ახალი ამბები

მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი რუსეთის ვმო–ში გაწევრიანების შესახებ

27 აპრილი, 2011 • 984
მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი რუსეთის ვმო–ში გაწევრიანების შესახებ

საქართველოსა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში (ვმო) გაწევრიანებასთან დაკავშირებით, განრიგის შესაბამისად, ხვალ უნდა დაიწყოს. შეხვედრა შვეიცარიის ქალაქ ბერნში გაიმართება და  ორ დღეს გასტანს.

მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის დაწყებამდე ერთი დღით ადრე ვმო–ში რუსეთის გაწევრიანების საკითხს თბილისში ვიზიტისას  თინა ქეიდენაუ, აშშ–ს სახელწმიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე გამოეხმაურა:

«ჩვენ გვაქვს იმედი, რომ გამოიძებნება ის პირობები, რაც ხელს შეუწყობს რუსეთს, გაწევრიანდეს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში. შეერთებული შტატები მხარს უჭერს რუსეთის ვმო–ში გაწევრიანებას, თუმცა ვითვალისწინებთ, რომ საქართველოს აქვს ლეგიტიმური წუხილი, რაც უნდა იყოს გათვალისწინებული. ამ თემასთან დაკავშირებით მოლაპარაკების პროცესი ორ ქვეყანას შორის დაწყებულია, მორიგი შეხვედრა რამდენიმე დღეში შედგება. ჩემი აზრით, ეს იქნება კარგი საშუალება, რომ  მათ შორის მოლაპარაკება გაიმართოს».

უფრო ადრე კი, 26 აპრილს, ამ საკითხზე სოხუმში ვიზიტით მყოფმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა,  სერგეი ლავროვმა განაცხადა:

“არ მინდა დეტალებში ჩაღრმავება იმასთან დაკავშირებით, თუ რა მეთოდები არსებობს რუსეთისთვის,  საქართველოს თანხმობის გარეშე ვმო–ში რომ გაწევრიანდეს. შემიძლია ერთი რამ ვთქვა: ეს შესაძლებლობები იმ პრინციპებს ეფუძნება, რომელთა მიხედვითაც ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაცია მოქმედებს“.

იგივე შინაარსის განცხადება სერგეი ლავროვმა მიმდინარე წლის მარტშიც გააკეთა. მოლაპარაკებების წინა რაუნდი ზემოთ აღნიშნულ საკითხზე რუსეთსა და საქართველოს შორის  10 მარტს ქალაქ ბერნში შვეიცარიის შუამავლობით გაიმართა.

სერგეი ლავროვის განცხადებას, საქართველოს თანხმობის გარეშე რუსეთის შესაძლო გაწევრიანებაზე ვმო–ში, დღეს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგი კაპანაძე გამოეხმაურა:

«განცხადება, რომელიც ბატონმა ლავროვმა გააკეთა, ხელს არ უწყობს ამ მოლაპარაკებების წარმატებით დასრულებას, უფრო მეტიც, საფრთხის წინაშეც აყენებს. მსგავსი განცხადება იყო მოლაპარაკების პირველი რაუნდის შემდეგაც. მაშინ ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთს საქართველოს გარეშე შეუძლია გახდეს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი. ახლაც იგივე გააკეთა მოლაპარაკებების წინ, რაც, ჩვენი აზრით,  ხელს კი არ უწყობს ამ მოლაპარაკებს, პირიქით– ხელს უშლის. მიგვაჩნია, რომ ეს იყო პროვოკაციული ტიპის განცხადება».

რუსეთის ვმო–ში გაწევრიანებაზე თანხმობის სანაცვლოდ, მიმდინარე წლის მარტში გამართული შეხვედრის დროს საქართველომ ფსოუსა და როკის გასასვლელების გამჭვირვალობა და ამ ორ სასაზღვრო–გამშვებ პუნქტზე ქართველი მებაჟეების განთავსება მოითხოვა.

«ჩვენ წინააღმდეგი არ ვიქნებით, რომ რუსეთი გაწევრიანდეს ცივილიზებულ საერთაშორისო ორგანიზაციაში. მიუხედავად ამისა, ეს არ ნიშნავს, რომ საქართველო უპირობოდ დათანხმდება მის გაწევრიანებას. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს მოთხოვნები კვლავ ძალაში რჩება. ეს არის ის მოთხოვნები, რაც ამ საერთაშორისო ორგანიზაციის წესდებიდან გამომდინარეობს, რასაც წევრი თუ კანდიდატი სახელმწიფო უნდა იცავდეს, რათა გაწევრიანება მოახერხოს და ამისათვის საქართველო მზად არის, თავისი ბერკეტიც გამოიყენოს», – ეს განცხადება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო კალანდაძემ 26 აპრილს პრესკონფერენციაზე გააკეთა.

ერთი დღით ადრე კი, 25 აპრილს, ჟურნალმა «ოგონიოკმა» საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძესთან ინტერვიუ გამოაქვეყნა, რომელშიც დასავლელი პარტნიორების როლზე ისაუბრა რუსულ–ქართული მოლაპარაკებების პროცესში რუსეთის ვმო–ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით:

«ჩვენმა პარტნიორებმა მხოლოდ ერთხელ გვითხრეს, რომ სანამ საქართველო რუსულ დელეგაციასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, გახსოვდეთ, რომ რუსეთის შესვლა ვმო–ში მთელ მსოფლიო ეკონომიკას მოუტანს სარგებელს… ჩვენ ბერნში მოლაპარაკებებზე იმისთვის კი არ დავდივართ, რომ რუსეთის ვმო–ში გაწევრიანება დავბლოკოთ. ჩვენ იქ დავდივართ იმიტომ, რომ რუსეთის დელეგაციასთან ერთად ურთიერთმისაღები გამოსავალი ვიპოვნოთ იმ იურიდიული კოშმარიდან, რომელიც მოსკოვმა შექმნა თავისი დაუფიქრებელი, ნაჩქარევი, ემოციური და სულელური გადაწყვეტილებით აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების თაობაზე,“ – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

ქართულ–რუსულ ურთიერთობებთან დაკავშირებით დღეს თინა ქეიდენაუმ კიდევ ერთი განცხადება გააკეთა:

«ჩვენ გვაქვს მტკიცე ხედვა იმისა, რომ რუსეთმა უნდა შეასრულოს მის მიერ აღებული ვალდებულებები, რაც 2008 წელს ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული და  კონფლიქტამდე პოზიციებზე დაბრუნებას გულისხმობს, ასევე– დაუბრკოლებლად ჰუმანიტარული ტვირთების გადაადგილებას.  ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოსთვის მხარდაჭერის გაგრძელებას ნებისმიერი შესაძლებლობის დონეზე.»

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ირწმუნებიან, რომ აშშ–ს მხრიდან არანაირი ზეწოლა არ ხორციელდება საქართველოზე რუსეთის ვმო–ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით არსებული პოზიციის შეცვლის მიზნით.

«საქართველო მზაობას აცხადებს იმის თაობაზე, რომ თუ ხსენებული პრობლემები აღმოიფხვრება და იმ დარღვევებს ადგილი აღარ ექნება, რასაც  რუსეთის მხარე ახორციელებს, საქართველო მზად არის, რომ მხარი დაუჭიროს რუსეთის გაწევრიანებას. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ეს მოლაპარაკებები. კიდევ ერთხელ ვამბობ, იგი დაწყებულია და ამ ტექნიკური საკითხების აღმოფხვრის მცდელობა მიმდინარეობს ორ სახელმწიფოს შორის. რაც შეეხება საერთაშორისო ზეწოლას, მას საერთოდ ადგილი არ ჰქონია. ყველა წევრი სახელმწიფო მიიჩნევს, რომ ეს არის ორ სუვერენულ სახელმწიფოს შორის გადასაწყვეტი საკითხი და, შესაბამისად, ელოდება მოლაპარაკებების შედეგს, რომელიც საბოლოო ჯამში დაფიქსირდება», – აცხადებს ნინო კალანდაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი