კომენტარი

„ინტერნეტი და ჟურნალისტიკა“ – გზამკვლევი სტუდენტებისა და დამწყები ჟურნალისტებისთვის

9 თებერვალი, 2016 • 4479
„ინტერნეტი და ჟურნალისტიკა“ – გზამკვლევი სტუდენტებისა და დამწყები ჟურნალისტებისთვის

„ყველაფერი, რასაც აქ წაიკითხავთ, შეიძლება მალე უსარგებლო გახდეს, თუმცა ამჟამად არსებული სერვისების ცოდნა, შეიძლება, ჯერ კიდევ არარსებული მომავალი პლატფორმების გამოყენებაში დაგვეხმაროს. ის, რაც შეიძლება არ შეიცვალოს, ჟურნალისტიკის იდეაა“, – ასე იწყება ელქტრონული გზამკვლევი „ინტერნეტი და ჟურნალისტიკა“, რომლის პრეზენტაციაც დღეს, 9 თებერვალს 19.00 საათზე გაიმართება კლუბ ფრონტლაინში.

ელექტრონული გზამკვლევი „ინტერნეტი და ჟურნალისტიკა“  განკუთვნილია სტუდენტების და დამწყები ჟურნალისტებისთვის.

ნეტგაზეთის რედაქტორის – ნესტან ცეცხალაძისა და ინტერნეტ-ტექნოლოგიების სპეციალისტის – კონსტანტინ სტალინსკის მიერ მომზადებული ელექტრონული საკითხავის ერთ-ერთი თავი ეძღვნება იმას, თუ როგორ უნდა მოვძებნოთ ინტერნეტში ინფორმაცია.

„დაგუგლვის“ თავის წაკითხვას როცა იწყებ, ფიქრობ, თუ რა შეიძლება იყოს მასში სიახლე, მაგრამ, როცა თავს ბოლომდე ჩაიკითხავ, აღმოაჩენ, რომ ამ თავში თავმოყრილი ინფორმაცია არათუ დამწყები ჟურნალისტებისთვის, არამედ გამოცდილი პროფესიონალებისთვისაც ძალიან სასარგებლო და ეფექტურია.

წიგნი 11 ასეთი ეფექტური თავისგან შედგება. უბრალოდ, როცა ამ სახელმძღვანელოს გაშლი საკუთარ კომპიუტერში წასაკითხად, აჩქარება აღარ გამოვა… ის აუცილებლად უნდა წაიკითხო სვენებ-სვენებით – ეს იმისთვის, რომ ყოველი თავის წაკითხვის შემდეგ თუ არა, ძალიან ხშირად მოგინდება ჩაატარო ექსპერიმენტი იმის მიხედვით, რაც უკვე წაიკითხე. ამას ვწერ, როგორც ადამიანი, რომელმაც უკვე ბოლომდე წაიკითხა ეს 300-ზე მეტგვერდიან გზამკვლევი.

ინტერნეტი და ჟურნალისტიკა

ინტერნეტი და ჟურნალისტიკა

“ინტერნეტი და ჟურნალისტიკა“ ნესტან ცეცხლაძემ და კოტე სტალინსკიმ მოამზადეს ფონდ “ღია საზოგადოება-საქართველოს” მხარდაჭერით. შესაბამისად, ის უფასოდ იქნება ხელმისაწვდომი სტუდენტებისთვის, მულტიმედია პლატფორმის მქონე მედიასაშუალებებში დამწყები ჟურნალისტებისთვის და ამ პროფესიის ნებისმიერი ადამიანისთვის, ვინც ცდილობს აიმაღლოს ცოდნა ინტერნეტტექნოლოგიების, ვებრეპორტინგისა და სასარგებლო ვებრესურსების შესახებ.

გზამკვლევი ელექტრონულია და მისი პოვნა უკვე შეიძლება ამ მისამართზე. ხვალიდან ის ასევე ხელმისაწვდომი იქნება ელექტრონული წიგნების სახლ „საბას” ვებგვერდზე და ხელმისაწვდომი იქნება მომხმარებლებისთვის სხვადასხვა ფორმატში. უახლოეს მომავალში გზამკვლევი განთავსდება ეროვნული ბიბლიოთეკის ციფრულ ბიბლიოთეკაში.

ნესტან ცეცხლაძემ და კოტე სტალინსკიმ უკვე შექმნეს სპეციალური ვებგვერდი, რომელზეც გზამკვლევი განთავსდება. სამომავლოდ პროექტის ავტორები გეგმავენ აქვე განათავსონ სტუდენტებისთვის საჭირო სხვადასხვა ლიტერატურაც… როგორც ნესტანმა მითხრა, „უამრავი მნიშვნელოვანი რამ დარჩათ გზამკვლევის მიღმა“. სწორედ ამიტომ ისინი ფიქრობენ, ახალ ვებგვერდზე თავი მოუყარონ სხვადასხვა პროფესიონალის სტატიებს, ტუტორიალებს, მოსაზრებებს. ვებ გვერდზე მასალების ატვირთვა ყველა ჩვენგანს შეეძლება. ცხადია, თუ მოვისურვებთ.

სამწუხაროდ, მე ვერ დავესწრები დღევანდელ პრეზენტაციას, რადგან არ ვიმყოფები თბილისში. იმედი მაქვს, ვინც ამას მოახერხებთ, ზუსტად ისეთივე სარგებელს მიიღებთ ამ გზამკვლევისგან, როგორც – მე.

მასალების გადაბეჭდვის წესი