კომენტარი

იცეკვე, ბიანკა!

5 თებერვალი, 2016 • 2706
იცეკვე, ბიანკა!

ტაქსიდან პირველად რომ დავინახე, მოკლე ვარდისფერი კაბა ეცვა და მაღალ ტალახში კიდევ უფრო მაღალი ქუსლებით მოაბიჯებდა. მაშინ “იდენტობაში” ვმუშაობდი. მე და ჩემი თანამშრომელი ნათია წავედით მასთან მაშინვე, როგორც კი მისი არსებობის შესახებ ტელეფონზე გვაცნობეს. წავიღე კამერა, მიკროფონი და ცარიელი ფურცელი, რომელზეც ვერც ერთი კითხვა წინასწარ ვერ ჩამოვწერე.

ხომ ხდება ხოლმე ასე, შეხვდები ადამიანს და მის იქით ხედავ, რამდენი დრო დაუთმია შენთან შესახვედრად მომზადებისთვის – საშინლად აჟიტირებული დაგვხვდა. ადრე ერთმა ჟურნალისტმა ინტერვიუ აიღო ჩემგან და მერე აღარ დაბეჭდაო, შენც ხომ არ მომატყუებო, ეშინოდა. სტუმართმოყვარე გურული ბებიის და მისი საგანგებოდ დამცხვარი ხაჭაპურების ტყვეობას რომ დავაღწიე თავი, ბიანკამ თავის ოთახში ამიყვანა, მირჩევნია, აქ გადამიღო, ესაა ჩემი სამყაროო. ტიპური გურული ხის სახლის მეორე სართულზე აღმოვჩნდით. აი, გურულები მარტო ქორწილში და გასვენებაში რომ იყენებენ, ისეთში. ხის კედლებზე ფერადი პლუშის სათამაშოები და ჟურნალებიდან ამოჭრილი სურათები ეკიდა. სარკის წინ მოკალათდა და კამერა რომ ჩავრთე, ალბათ, ათჯერ მაინც მკითხა, ხომ ნამდვილად კარგად გამოვიყურებიო.

დგახარ შუაგულ ლანჩხუთში, კედები ტალახში ამოგსვრია, ხაჭაპურით ეს-ესაა გაგიმასპინძლდნენ და საითკენაც არ უნდა წახვიდე, კრუხი და წიწილები მოგდევენ. და რა ჩაგესმის? კრიმანჭული? არა. რაღაც უფრო ჭრელი, რაღაც უფრო გამანადგურებელი. და რა კავშირშია ესპანური სიმღერა გარემოსთან, სადაც ახლა ხარ? სადაც ბაღნები დარბიან და ბებიები მსუბუქად იწყევლებიან? მერედა, ვინ თქვა, რომ კავშირშია? მერედა, ვინ თქვა, რომ იმ გოგოს ვარდისფერი კაბაა კავშირში იქაურობასთან? ვინ იცის იქ ამ გოგოს ამბები? ამ გოგოს ნამდვილი ამბები ვინ იცის?

…ჩავედი, რომ სიუჟეტი გამეკეთებინა. უკან წამოსული ვხვდებოდი, რომ ეს აღარ მყოფნიდა. დავჯექი და მონტაჟისას იმ მუსიკას მივენდე, რომელიც იქ, მისი ყურებისას ჩამესმა. მერე ბევრმა ნახა ეს მოკლემეტრაჟიანი ფილმი და ბევრმა გაიგო ამ ვარდისფერკაბიანი გოგოს ამბები.

მას მერე მხოლოდ ერთხელ შევხვდით. კიდევ უფრო მაღალ ქუსლებზე იდგა.

დღეს გავიგე ვერსია, რომ გაზით გაიგუდა. მე სახლში მოსულს კარში გაზის გადასახადის ქვითარი დამხვდა.

როგორც ადრე ერთმა ქალმა თქვა, “მე არ მინდა ისეთი რევოლუცია, სადაც ცეკვა არ შემეძლება”. ჩვენთან მოხდება ეს რევოლუცია და ვიცი, ამ რევოლუციას შენნაირი ძლიერი ქალები მოახდენენ და მას თავისზე უფრო სუსტებს მიუძღვნიან. იქამდე კი მე შენ ამ სიმღერას გიძღვნი. იცეკვე, ბიანკა!

ბიანკა, ფოტო: გურამ მაცხონაშვილი

ბიანკა, ფოტო: გურამ მაცხონაშვილი

ბიანკა შიგულოვა, 2013 წელი. ფოტო: გურამ მაცხონაშვილი

ბიანკა შიგულოვა, 2013 წელი. ფოტო: გურამ მაცხონაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი