სამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზეთში სენაკში მცხოვრები პირი დააკავეს

10 თებერვალი, 2016 • 1420
აფხაზეთში სენაკში მცხოვრები პირი დააკავეს

აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, გაგრის პოლიციამ 1975 წელს ქალაქ სენაკში დაბადებული რევაზ უგრეხელიძე დააკავა. უწყების ცნობით, უგრეხელიძემ გაგრაში მცხოვრები პირი ცივი იარაღით დაჭრა.

აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ უგრეხელიძემ დანაშაული აღიარა. კერძოდ, 2 თებერვალს, დაახლოებით 20:00 საათზე, გაგრაში გულმკერდის არეში დაჭრა პირი და დანაშაულის ადგილიდან მიიმალა. უწყების ცნობითვე, უგრეხელიძე პოლიციის თანამშრომლებმა 6 თებერვალს დააკავეს. საქმეს გაგრის რაიონული პროკურატურა იძიებს.

“რევაზ უგრეხელიძე საქართველოს მოქალაქეა, რომელმაც უკანონოდ გადმოკვეთა აფხაზეთის სახელმწიფოს საზღვარი”,-აცხადებს აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრო.

მომხდარს აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი ფაზლიბეი ავიძბა გამოეხმაურა. მისი თქმით, საქართველოდან შემოსულმა დივერსანტმა გულის არეში ორჯერ დაჭრა აფხაზეთის ომის მონაწილე, რომელიც მძიმედ დაშავდა, თუმცა გადარჩა.

ავიძბას თქმით, პარლამენტი ხშირად ხვდება აფხაზეთის უშიშროების სამსახურის და სპეცსამსახურების სხვა წარმომადგენლებს, სადაც საქართვეელოსთან არსებული საზღვრის კონტროლის გაძლიერებაზე მსჯელობენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი