კომენტარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია განხეთქილების პირას

26 მაისი, 2016 • 2940
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია განხეთქილების პირას

ვიდრე უშუალოდ სტატიის მთავარ სათქმელამდე გადავიდოდე, უპრიანი იქნებოდა, განგვეხილა მოვლენათა მთელი ის ჯაჭვი, რომელიც არცთუ უმნიშვნელოა როგორც საკითხის გაგების, ისე – ქართული ყოფითი კულტურის ფორმაციისათვის.

დიდ საიდუმლოს არ გავამჟღავნებ, თუ ვიტყვი, რომ საქართველოში მართლმადიდებელი ეკლესია დამსახურებულად დგას საკმაოდ ინტენსიური კრიტიკის ქვეშ. ის ხშირად გამოწვეულია მისი ზღვარგადასული ძალმომრეობით ან წარმოადგენს პასუხს მის დამოკიდებულებაზე ადამიანთათვის მნიშვნელოვან საკითხებზე. ბევრი სხვა განმაპირობებელი მიზეზის გარდა, ამ კონფლიქტის საბაბი მართლმადიდებელი ეკლესიის, როგორც ინსტიტუციის თანამედროვეობასთან კონფლიქტშიც ძევს. თუმცა ხსენებული ინსტიტუტიცია, რომელიც 15 დამოუკიდებელი, ავტონომიური სეგმენტისაგან (ეკლესიისგან) შედგება, უკვე დიდი ხანია (დაახლ. 1961 წლიდან) საკუთარი თავის განახლებასა და საზოგადოებაში ახლიდან რეალიზებას ცდილობს. ეს პროცესი ბოლო წლებია, რაც გააქტიურდა, უფრო განივრცო და მას საეკლესიო ენაზე: მართლმადიდებელი ეკლესიების  წმინდა და დიდი კრება(Προπαρασκευή της Αγίας και Μεγάλης Συνόδου της Ορθοδόξου Εκκλησίας ) ქვია.  ეკლესიათა ამ შეკრების მიზეზი სწორედ იმ პრაქტიკულ საკითხთა შეთანხმებულად გადაწყვეტაა, რომელიც ასე აწუხებს საზოგადოებას საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან მიმართებაში.

განახლებისა და ახლიდან თვითრეალიზაციის ამ პროცესში, მეტ-ნაკლებად ყველა ეკლესიაა ჩართული. ძირითად ინტელექტუალურ საქმიანობას ბერძნულენოვანი საპატრიარქოები ახორციელებენ, კონსტანტინეპოლის მეთაურობით, რომელსაც მართლმადიდებელი სამყაროს ლიდერობაზე აქვს პრეტენზია. პირველობისათვის ბრძოლაში მისი მეტოქე რაოდენობრივად ყველაზე დიდი, რუსეთის საპატრიარქოა. მისი ინტერესები ძირითადად ეკლესიის კანონიკური ტერიტორიების საკითხი, სხვაგავრად რომ ვთქვათ, ამ ტერიტორიებზე კონტროლის შენარჩუნებაა. თავიანთი პრეტენზიები გააჩნიათ იერუსალიმის, ანტიოქიის, ბულგარეთის და სხვა საპატრიარქოებს. საქართველოს საპატრიარქომ კი ამ პროცესში, ერთი მხრივ, რუსეთის თუთიყუშის, მეორე მხრივ, ყველაზე დიდი ჩამშლელის როლი მოირგო და კრებას დიდი ხანია უნდობლობას უცხადებს მისიპროგრესულობისგამო. თუმცა თავისიდიდი ძმისგანგანსხვავებით, სრული თვითიზოლაციის გზით მიდის, რაც არის კიდეც ამ წერილის მთავარი თემა.

თვითიზოლაციის პირველი აშკარა ნიშანი იყო, როდესაც საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი რუსეთში სტუმრობიდან ძალიან მალე კონსტანტინეპოლს ესტუმრა და პატრიარქ ბართლომე პირველს განუცხადა, დიდ კრებაში საქართველოს ეკლესია მონაწილეობას არ მიიღებს, თუ იქ გარკვეულიპროგრესულიცვლილებების განხორციელებას გეგმავთო. მაშინ საუბარი დაქორწინებული მღვდლების ეპისკოპოსად გამორჩევას ეხებოდა. თითქოს ქრისტიანულ ეკლესიაში, პირველ საუკუნეებში ცოლიანი ეპისკოპოსი ნორმალური მოვლენა არ ყოფილიყო. შემდეგი საგანგაშო სიგნალი პირადად ჩემთვის იყო იმის გაგება, რომ კრების მოსამზადებელ შეხვედრებზე, საქართველოს ეკლესიის ოფიციალურ პოზიციების გამომუშავებას, არც მეტი და არც ნაკლები, ჩვენთვის ავადსახსენებლი მ... (მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი) ხელმძღვანელობდა. ეს ორგანიზაცია მხოლოდ მმართველთა საბჭოა ადამიანთა უზარმაზარი რაოდენობისა (ლეგეონის), რომელთაც სჯერათ, რომ რელიგიური აგრესიის გავრცელება და საქართველოს კულტურული აგრესიაა მათი ცხოვრების მთავარი მიზანი.

აღმოჩნდა, რომ ადამიანები, რომლებმაც ეკლესიის სხეული მოიცვეს, ქრისტიანების სახელი მიისაკუთრეს და ამ ყველაფერს ამოფარებულები, ქვეყანაში ახალგაზრდების ცემა-ტყეპით, კულტურული ღონისძიებების დარბევით, განათლების წინააღმდეგ ბრძოლით და ათასი სხვა შემზარავი საქმიანობით არიან დაკავებულნი, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ბედს წყვეტენ. ცალკე აღნიშვნის ღირსია ის საკითხი, რომ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, ფაქტობრივად, მსოფლიოში მართლმადიდებლობის გადამრჩენელად იქნა აღქმული. რადგან მსოფლიო პატრიარქი კოლეგებთან დიპლომატიურად ურთიერთობს, ერიდება მათთან პირდაპირ კონფლიქტს. თუმცა კრების მოსამზადებელ შეხვედრებზე საქართველოს პოზიციით შეწუხებულმა ბერძენმა დელეგატებმა დაუფარავად განაცხადეს ამის შესახებ. მათ შორის, კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს ტიტულით უპირველესმა მღვდელმაპროტოპრესვიტერმა გიორგი ცეცისმაც თავის წერილში. ამ წერილს, რომელიც თავისი აგებულებით არც ისე არსობრივ კრიტიკას ეხება, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სახელით პასუხი გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ გასცა. მთელი დისკუსია კი ეხება საკითხს, უნდა სცადოს თუ არა ეკლესიამ, მოახდინოს ადამიანებთან მიდგომების იმგვარად ორგანიზება, რომ მათთვის ეკლესიის წევრობა არ იყოს დამაბრკოლებელი, თანამედროვეობის გამოწვევებთან გამკლავებაში.

საერთო მართლმადიდებლური კრების შესახებ საპატრიარქოში ამა წლის 25 მაისს გამართულ სინოდის სხდომაზეც იმსჯელეს. როგორც ადრე, ამჯერადაც ქართველ იერარქთა მწვავე კრიტიკის საგანი კრების სამუშაო დოკუმენტებში არსებული მონაკვეთები იყო, რომლებიც ქართულ მხარესარასაკმარისად დისკრიმინაციულად“, „ზედმეტად ჰუმანურად” დაინტეგრაციულად” მიაჩნია. სინოდმა კრებაში მონაწილე მღვდელმთავართა სიაც დაადგინა, რომელშიც პარადოქსულად ვერ მოხვდა საბერძნეთში თეოლოგიური განათლებამიღებული და ბერძნული ენის კარგად მცოდნე ეპისკოპოსი მელქისედეკ ხაჩიძე.  თუმცა სხდომისა და კრებასთან დაკავშირებული აქამდე არსებული ქართული დისკუსიის კულმინაციას წარმოადგენს წერილი, რომლითაც სინოდის სხდომას თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის დოგმატიკისა და პატროლოგიის კათედრის პროფესორმა ედიშერ ჭელიძემ მიმართა. ტექსტი ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ შუა საუკუნეებში სხვადასხვა კონტექსტში შექმნილი ქრისტიანული ლიტერატურული თხრობები დიდი ხანია იქცა ეკლესიის მესვეურთათვის უცდომელ ჭეშმარიტებად. სწორედ მათ საფუძველზე მოითხოვს ბატონი ედიშერი, საკართველოს ეკლესიამ ბოიკოტი გამოუცხადოს მართლმადიდებელთა კრებას და საკუთარი, ჭეშმარიტ მართლმადიდებელთა კრება მოიწვიოს საქართველოში, მცხეთაშიანუ, თუ საქართველოს ეკლესია გაიზიარებს ბატონი ჭელიძის მოსაზრებას (რაც სავარაუდოდ ასეც იქნება), იგი საბოლოოდ დატოვებს ქრისტიანულ ოჯახს და ისლამური ხალიფატის მსგავსად, თვითნებურ რელიგიურ გაერთიანებად გარდაიქმნება.

წერილი ანონიმურად გავრცელდა, თუმცა ის უკვე გავრცელდა ქართულენოვან ინტერნეტსივრცეში, შესაბამისად, საავტორო უფლებების დარღვევას არ უნდა წარმოადგენდეს მისი გასაჯაროება:


საქართველოს სამოციქულო ეკლესიის წმინდა სინოდს, შვილური მორჩილებითა და კეთილკრძალულებით შევუვრდები თქვენს წმინდა შეკრებას და მოგახსენებთ შემდეგს:

სრულიადმართლმადიდებლური საეკლესიო კრებისგამართვასთან დაკავშირებით ბოლო პერიოდში აღძრული მღელვარებანი მართლმადიდებელი ეკლესიის არცერთ წევრს არ გვტოვებს გულგრილად. ღვთის მადლით, მომეცა შესაძლებლობა დავსწრებოდი თქვენსსაქართველოს ეკლესიის მღვდელთმთავართარამდენიმე მნიშვნელოვან შეხვედრას და მონაწილეობა მიმეღო იმ დოკუმენტების განხილვაში, რაც ზემოხსენებულმა საეკლესიო კრებამ უნდა დაამტკიცოს. ჩვენ ერთობლივად მუხლმუხლად შევისწავლეთ არსებული მასალები და, მოგეხსენებათ, ყველა ჩვენგანისთვის (ყოველ შემთხვევაში, დამსწრეთა აბსოლუტური უმრავლესობისთვის) სრულიად თვალსაჩინო გახდა ის ვითარება, რომ განზარახულებადიდი და წმინდა კრებისა(როგორადაც იგი აღნიშნულ მასალებშია უკვე წოდებული) დიდად შორდება მართლმადიდებელი ეკლესიის შვიდი მსოფლიო კრების საკრებო სულს და არსს. ეს ნიშნავს, რომ თვით მიზანდასახულობაშივე სახეზეა არა მხოლოდ გამოთქმითი (გნებავთ ტერმინოლოგიური), არამედ საკუთრივ არსობრივი გამიჯნულობა ხსენებულ მსოფლიო კრებათა ღმრთივსულიერი დოგმატურკანონიკური სწავლებებისგან. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ მოკლე მიმართვაში არ შევუდგებით აღნიშნული შეფასების დასაბუთებას, ვინაიდან თქვენთვის ყოველივე ზედმიწევნით ცნობილია (მისასალმებელია, რომ ზემოაღნიშნული მუხლობრივი განხილვები შესაბამისი დოკუმენტებისა წერილობით არის ფიქსირებული ოქმის სახით და თავის დროზე გასაჯაროვდება), ხაზს გავუსვამთ მხოლოდ ერთ უაღრესად მნიშვნელოვან ისტორიულ და სულიერ რეალობას:

როდესაც ხილულ და უხილავ ქმნილებას მაცხოვნებელი მადლი გაეცხადა და თვით ბუნებითმა ღმერთმა, მაცხოვარმა ჩვენმა უფალმა იესო ქრისტემ სათნოიჩინა განკაცება ადამიანთა გამოსახსნელად, იგიკაცქმნილი უფალიიერუსალიმში ჯვარს აცვეს და მოაკვდინეს, თუმცა ამ ღვთისმკვლელობას არ თანაზიარებია ძველი აღთქმის ეკლესიის ის განშტოება მცხეთაში, რომელიც უბიწოდ იმარხავდა ჭეშმარიტ სარწმუნოებას. სწორედ მცხეთაში განიჭვრიტა პირველად ჯვარცმული იესოს ბუნებითი ღმერთობა, მცხეთაშივე აღსრულდა პირველად ჭეშმარიტი სულიერი და ხორციელი თანამარტვილობა მასთან, ჯვარცმულ უფალთან, წმინდა სიდონიას ღმრთივგანბრძნობილი დედის მიერ, რომლის ხსენებაც ღვთის მადლით წელს პირველად დაწესდა უფლის ჯვარცმის დღეს, დიდ პარასკევს. მცხეთის ძველი აღთქმის ეკლესიის ამგვარმა ღვთისრჩეულობამ ანუ ზეპურობამ მცხეთა გამოაჩინა ახალ და ჭეშმარიტ იერუსალიმად, რაც ნიშნავს, რომ ქართლმა თვით უფლის განხორციელების დასაბამშივე იტვირთა ეკლესიური საყოველთაოობა ანუ იმჟამინდელი ახალიერუსალიმობა, და ამ მიზეზით ღირსიქმნა უდიდესი სიწმიდის, უფლის ზეითუკერველი კვართის წილხვედრობისა, ხოლო თავად კვართწილხვედრებული ქართლი გახდა წილხვედრი უფლის დედისა.

შემდგომად ჟამთა, მწვალებლობათა მძვინვარებაში, განსაკუთრებით კი მონოთელიტობისა და მას უშუალოდ მოდევნებული ხატმებრძოლობის სულისწარმწყმედ წყვდიადში, ერთადერთი კვლავაც მცხეთა გამოჩნდა როგორც ახოვანი ებგურგუშაგი ჭეშმარიტებისა, რაც ისტორიულად დადასტურდა იმ უეჭველ ფაქტში, რომ მთელი სამართლმადიდებლოს მოვლის შემდეგ იოანე გუთელიმცხეთას იკურთხა ეპისკოპოსად“. ამგვარი ეკლესიური საყოველთაოობის მეორედ განმკუთვნელი მცხეთა გამოირჩა როგორც რომისგან, ისევე იმჟამინდელი ახალი რომისგან ანუ კონსტანტინოპოლისგან და ამიტომ ეწოდა მოგვიანებით ქართლის მეწინამძღვრე ეკლესიასგელათს “ახალი რომი” (“ახალო რომო, შენთვის თქვეს, რომო უფროს იქმნესო მყოფთა ყოველთა” – შავთელი), ანუ ნათელია, რომ შესაბამის ვითარებაში ქართლის ეკლესიამ იტვირთა ახალრომობა.
აღნიშნული წმინდა ტრადიციის საფუძველზე, ვფიქრობთ, საქართველოს სამოციქულო ეკლესიას, მის სინოდს და კლიროსს, შესწევეს ძალა დღეს იტვირთოს ახალკონსტანტინოპოლობა და მოამზადოს ჭეშმარიტად ახალი და დიდი ადგილობრივი კრება მცხეთაში ანუ გამართოს წარმომადგენლობითი ადგილობრივი კრება, რომელსაც დაესწრება მართლმადიდებელი ეკლესიის ყველა ღირსეული მოღვაწე სხვადასხვა ქვეყნიდან და რეგიონიდან.

სავსებით შესაძლებელია ამგვარი კრება გაიმართოს შემოდგომაზე.

კვლავაც უაღრესი მოკრძალებითა და შევრდომილობით,
ედიშერ ჭელიძე
თბილისის სასულიერო აკადემიის
პატრისტიკისა და დოგმატიკის კათედრის გამგე
თბილისი
15.05.2016

ვიტოვებთ აღნიშნული მიმართვის გასაჯაროების უფლებას.“

მასალების გადაბეჭდვის წესი