მოვლენები
ირაკლი კაკაბაძე

ფაქტია, რომ ელჩის მკვლელობას რუსეთ-თურქეთს შორის კონფლიქტის სახე არ მიეცა – ირაკლი კაკაბაძე

როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები რუსეთსა და თურქეთს შორის ანკარაში რუსეთის ელჩის მკვლელობის ფაქტის შემდეგ? – ნეტგაზეთის შეკითხვებს სტამბულში მცხოვრები მწერალი ირაკლი კაკაბაძე პასუხობს:

ირაკლი, რა მდგომარეობაა დღეს სტამბულში, არის თუ არა მიღებული განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომები?

ალეპოს მოვლენების და სტამბოლში გარკვეული პოლიტიკური ჯგუფების მასშტაბური საპროტესტო გამოსვლების შემდეგ უსაფრთხოების ზომების გამკაცრება იგრძნობოდა. გასული რამდენიმე დღის განმავლობაში სტამბოლში, ისთიქლალზე,  რუსეთის საკონსულოს შენობა პოლიციელების განსაკუთრებული დაცვის ქვეშ იყო. სწორედ ამ შენობასთან იმართებოდა საპროტესტო აქციები.

უკვე დღეს ბევრი პოლიტიკური ლიდერი, რუსეთის მეგობარი ქვეყნის კონსულები და სამოქალაქო პირები მიდიან რუსეთის საკონსულოსთან და შენობის ღობესთან ყვავილებსა და გვირგვინებს ტოვებენ.

სტამბული რუსეთის საკონსულოს შენობა დღეს, 20 დეკემბერს © EPA/TOLGA BOZOGLU

სტამბული რუსეთის საკონსულოს შენობა დღეს, 20 დეკემბერს © EPA/TOLGA BOZOGLU

სტამბული რუსეთის საკონსულოს შენობა დღეს, 20 დეკემბერს © EPA/TOLGA BOZOGLU

სტამბული რუსეთის საკონსულოს შენობა დღეს, 20 დეკემბერს © EPA/TOLGA BOZOGLU

სტამბული რუსეთის საკონსულოს შენობა დღეს, 20 დეკემბერს © EPA/TOLGA BOZOGLU

სტამბული რუსეთის საკონსულოს შენობა დღეს, 20 დეკემბერს © EPA/TOLGA BOZOGLU

სტამბული რუსეთის საკონსულოს შენობა დღეს, 20 დეკემბერს © EPA/TOLGA BOZOGLU

სტამბული რუსეთის საკონსულოს შენობა დღეს, 20 დეკემბერს © EPA/TOLGA BOZOGLU

რა სახის განცხადებები კეთდება თურქეთის მმართველი გუნდის წარმომადგენლების მხრიდან უშუალოდ რუსეთთან და მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით?

ამ კუთხით მმართველი პარტიის ლიდერები და ხელისუფლების წარმომადგენლები აქტიურობენ. გუშინ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მოსკოვში გამგზავრებამდე და მერეც, პუტინის განცხადების პათოსი გაიმეორა. ყველა ახალი ურთიერთობების დაწყებაზე საუბრობს [რუსეთსა და თურქეთს შორის] და ტრაგედიას ახალი და მტკიცე ურთიერთობის საფუძვლად მოიხსენიებს.

დღეს თურქულმა მხარემ ისიც  გააჟღერა, რომ იმ ქუჩას, სადაც ელჩის მკვლელობა მოხდა, [შესაძლოა] ანდრეი კარლოვის სახელი ეწოდოს და დაიდგას მისი ხსოვნის მონუმენტი.

თქვენი აზრით, არის შესაძლებელი, რომ მომხდარი მკვლელობა რუსეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობების დაძაბვის და გამწვავების საფუძველი გახდეს, თუ ეს განცხადებები, მათ შორის პუტინის, ნიშნავს იმას, რომ ამ ქვეყნებს შორის დაპირისპირება თითქმის გამორიცხულია ამ ფაქტის გამო?

მე პოლიტიკური ექსპერტი არ გახლავართ, თან დღემდე მიკვირს იმ ექსპერტებისა, ვინც პუტინის მომავალ ქმედებებზე თავისუფლად საუბრობენ. ჩემთვის მკვლელობის შემდეგ, სანამ ოფიციალური პირები თავიანთ განცხადებებს გააკეთებდნენ, უკვე ნათელი იყო, რომ რუსეთზე მეტად ამ მკვლელობიდან სარგებელს ვერავინ ნახავდა, ვისი დაგეგმილიც და განხორციელებულიც არ უნდა ყოფილიყო ის.

ემოციური სარგებელი შეიძლება ძალიან ბევრმა ჯგუფმა მიიღო, თურქმა ისლამისტებმა, ნაციონალისტებმა, სირიის ოპოზიციის მხარდამჭერებმა და ა.შ. მაგრამ სხვა ყველანაირი სარგებელი რუსეთმა მიიღო.

ფაქტია, გამწვავების და კონფლიქტის სახე ელჩის მკვლელობას არ მიეცა. ორივე მხრიდან სხვა რელსებზე გადავიდა რიტორიკაცა და ქმედებებიც. დღეს ყველაზე თამამად რუსეთისა და თურქეთის ურთიერთობების დათბობაზე თურქულენოვანი რუსული საინფორმაციო საშუალებები და თურქეთის ხელისუფლებას დაქვემდებარებული მედია საუბრობს. რა თქმა უნდა, ეს სიუჟეტები, სტატიები თუ წერილები ძირითადად ანტიდასავლური ხასიათისაა. ჩემთვის მოვლენათა ასეთი განვითარება უკვე ნათელი იყო მაშინ, როცა მედიაში გაჟღერდა მკვლელის სავარაუდო კავშირის თაობაზე ფეთულაჰ გიულენთან, რომლის გადმოცემას თურქეთი უკვე დიდი ხანია ითხოვს ამერიკისგან.

ირაკლი კაკაბაძე

ირაკლი კაკაბაძე

თუ თურქეთსა და რუსეთს შორის ალეპოს საკითხზე პოზიციები ერთმანეთს დაუახლოვდება, ეს როგორ აისახება ერდოღანის რეიტინგზე? იმ ადამიანებს, რომლებიც რუსეთის წარმომადგენლობებთან მართავდნენ აქციებს თურქეთში, მოვლენების ამგვარი განვითარება ალბათ არ მოეწონებათ…

ერდოღანი ასადთან დაკავშირებით რიტორიკას არ შეცვლის, რადგან ეს ძალიან იმოქმედებს მის რეიტინგზე, მაგრამ აშკარაა, რომ ტონი მშვიდობის დამყარებისა და მშვიდობიანი მისიის განცხადებებით შეიცვლება. ადამიანები, რომლებიც რუსეთის წარმომადგენლობებთან მართავდნენ აქციებს, სირიელ სტუდენტებს და ორგანიზაციებს თუ არ ჩავთვლით, ძირითადად სახელისუფლებო ძალებთან დაახლოებული ისლამისტური ჯგუფებიდან იყვნენ, სავარაუდოდ, ამ აქციებს სახელისუფლებო მხარდაჭერაც ჰქონდათ და ვინ იცის, მათი დაკვეთითაც იმართებოდა. რა თქმა უნდა, თუ თურქეთი სირიის კონფლიქტში რუსეთის პოზიცებს დაუახლოვდება, ბევრი ადამიანი და პოლიტიკური ჯგუფი უკმაყოფილო იქნება, მაგრამ ამ ქმედებებს თუ თურქეთის ხელისუფლება ანტიდასავლურ, ან, მსუბუქად რომ ვთქვათ, დასავლეთის პოზიციებთან დაშორების სახეს მისცემს საუბრის, რიტორიკის, განცხადებების, ქმედებების სახით, ძალიან ბევრი მხარდამჭერი გამოუჩნდება ისევ იმ ჯგუფებშიც და სხვა პოლიტიკურ საზოგადოებებშიც. მმართველი პარტიისგან მისი ამომრჩეველი დიდი ხანია ამას ითხოვს, სხვა საკითხია, რომ ეს არ ემთხვეოდა ალეპოს საკითხს, რადგან იქ ამ ამომრჩევლების მუსლიმი დები და ძმები იღუპებოდნენ, მაგრამ სხვა საკითხებში ყველგან ამის მოთხოვნა და მოლოდინი იყო. ერდოღანიც ყველაზე მეტად სწორედ ამ ამომრჩევლების გულის მოსაგებად აკეთებდა ხოლმე დასავლეთის პოლიტიკის საწინააღმდეგო განცხადებებს.

მაგრამ თუ ალეპოზე ასადის სამხედრო ზეწოლა გაძლიერდება (რუსეთის მხარდაჭერით და მსხვერპლიც გაიზრდება), როგორ აუხსნის ერდოღანი თურქეთის მოქალაქეებს, რომ რეალურად საჭიროა რუსეთთან მეგობრული და პარტნიორული დამოკიდებულება?

ჩემთვის რთულია, წინასწარ გითხრათ, ვინ როგორ ახსნის, ან მართლა რამდენად დაიხევს თურქეთი სირიის საკითხში უკან, მაგრამ ყველას კარგად ახსოვს, როცა დასჭირდა თურქეთის პრეზიდენტს, რუსული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდების შემდეგ, რუსეთთან ურთიერთობის განახლება და ფინანსურ საკითხებზე მოლაპარაკებები, როგორ შეცვალა თავდაპირველი მკაცრი და შეუვალი პოზიცია ბოდიშებითა და სხვა ძალებზე გადაბრალებით. ძალიან რთულია ამის თქმა, რადგან, რა თქმა უნდა, თურქეთის ხელისუფლება რეიტინგზე ფიქრობს, მაგრამ ის დიდი ხანია საკუთარ ხალხს არაფერს უხსნის.

 

ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ევროკავშირის საკითხებს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. Email: davit.qoqoshvili@gmail.com