიებზე ვახორციელებთ გაძლიერებულ მონიტორინგს. ვაკვირდებით ფინანსურ გარიგებებს და ვასკვნით, აქვს თუ არა ამ კომპანიას საეჭვო ოპერაცია. თუ ასეთს გამოვავლენთ, ფინანსური მონიტორინგის სამსახურს ჯერ ამ ფაქტს ვაცნობებთ და ასევე გავაკეთებთ განაცხადს, რომ ამ კომპანიის დამფუძნებელი არის პოლიტიკურად აქტიური პირი.“
ლალაზაშვილის განმარტებით, აუდიტორები იმ ფინანსურ გარიგებებს შეისწავლიან, რომელშიც კლიენტი მათი კომპანიის გავლით მონაწილეობს:
„ძირითადი აქცენტი გაკეთდება ქონების ყიდვა–გაყიდვის ოპერაციაზე, კომპანიის კაპიტალის შევსების ორგანიზებაზე, წილის ყიდვა–გაყიდვასთან დაკავშირებული ფინანსური ოპერაციისა და ფირმის დაფუძნებასთან დაკავშირებულ პროცედურებზე“.
ბუღალტრებსა და აუდოტორებს მიმდინარე წლის თებერვლიდან, კომერციული ბანკების მსგავსად, დაეკისრათ ვალდებულება, გამოარკვიონ, მათი კლიენტი მიეკუთვნება თუ არა პოლიტიკურად აქტიური პირის კატეგორიას. დადებითი პასუხის შემთხვევაში კი, ისინი ვალდებულნი არიან, ინფორმაცია საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს მიაწოდონ.
აღნიშნული ვალდებულება აუდიტორებსა და ბუღალტრებს საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის №12 ბრძანების საფუძველზე დაეკისრათ, რომელიც მიხეილ როინიშვილმა 2012 წლის 31 იანავრს გამოსცა.
მიხეილ როინიშვილის მიერ გამოცემულ ბრძანებაში პოლიტიკურად აქტიურ პირებთან დაკავშირებით ცალკე არის გამოყოფილი მეექვსე მუხლი. ამ მუხლის შესაბამისად, ბუღალტერი ან/და აუდიტორი ვალდებულია გამოარკვიოს, მიეკუთვნება თუ არა კლიენტი ან მისი ბენეფიციარი მესაკუთრე პოლიტიკურად აქტიური პირის კატეგორიას.
