სამხრეთ კავკასიის ამბები

იუნუსების აზერბაიჯანის დატოვების საკითხზე სასამართლო იმსჯელებს

4 მარტი, 2016 • 1115
იუნუსების აზერბაიჯანის დატოვების საკითხზე სასამართლო იმსჯელებს

აზერბაიჯანის სააპელაციო სასამართლომ თანხმობა განაცხადა ლეილა და არიფ იუნუსების სარჩელის განხილვაზე აზერბაიჯანის საზღვრების დატოვების შესახებ. სასამართლო სარჩელს, როგორც კავკაზსკი უზელი წერს, 11 მარტს განიხილავს.

იასამალის სასამართლომ ცოლ-ქმარ ლეილა და არიფ იუნუსებს საზღვარგარეთ სამკურნალოდ გასვლაზე უარი უთხრა.

“საუბარი ეხება იუნუსების მიერ ქვეყნის დროებით დატოვებას. გამამტყუნებელი განაჩენის არსებობა მათ ქვეყნის დატოვების უფლებს არ აძლევთ. კანონი ასეთ პირებს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში ანიჭებს ამ უფლებას და, როგორც წესი, ეს ჯანმრთელობას უკავშირდება. შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილებით ისინი ქვეყნის დატოვებას შეძლებენ. სამწუხაროდ, იასამალის რაიონულმა სასამართლომ იუნუსების სასარჩელო განაცხადი არ დააკმაყოფილა. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ბაქოს სააპელაციო სასამართლო ამ გადაწყვეტილებას გააუქმებს და იუნუსებს სამკურნალოდ წასვლის უფლებას მისცემს”,- აცხადებს იუნუსების ადვოკატი ელჩინ სადიგოვი.

მისივე თქმით, ლეილა იუნუსს C ჰეპატიტი, არტერიული ჰიპერტენზია და შაქრიანი დიაბეტი აქვს. ამას გარდა, შინაგანი ორგანოების პრობლემები აწუხებს და მხედველობა მკვეთრად გაუუარესდა.

“მას აუცილებლად ესაჭიროება რამდენიმე რთული ოპერაცია. არიფ იუნუსი კი სიცოცხლისთვის საშიში, მესამე სტადიის არტერიული ჰიპერტენზიით იტანჯება, სისხლის წნევა რეგულარულად 240/120-ზეა”

იუნუსების მიმართვა ქვეყნიდან გასვლის ნებართვაზე 11 თებერვალს იასამალის რაიონულმა სასამართლომ განიხილა, თუმცა არ დააკმაყოფილა.

2015 წლის 13 აგვისტოს ბაქოს სასამართლომ უფლებადამცველ ლეილა იუნუსს 8,5 და მის ქმარს, არიფ იუნუსს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა და ქონების კონფისკაცია მიუსაჯა. სასამართლომ არიფ იუნუსი დამნაშავედ ცნო თაღლითობაში. იუნუსებისა და სხვა უფლებადამცველების დაკავების გამო აზერბაიჯანის ხელისუფლებას საერთაშორისო საზოგადოება აკრიტიკებდა და მათი დაუყოვნებლივი გათავისუფლების მოთხოვნით მიმართავდა.

9 დეკემბერს ბაქოს სააპელაციო სასამართლომ უფლებადამცველ ლეილა იუნუსს აღკვეთის ღონისძიება პირობითი სასჯელით შეუცვალა. შესაბამისად, ლეილა იუნუსი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. არიფ იუნუსს 12 ნოემბერს ბაქოს სასამართლომ თავისუფლების აღკვეთის ფორმა ასევე შიდა პატიმრობით შეუცვალა და დარბაზიდან გაათავისუფლა.

bioli

მასალების გადაბეჭდვის წესი