კომენტარი

როგორ მოწესრიგდება მარიხუანის მოხმარება სამართლებრივად – გურო იმნაძე

31 ივლისი, 2018 • 4508
როგორ მოწესრიგდება მარიხუანის მოხმარება სამართლებრივად – გურო იმნაძე

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ გამოხატავდეს ნეტგაზეთის პოზიციას

საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილებამ (რომლითაც სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო “მარიხუანის” მოხმარებისთვის არსებული ადმინისტრაციული სანქცია), საზოგადოებაში გააჩინა ლეგიტიმური კითხვები იმასთან დაკავშირებით, როგორ მოწესრიგდება სამართლებრივად მარიხუანის მოხმარება და მასთან დაკავშირებული სხვა ქმედებები, მაშინ როდესაც ამ ნივთიერების მოხმარებაზე აღარ არსებობს არც ადმინისტრაციული და არც სისხლისსამართლებრივი სანქციები.

მართალია, საკონსტიტუციო სასამართლომ თავისი გადაწყვეტილებებით მარიხუანის მოხმარებაზე არსებული ყველა არსებული სანქცია გააუქმა (იგულისხმება როგორც გუშინდელი, ისე 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც სასამართლომ გააუქმა მარიხუანის მოხმარებისთვის არსებული სისხლისსამართლებრივი სასჯელები) მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ ამ ნივთიერების მოხმარება დასაშვებია ყველგან, ნებისმიერ ვითარებაში, ყველას მიერ.

იმისთვის, რომ საზოგადოების მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას არასწორი ინტერპრეტაციები არ მოჰყვეს, პირველ რიგში, საჭიროა სწორი ინფორმაციის მიტანა მოქალაქეებამდე იმასთან დაკავშირებით, თუ რეალურად რას გულისხმობს სასამართლოს გადაწყვეტილების შემდგომ შექმნილი საკანონმდებლო რეალობა და სამართლებრივად რა იცვლება მისი გამოცხადების შემდეგ. იმავდროულად, გადაწყვეტილებამ ობიექტურად შექმნა მოუწესრიგებელი/ბუნდოვანი სივრცე კანონმდებლობაში. შესაბამისად, პარლამენტმა დროულად უნდა მიიღოს ახალი ნორმატიული ბაზა, რათა ახლებურად მოაწესრიგოს შემდეგი საკითხები:

ვის, სად და როდის შეუძლია მარიხუანის მოხმარება/თრობის ქვეშ ყოფნა – საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაშივე აქვს აღნიშნული, რომ გამართლებულია მარიხუანის მოხმარების შეზღუდვა  მისი მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დასაცავად, მათი ჯანსაღი განვითარების ინტერესების უზრუნველსაყოფად. შესაბამისად, განსასაზღვრი იქნება ასაკობრივი ზღვარი, როდესაც შესაძლებელი იქნება მარიხუანას მოხმარება; გადაწყვეტილებაში აგრეთვე ხაზგასმულია, რომ მარიხუანის მოხმარების შეზღუდვა, შესაძლოა, გამართლებული იყოს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, სააღმზრდელო/საგანმანათლებლო დაწესებულებებშიდა ა.შ. აქედან გამომდინარე, პარლამენტმა უნდა განსაზღვროს, რა სივრცეებში იქნება დასაშვები მარიხუანას მოხმარება და პირიქით, სად იქნება ეს ქმედება აკრძალული. გადაწყვეტილებაში ასევე მაგალითების სახით არის მოყვანილი პროფესიები/საქმიანობები, რომელთა განხორციელების დროსაც ასევე შესაძლებელია, შეიზღუდოს ამ ნივთიერებების მოხმარება. შესაბამისად, პარლამენტმა აგრეთვე უნდა გაწეროს იმ პროფესიების/საქმიანობების დეტალური ჩამონათვალი, რომელთა განხორციელების დროსაც დაუშვებელია მარიხუანის მოხმარება, ან მისი ზემოქმედების ქვეშ ყოფნა.

მარიხუანის შეძენა/შენახვა და ზოგადი საკანონმდებლო ჩარჩო – მარიხუანის მოხმარებაზე არსებული ყველა სანქციის გაუქმება აჩენს ლოგიკურ კითხვას, როგორი მიდგომა უნდა ჰქონდეს სახელმწიფოს ამ ნივთიერების შეძენა/შენახვის მიმართ. თუკი სახელმწიფო კონკრეტული ნივთიერების მოხმარებისთვის არ  სჯის ადამიანს, პარლამენტმა უნდა გასცეს კითხვას პასუხი – რა გზით უნდა მოიპოვოს პირმა ეს ნივთიერება. ამ შემთხვევაში საჭიროა, რომ პარლამენტი დროულად შეჯერდეს ზოგად ჩარჩოზე, რომლითაც მოაწესრიგებს მარიხუანას ბრუნვის საკითხს. ეს შეიძლება იყოს ე.წ. სამედიცინო მიზნებით მარიხუანას მოხმარება, რა დროსაც კონკრეტული ფარმაცევტული/სააფთიაქო სუბიექტები იქნებიან უფლებამოსილი, ეს ნივთიერება მედიკოსის მიერ გაცემული რეცეპტის საფუძველზე გაყიდონ. ერთ-ერთი გზა ასევე შეიძლება იყოს კონკრეტულ სამართალსუბიექტებისთვის ლიცენზიების მინიჭება, რომლის ტერიტორიაზეც შესაძლებელი იქნება მარიხუანას შეძენა/მოხმარება. შესაძლოა, პარლამენტმა საბოლოოდ მაინც შეინარჩუნოს ადმინისტრაციული ან/და სისხლისსამართლებრივი დასჯადობა მარიხუანის შეძენა/შენახვაზე, თუმცა ასეთ შემთხვევაში მივიღებთ სიტუაციას, როდესაც პირს უწევს კანონსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა (მარიხუანის შეძენა/შენახვა), რათა შემდგომ კანონიერად მოიხმაროს იგი. ამ სიტუაციაში საკანონმდებლო ორგანომ შესაძლოა ასევე დაუშვას კონკრეტული რაოდენობით მცენარე კანაფის კულტივაცია, რათა პირებმა უკანონო ბრუნვაში მონაწილეობის გარეშე შეძლონ ამ ნივთიერების მოხმარება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი