კომენტარი

მოსკოვის შიში

14 დეკემბერი, 2010 • 1352
მოსკოვის შიში


რუსეთის, როგორც ოკუპანტის მიმართ საზოგადოების უმრავლესობის განწყობის მიუხედავად, მოსკოვში, საერთაშორისო კონფერენციაზე მიწვევას სიხარულით დავთანხმდი. შეხვედრა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ჟურნალისტების გამოწვევებსა და უფლებებს ეხებოდა. არაერთი რუსი ჟურნალისტის დაღუპვის შემდეგ, რუს დისიდენტებთან შეხვედრის მოლოდინში ვიყავი და გამგზავრების წინ ვამბობდი კიდეც, მოსკოვში გმირებთან შესახვედრად მივდივარ-მეთქი.

ერთი ჩემი ახლობელი მედავებოდა, მოსკოვი, მიუხედავად იმისა, რომ აქ სხვადასხვა ეროვნების ადამიანები ცხოვრობენ, ინტერნაციონალური ქვეყანა არ არისო. იქ “ამოვარდნას” არავინ გაპატიებს _ ასე მიხსნიდა რუსულ “ტოლერანტობას” ჩემი მეგობარი. მართლაც, გარეგნულად აქ ვიღაც უფრო მეტად, ან ნაკლებად ჰგავს “მოსკოველს”. ამ განსხვავების შემდეგ იწყება რაც იწყება. ადამიანებს, რომლებსაც სლავური გარეგნობა არ აქვთ და არც დედაქალაქური იერი დაჰკრავთ, უნდა ეშინოდეთ. რატომ ვამბობ ამას? იმიტომ, რომ მე მეშინოდა. არის თუ არა შიშის საფუძველი? ვფიქრობ, რომ კი.

“სკინჰედების” გავლენების შესახებ ინფორმაცია ყოველთვის გადაჭარბებული მეგონა. ამიტომაც მე და ჩემი ქართველი კოლეგები პირველ ორ დღეს საკმაოდ თამამად დავდიოდით ქუჩებში ღამის პირველ საათამდე. კონფერენციაზე გამომსვლელთაგან მესმოდა საუბარი მედიის დაუცველობაზე, მაგრამ არ მეგონა, თუ ეს ყველაფერი ნაციონალურ ჭრილშიც უნდა განმეხილა.

“ჟურნალისტთა სახლის” დარბაზში კედლიდან მომზირალი 330-მდე მოკლული რუსი ჟურნალისტის ფოტოები უხერხულობის შეგრძნებას ქმნის. სიტყვის თავისუფლების სამსახური აქ საშიში საქმეა. პარალელურად საუბრობენ კორუმპირებულ ჟურნალისტებზე. მოსკოვის მერის მოადგილე მედიის საკითხებში, ალექსანდრ გორბენკო ჟურნალისტიკიდან მერიაში ახალი ადმინისტრაციის მოსვლის შემდეგ გადაბარგდა. ამბობს, რომ დღეს უჭირს რუსულ ჟურნალისტიკას. ის იხსენებს რიგებს პრესის ჯიხურებთან 90-იან წლებში: “20 წლის წინ გაცილებით მეტი ადამიანი იდგა რიგში გაზეთის საყიდლად, ვიდრე პროდუქტისთვის. დღეს რა ხდება? ჟურნალისტიკიდან მოვდივარ და ვიცი, რა სიტუაციაცაა. არ გამოვა, დღისით ჩინოვნიკის კაბინეტთან ხელგამოწვდილი დგომა და დღის მეორე ნახევარში მისი ლანძღვა. ან შავი პური და წყალი და სიმართლის სამსახური, ან კეთილდღეობა სიტყვის თავისუფლების ხარჯზე. ორივე ერთად არ არსებობს”.

იმის მომიზეზებით, რომ პირველად ისტორიაში მოსკოვის დუმაში ქალაქის ბიუჯეტს ღიად განიხილავდნენ, გორბენკომ მალევე დაგვტოვა.

კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა ჰელსინკის კავშირის ხელმძღვანელმა, ლუდმილა ალეკსეევამ. მას ჟურნალისტებზე მეტად სახალხო მოძრაობის იმედი აქვს. მოქალაქეებს მოუწოდებს, ნებისმიერი დარღვევა, რომელსაც ქუჩაში გადააწყდებიან, გადაიღონ მობილური ტელეფონების ან სხვა საშუალებით და განათავსონ ინტერნეტში. ის მზადაა, დაინტერესებულ პირებს თავადაც მიაწოდოს შესაბამისი აპარატურა.

ლუდმილა ალეკსეევა დარწმუნებულია, რომ მხოლოდ ასე შეიძლება შეიქმნას საზოგადოებრივი აზრი და შემდეგ უკვე საზოგადოებრივი მოძრაობა.

ალექსეი სიმონოვი “ზაშიტა გლასნასტის” ხელმძღვანელი ამბობს კიდეც, რომ რუსეთში ორი სამყაროა. ერთი ტელევიზიიდან გადმოცემული, სადაც ყველაფერი კარგად არის და მეორე, რომელშიც ის და მისი თანამოაზრეები ცხოვრობენ. ამ სინამდვილეში ადამიანებს სასტიკად უსწორდებიან, ემუქრებიან და კლავენ. ის მოუწოდებს თავის ევროპელ კოლეგებს, მოიხედონ რუსეთისკენ და ჰქონდეთ რეაქცია ყველა იმ დარღვევაზე, რომელიც ქვეყანაშია: “უკვე არსებობს დაზარალებულებისა და მოკლულების ბაზა. ეს დიდი საქმეა, მაგრამ ამ მონაცემებით არავინ ინტერესდება. ბედნიერები ვართ, რომ ევროკავშირში ეს უკვე აღელვებთ. მოხარული ვარ, რადგან ვხედავ, გაიგეს _ უმცირესობაში ვართ და  ჩვენი რესურსები დაუსჯელობის პრობლემას ვერ გასწვდება”.

ლუდმილა ალეკსეევა და ალექსეი სიმონოვი ამ კონფერენციაზეც კი უმცირესობაში არიან. გამომსვლელებს ხელისუფლების მმართველობა მოსწონთ. ძნელი სათქმელია, ეს ერთგვარი “ხარკია” მთავრობის მიმართ გაღებული, თუ ეს ადამიანები მართლა კმაყოფილნი არიან.

ამავე კონფერენციაზე ოლივერ მონეი-კირლეს გამოსვლაც იყო დაგეგმილი. იგი რამდენიმე წლის წინათ მოსკოვში “როიტერისთვის” მუშაობდა. დროის სიმცირის გამო, მას ბევრი არ ულაპარაკია. თქვა, რომ წუხს, “ჟურნალისტთა სახლში” ჯერ კიდევ საპატიო ადგილზეა ლენინის ბიუსტი რომ დგას.

კონფერენციის ბოლოს დოკუმენტური ფილმის ჩვენება იყო დაგეგმილი. “გიყვარდეთ თუ შეიძლება” ჟურნალისტ ანასტასია ბაბურიოვზეა, რომელიც იურისტ სტანისლავ მარკელოვთან ერთად მოკლეს. ისინი დღისით-მზისით ქუჩაში მხოლოდ იმიტომ ჩაცხრილეს, რომ განსხვავებულად ფიქრობდნენ. ამ ფილმის ჩვენების წინ ჟურნალისტთა სახლის ერთ-ერთი წევრი შესავალს აკეთებს. ყვება, როგორ დაუშინეს ტყვიები ამ ფილმის ჩვენების შემდეგ ერთ-ერთ პროვინციაში კინოდარბაზიდან გამოსულებს. იმასაც ამატებს, რომ მოკლული ჟურნალისტი პატრიოტი და ქვეყნის მოყვარული ახალგაზრდა იყო…

მას პროლოგს აწყვეტინებენ და ფილმის ჩვენებას სთხოვენ. ფილმში მოჭარბებულადაა “სკინჰედების” პათოსი და აგრესია განსაკუთრებით კავკასიელების წინააღმდეგ. ამ მოძრაობის საწინააღმდეგო პოზიციისთვის მოკლეს “ნოვაია გაზეტას” 25 წლის ჟურნალისტი. ფილმის ერთ-ერთი გმირის მოსაზრება, რომ “სკინჰედობა” ერთგვარ მოდად იქცა და რომ ახალგაზრდები მას ძალასთან და პატრიოტიზმთან აიგივებენ, ოთხი დღის განმავლობაში ნელ-ნელა გავაცნობიერე. მივხვდი, ქუჩაში თავისუფლად სიარული არ უნდა ყოფილიყო უსაფრთხო.

ქალაქში მათი გამორჩევა საკმაოდ ადვილია. ვცდილობ, როგორმე თვალში არ მოხვდე შავ ფერებში, განსაკუთრებით ტყავის ტანსაცმელში გამოწყობილ ახალგაზრდებს. 11 დეკემბერს კრემლის მიმდებარე ტერიტორიას და მეტროს პოლიციელები განსაკუთრებულად იცავენ. ჩემ თვალწინ სასწრაფო წესით იკეტება წითელ მოედანზე გასასვლელი. კითხვაზე, რატომ არ შეიძლება იქ გასვლა, პოლიციელი მპასუხობს _ ტექნიკური პრობლემების გამო. მეორე დღეს ვიგებ, რომ იმ დღეს 60-ზე მეტი ადამიანი ფიზიკურად დაშავდა და 30-მდე დააპატიმრეს: “მანეჟნი პლოშადზე” მოწყობილ მიტინგზე 8 ათასამდე ადამიანი, თანამემამულის მკვლელობის გამო, კავკასიური გარეგნობის ადამიანის დასჯას ითხოვდა ლოზუნგით _ “რუსეთი რუსებისთვის”. 

პ.ს იქნებ მომეცადა და შემდეგ, უკვე ცივი გონებით, დამეწერა, რომ ულტრანაციონალებს პოლიცია დევნის და ისინი უმცირესობაში არიან?!.. არ მინდა, რუსოფობიაში დამდონ ბრალი.

.

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი