“ოცნების” ცუდმა ქცევამ გაამართლა ელექტორალური თვალსაზრისით – ინტერვიუ გიორგი ცხადაიასთან

2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებით, მმართველმა პარტიამ უფრო მეტი ხმა მიიღო, ვიდრე 2016 წლის საპარლამენტო და 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე. გაზრდილია “პატრიოტთა ალიანსის” ამომრჩეველთა რაოდენობა, რომელიც შარშან ბარიერის ზღვარზე იყო, ხოლო ლიბერალური პარტიების მხარდამჭერთა რაოდენობამ იკლო. დედაქალაქშიც და პრაქტიკულად ყველგან სახელისუფლებო კანდიდატებმა პირველივე ტურში გაიმარჯვეს. რა დასკვნები შეიძლება გამოვიტანოთ 2017 წლის არჩევნებიდან? – ამის შესახებ ნეტგაზეთი პოლიტოლოგ გიორგი ცხადაიას ესაუბრა.

როგორ შეაფასებთ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს და იმ შედეგებს, რომელიც დაიდო?

ეს თვითმმართველობის არჩევნები იმით იყო გამორჩეული, რომ შედარებით ნაკლები როლი ეკავა წინასაარჩევნო კამპანიის დროს “ნაციონალური მოძრაობის” კრიტიკას მმართველი გუნდის მხრიდან, იმ ბუნებრივი მიზეზის გამო, რომ “ქართული ოცნების” კანდიდატები მართავდნენ აქამდე ყველა თვითმმართველ ერთეულს, თბილისის ჩათვლით. ამის გამო მმართველი გუნდი შეეცადა უფრო მეტი პოზიტიური და შედარებით ნაკლებად ნეგატიური მესიჯი გაეშვა ამომრჩევლებში. თბილისის მერობის არჩევნებში მათი მთავარი ოპონენტი დამოუკიდებელი კანდიდატი – ალექსანდრე ელისაშვილი იყო და ამის გამოც, მათ მოუწიათ უფრო უკეთ წარმოეჩინათ თავიანთი პოლიტიკური პოზიციები (რომელიც ადრე ძირითიდად იმაზე დაიყვანებოდა, თუ რამდენად ეწინააღმდეგებოდნენ “ნაციონალურ მოძრაობას”). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, “ქართულმა ოცნებამ” ამ არჩევნებზე დაიწყო თავისი ნამდვილი სახის წარმოჩენა.

მოკლედ შევაფასებ, თუ როგორია ეს სახე (ის, რაც ჯერჯერობით გამოჩნდა). პირველ რიგში, დადებითით დავიწყებ. ერთმნიშვნელოვნად დადებითი არის ის, რომ “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ მიიღო ტელედებატებში მონაწილეობა სხვა კანდიდატებთან. ეს აუცილებლად უნდა დავაფასოთ, რადგან წინა ხელისუფლების დროს, როგორც წესი, მმართველი გუნდის წამყვანი კანდიდატები თაკილობდნენ ოპონენტებთან თანაბარ პირობებში ტელედებატებში შესვლას. ასევე, დადებითი იყო ისიც, რომ კალაძე ცდილობდა პოზიტიურ მესიჯებზე გაეკეთებინა აქცენტი.

ამის მიუხედავად, საბოლოო ჯამში, ამ არჩევნებში “ქართულმა ოცნებამ” ვერ დატოვა დემოკრატიული და პროგრესული პოლიტიკური ძალის შთაბეჭდილება. მთავარი მიზეზი ის არის, რომ “ქართული ოცნების” წარმატება მთლიანად იყო დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად მოხერხებულად შეძლებდნენ სამთავრობო ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებას. საჯარო სექტორში დასაქმებული მოქალაქეების დიდ ნაწილს, ისტორიული და გასაგები მიზეზებიდან გამომდინარე, გააჩნია შიში, რომ სამსახურს დაკარგავს, თუ არ დაუჭერს მხარს მმართველ ძალას. იმის გათვალისწინებით, რომ 2012 წლის  საპარლამენტო არჩევნების შემდეგ “ქართული ოცნების” ბევრი აქტივისტი და მხარდამჭერი დასაქმდა საჯარო სექტორში და ნეპოტიზმიც საკმაოდ მყარად არის ფესვგადგმული ცენტრალურ და ადგილობრივ მთავრობებში, ამ სტრატეგიამ საკმაოდ წარმატებით იმუშავა. ამ არჩევნებზე არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც ძირითადად, ფარული დაშინებით, “ქართული ოცნების” კოორდინატორები ცდილობდნენ ამომრჩეველზე ზემოქმედების მოხდენას და ნეპოტისტური კავშირების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას. ზოგიერთი მათგანი საარჩევნო უბნებზეც აქტიურობდა და ცდილობდა თავისი მხარდამჭერების გაკონტროლებას ფსიქოლოგიური ზეწოლით და დაძაბულობის შექმნით (ვაკის ერთ-ერთ უბანზე, სავარაუდოდ, ასეთმა “დამკვირვებლებმა” “ლიბერალის ჟურნალისტს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენეს).

გიორგი ცხადაია/ფოტო მისი ფეისბუკის გვერდიდან

გიორგი ცხადაია/ფოტო მისი ფეისბუკის გვერდიდან

მეორე მთავარი პრობლემა ის არის, რომ “ქართული ოცნება” რეალურად არ სთავაზობს არანაირ პოზიტიურ თანმიმდევრულ პროგრამას ამომრჩეველს, გარდა ტრაფარეტული პოზიტიური ლოზუნგებისა (“სიცოცხლით სავსე ქალაქი”). მათი კანდიდატი თბილისის მერობის არჩევნებში ფეხბურთის ვარსკლავი იყო, რომელმაც თავისი ცნობადობის კაპიტალიზირება მოახდინა პოლიტიკაში. კალაძემ წინასაარჩევნო კამპანიის დროს საკმაოდ ეშმაკურად მოახერხა მონაწილეობა მიეღო თბილისში გამართულ მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავთა საქველმოქმედო მატჩში, რამაც  მას დამატებითი პოლიტიკურ ქულები მოუტანა, როგორც ვარსკვლავს (ეს ვარსკვლავობა, სამწუხაროდ, მის უმთავრეს კოზირს წარმოადგენდა ამ არჩევნებში). დავით ნარმანიასგან დისტანცირების მცდელობებიც კალაძის მხრიდან ზედაპირულ ნაბიჯად შეგვიძლია შევაფასოთ, რადგან არც იმის არტიკულირება მოხდა, თუ რა შეცდომები დაუშვა ნარმანიამ (ან რატომ დაუშვა და თუ დაუშვა, “ქართული ოცნება” რატომ არ გაემიჯნა მას ისე, როგორც საჭირო იყო) და რითი გამოასწორებდა კალაძე ამ შეცდომებს. კალაძის რიტორიკა ამ ასპექტში იყო სრულიად არათანმიმდევრული და ზედაპირული, ძირითადად, პიარის ელემენტებით გაჯერებული.

მესამე უარყოფითი მხარე “ქართული ოცნების” მონაწილეობის ამ არჩევნებში იყო სოციალურ ქსელში მმართველ პარტიასთან ასოცირებული გვერდების მიერ წარმოებული ცილისმწამებლური კამპანიები, ძირითიდად, თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ. ელისაშვილი, რომელსაც ისედაც განუზომლად მცირე ადამიანური, ორგანიზაციული და ფინანსური რესურსები გააჩნდა “ქართულ ოცნებასთან” შედარებით, სოციალურ ქსელებში მოექცა პროპაგანდისტული შეტევების ტალღის ქვეშ. “ქართული ოცნების” აქტივისტებიც და პარტიული კოორდინატორებიც ძირითადად აგრესიის გამოხატვითა და ცილისწამებით იყვნენ უფრო დაკავებული, ვიდრე რეალურად, რაიმე სახის შინაარსიანი პოლიტიკური კამპანიის წარმოებით. უნდა აღინიშნოს, რომ ამ მხრივ, ხშირ შემთხვევაში, არც “ნაციონალური მოძრაობის” წევრების საქციელი იმსახურებს ხოლმე მოწონებას.  ამ აზრით, “ქართული ოცნება” ძალიან დაემსგავსა “ნაციონალურ მოძრაობას”.

საბოლოო ჯამში, “ქართული ოცნების” ცუდმა ქცევამ გაამართლა ელექტორალური თვალსაზრისით, რადგან თბილისის მერობის არჩევნებზე მეორე ტურის გარეშე გაიმარჯვა მათმა კანდიდატმა; მაჟორიტარული ოლქების უდიდეს ნაწილშიც მეორე  ტური არ გაიმართება (ისევე, როგორც სხვა თვითმმართველი ქალაქების მერობის არჩევნებში, ქუთაისის გარდა, სადაც შეიძლება მეორე ტური გაიმართოს). “ქართულმა ოცნებამ” დამაჯერებლად გაიმარჯვა საკრებულოების პროპორციულ არჩევნებშიც. ამავე დროს, შეიძლება ჩავთვალოთ, რომ იმ პრობლემების გათვალისწინებით, რაც ზემოთ ჩამოვთვალე, ეს მოკლევადიანი გამარჯვება უფრო არის, ვიდრე გრძელვადიანი, რადგან იმ მეთოდების გამოყენებას ეფუძნება, რომელიც საზოგადოების დიდ ნაწილს ესმის, რომ სამართლიანი არ არის.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მთელი ქვეყნის მასშტაბით კოალიციურმა ქართულმა ოცნებამ, ჯამში, 48,7% მიიღო, ხოლო დღეს მმართველ გუნდს ამომრჩევლის 55.66%-მა დაუჭირა მხარი. 2017 წლის შედეგებით, “ქართული ოცნების” მხარდამჭერთა რაოდენობა თითქმის 6%-ით არის გაზრდილი. რას უკავშირებთ თქვენ ამას?

პირველ რიგში, უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ამომრჩეველი სხვადასხვა მოტივაციით მიდის (ან რჩება სახლში). ამიტომ პირდაპირი პარალელების გავლება წინა არჩევნებთან სარისკოა.

ამის მიუხედავად, შეგვიძლია ვისაუბროთ იმაზე, რომ “ქართული ოცნება” იმაზე მომგებიან პოლიტიკურ სიტუაციაშია ახლა, ვიდრე ერთი წლის წინ იყო. პირველ რიგში, ეს უკავშირდება იმას, რომ “ნაციონალური მოძრაობა” ფაქტობრივად ორ პარტიად გაიყო 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. მათი მხარდამჭერებიც შესაბამისად ორად გაიყვნენ და პოტენციური მხარდამჭერების ნაწილმა მათი იმედი დაკარგა.

თბილისის მერობის არჩევნებში “ქართული ოცნებისთვის” მთავარი წამახალისებელი ფაქტორი ის იყო, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ფრაგმენტაციის პარალელურად, ვერ გაჩნდა ძლიერი ოპოზიციური პარტია, დამოუკიდებელ კანდიდატს კი არ ეყო იმდენი რესურსი, რომ სათანადო წინააღმდეგობა გაეწია არც ისე სამართლიანი მეთოდებით მოთამაშე მმართველი პარტიისთვის.

დამოუკიდებელი კანდიდატები, როგორიც არის ელისაშვილი, ჯერჯერობით არ წარმოადგნენ ელექტორატული თვალსაზრისით საშიშ ძალას მმართველი პარტიისთვის.

ასევე გაზრდილია “პატრიოტთა ალიანსის” ამომრჩეველთა რაოდენობა. 2016 წელს ეს პარტია ბარიერის გადალახვის ზღვარზე იყო და 5% ძლივს დამრგვალდა, ხოლო დღეს 6.53%-იანი მხარდაჭერა აქვს. ალბათ, დამეთანხმებით, რომ 1.53% არ არის უმნიშვნელო ციფრი. თუმცა, აღსანიშნავია, რომ დაიკლო ნინო ბურჯანაძის პოლიტიკური გუნდის მხარდამჭერთა რაოდენობამ. შარშან თუ მის პარტიას 3,53% უჭერდა მხარს, ახლა 2.59-იანი მხარდაჭერა აქვთ. რას ნიშნავს ასეთი ტიპის პარტიებისთვის ეს შედეგები, თქვენი აზრით?

როგორც უკვე აღვნიშნე, საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედარების დროს სიფრთხილე გვმართებს. ამიტომ შეფასების გაკეთება ცოტა გამიჭირდება. ერთი ის შემიძლია ვთქვა, რომ “პატრიოტთა ალიანსმა” შეიძლება მეტი მხარდამჭერი მოიპოვოს იმის გათვალისწინეით, რომ პარლამენტში გადაინაცვლა მათმა აქტიურობის ცენტრმა… თუმცა შეიძლება პირიქითაც მოხდეს. ულტრამემარჯვენე პარტიების წარმატება ახლა ევროპაში განსაკუთრებით აქტუალური თემაა და სხვადასხვა ფაქტორებმა შეიძლება ეს განაპირობოს. ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს და ჯერჯერობით საკმარისი მონაცემებიც არ გვაქვს რამის გადაჭრით სათქმელად.

პარალელურად, საგრძნობლად დავარდა ლიბერალური პარტიების ისედაც დაბალი რეიტინგი. მაგალითად, ამ არჩევნებზე “რესპუბლიკელებმა” 0.76% მიიღეს, 2016 წელს კი მათი მხარდაჭერა 1,55-იანი იყო. წაიღო თუ არა ეს ხმები დავით უსუფაშვილის ახალმა პარტიამ, რომელმაც 0.75% მიიღო ამ არჩევნებზე? რა პერსპექტივები აქვთ ამ პარტიებს?

ლიბერალური ცენტრისტული პარტიები, ბოლო დროს, ფაქტობრივად,  თითქმის ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში ნაკლებად წარმატებულნი არიან ელექტორალური თვალსაზრისით. განსაკუთრებით ეს ტენდენცია დასავლეთში ღრმავდება იმ ფონზე, როდესაც ეკონომიკური კრიზისის გამო სოციალური პრობლემები გამოდის წინა პლანზე. ეს ტენდენცია შეიმჩნევა იმ ქვეყნებშიც კი, რომლებშიც საქართველოზე ბევრად ლიბერალური ამომრჩეველი ცხოვრობს. საქართველოში, სადაც ამომრჩევლის დიდი ნაწილი ისედაც არ არის ლიბერალურად განწყობილი (და მაგალითად, პრობლემა აქვთ სექსუალურ ან რელიგიურ უმცირესობებთან) და სადაც ეკონომიკური კრიზისიც დიდი ხანია, რაც ყოველდღიურობად იქცა, ამაში გასაკვირი არაფერია.

საინტერესოა თქვენი შეფასება თბილისის მერის არჩევნებთან დაკავშირებით. თითქოს იყო მოლოდინი, რომ მეორე ტური გაიმართებოდა. ხელისუფლებისა და მათი ამომრჩევლის გარდა, თითქმის ყველა ამას ლაპარაკობდა. რატომ მივიღეთ ის შედეგები, რახ მივიღეთ? თქვენი აზრით, რამდენად სწორი იყო წინასწარ მეორე ტურის იმედად ყოფნა თვითონ კანდიდატების მხრიდან?

მეორე ტურის დასანიშნად ერთი გამოსავალი ჰქონდათ ოპოზიციურ პარტიებს: ერთიანი კანდიდატის წარდგენა პირველ ტურში. ამაზე ადრეც ვისაუბრე “ნეტგაზეთთან” ინტერვიუში, რომ ელისაშვილის გარეშე შეიძლება ამას ვერ გაემართლებინა. ელისაშვილს კი სავარაუდოდ არც სხვა პარტიები დაუჭერდნენ მხარს და არც თვითონ მოუნდებოდა, მაგალითად, “ნაციონალური მოძრაობის” მხარდაჭერის მიღება.

იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიცია შეთანხმდებოდა ერთ კანდიდატზე და მთელი მათი რესურსი, რაც თბილისის მერის არჩევნებისთვის გაიღეს, მოხმარებოდა მხოლოდ ერთი ადამიანის წინასაარჩენო კამპანიას და შემდგომ უკვე არჩევნების დღეს მობილიზებას, რამდენად იყო შანსი სახელისუფლებო კანდიდატის დამარცხების?

ელისაშვილის გარეშე, მეეჭვება, რომ რეალური შანსი ყოფილიყო. ელისაშვილი კი, როგორც აღვნიშნე, არ ითანამშრომლებს “ნაციონალურ მოძრაობასთან” ან “ევროპულ საქართველოსთან”, რადგან ის ჯერ კიდევ წინა მთავრობის დროს აპროტესტებდა ადგილობრივი მთავრობის პოლიტიკას თბილისში. მას რომ მხარი დაეჭირა “ნაციონალური მოძრაობისთვის” ან “ევროპული საქართველოსთვის” (რომლის ერთ-ერთი ლიდერიც გიგი უგულავაა), ეს არც თანმიმდევრული იქნებოდა და დიდი ალბათობით, ამომრჩეველსაც დაკარგავდა ამის გამო.

რა პერსპექტივა აქვს ალეკო ელისაშვილს, როგორც პოლიტიკოსს, იმ შედეგით, რომელიც მერის არჩევნებზე მან დადო? იგივე შეფასება გვაინტერესებს ზაალ უდუმაშვილზეც…

ელისაშვილს პერსპექტივა, როგორც დამოუკიდებელ კანდიდატს, არ აქვს (ვიქნები შეძლებისდაგვარად კატეგორიული). მისთვის ერთადერთი გამოსავალი პარტიის შექმნა და თანმიმდევრული პოლიტიკური პლატფორმის განვითარებაა.

რაც შეეხება ზაალ უდუმაშვილს, მას დამოუკიდებელ პოლიტიკოსად ვერ აღვიქვამ. შეიძლება მომავალში განსაკუთრებული პოლიტიკური უნარები გამოავლინოს, მაგრამ ამ ეტაპზე ეს არ ჩანს. მისი წარმატება უფრო მეტად “ნაციონალური მოძრაობის”, როგორც პოლიტიკური ძალის წარმატებასთან არის დაკავშირებული.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საკითხებს და სხვა მიმდინარე მოვლენებს.