კომენტარი

24 საათი ლონდონში

7 ნოემბერი, 2010 • 1627
24 საათი ლონდონში

როცა ლონდონის ქუჩებში ვსეირნობ, ხშირად ტენესი უილიამსის პიესა “შუშის სამხეცე” და მისი მთავარი გმირი ლორა მახსენდება. ლორა, რომელიც იმდენად მორცხვია, რომ კოლეჯში სიარულს ვერ ახერხებს, დროის დიდ ნაწილს ქუჩა-ქუჩა ხეტიალში ატარებს. ხან კინოში შეივლის, ხან გამოფენაზე, ხან კი უბრალოდ პარკში ზის და  მოთამაშე ბავშვებს ათვალიერებს. ეშინია, რომ თუ სახლში დარჩება, “მზრუნველი” დედა მიხვდება, რომ ის დიდი ხანია კოლეჯში აღარ დადის.

წვიმიანი ლონდონის ქუჩებში იმდენი რამ ხდება, რომ არა მარტო ლორა, არამედ ნებისმიერი თქვენგანი სიამოვნებით გაატარებდა მთელ დღეს სეირნობაში. რამდენიმე დღის წინ, როცა კოკისპირულ წვიმას თავი “თეთრ კუბში” შევაფარე, მიხვდი, რომ აქ შემეძლო კომფორტულ სავარძელში მთელი დღე და ღამე გამეტარებინა, და თან ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით.

უკვე რამდენიმე კვირაა, ლონდონის ამ ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ გალერეაში ამერიკელი ხელოვანის კრისტიან მარკლის ვიდეო ინსტალაციას “საათსუჩვენებენ. დარბაზში, სადაც ეკრანის წინ უამრავი სავარძელი კინოს ეფექტს ქმნის, შეგიძლიათ, 24 საათი უყუროთ ათასამდე ფილმის კოლაჟს. ქრონოლოგიური კოლაჟი იმ კადრებით არის აწყობილი, რომლებშიც საათი ფიგურირებს, საათის ისრები კი ცოცხალ დროს მიყვება. ანუ, კადრში იმ საათის იმ წუთს ხედავთ, რომელსაც თქვენი მაჯის საათიც უჩვენებს. მარკლიმ ყოველი წუთის შესატყვისი კადრის მოძიება შეძლო და ამ კადრებით 24– საათიანი ფილმი-კოლაჟი შექმნა.

კადრებში ნაჩვენებია სხვადასხვა ზომის, წონის, ფერის, ყალიბის საათები, რომლებსაც სხვადასხვა კადრში სხვადასხვა მნიშვნელობით იყენებენ.

შეუძლებელია, არ შეგექმნათ დრამატულობის შეგრძნება, როცა ტყვეობაში მყოფი კაცის წინ მოთავსებულ ხელნაკეთ ბომბზე მიმაგრებულ მოწიკწიკე საათს ხედავთ, შემდეგი კადრი კი უკვე მიმავალ მატარებელს გიჩვენებთ. ყოველი ფილმის ნაწყვეტი უკმარისობის შეგრძნებას გიტოვებთ და მოუთმენლად ელით შემდეგ კადრს, რომელიც ასევე ყველანაირ იმედს გართმევთ ( – მაგ. გაიოგოთ, რა მოუვიდა ტყვეობაში მყოფ კაცს). ეს უკმარისობა უსასრულობის იმიტაციას ახდენს, დრამატულობა კი დროის შეგრძნებას გიკარგავთ. თუმცა, ამის საშუალებას საათი არ გაძლევთ, ის თავს ყოველ წუთს გახსენებთ. ეს “ერთი დიდი მემენტო მორია”, ამბობს ფილმის ავტორი კრისტიან მარკლი “ეკონომისტი”-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

კრისტიან მარკლი 1955 წელს დაიბადა კალიფორნიაში, ამჟამად კი ცხოვრობს და მოღვაწეობს ნიუ-იორკსა და ლონდონში. მისი “საათი” წელს ბრიტანეთის ყველაზე პრესტიჟული თანამედროვე ხელოვნების “ბრიტანული არტ-შოუ”-ს გამოფენის მონაწილეა.

ამ ვიდეო ინსტალაციას ის, ექვს თანაშემწესთან ერთად, ორი წლის განმავლობაში ამზადებდა. ყველაზე რთული დილის ხუთი საათის გაკეთება გამოდგა, ფილმებში დილის ხუთ საათზე თითქმის არაფერი ხდება. თუმცა, ამას ავტორი არ შეუშინებია, მითუმეტეს, რომ ვიდეოს კონცეფცია 24 –საათიან რეჟიმს აუცილებლად ითხოვდა. “და ისედაც, ხალხს ხომ ფილმებში იშვიათად სძინავს”.

მათ კი, ვისაც სინამდვილეშიც არ ეძინება, შეუძლია გალერეა “თეთრ კუბს” ესტუმროს და მთელი ღამე გაატაროს სხვადასხვა ფილმის ამონარიდების ყურებაში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი