ახალი ამბები

აშშ-საქართველოს ქარტიის ფარგლებში დემოკრატიის სამუშაო ჯგუფის შეხვედრები დაიწყო

27 აპრილი, 2011 • 981
აშშ-საქართველოს ქარტიის ფარგლებში დემოკრატიის სამუშაო ჯგუფის შეხვედრები დაიწყო

ამ წუთებში ამერიკული დელეგაცია,  რომელსაც ხელმძღვანელობს აშშ–ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში თინა ქეიდენაუ და სახელმწიფო მდივნის თანაშემწე დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და შრომის საკითხებში კეტლინ ფიცპატრიკი, ამერიკის საელჩოში შეხვედრას მართავს.

შეხვედრას,  ამერიკის საელჩოს ცნობით, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ეწრებიან –საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და საერთაშორისო გამჭვირვალობა –საქართველოს ხელმძღვანელები, პროფკავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი და მედიამკვლევარი ნინო დანელია.

აშშ-საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის ფარგლებში დემოკრატიის სამუშაო ჯგუფი დღეს  განიხილავს საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმებისას მიღწეულ პროგრესს და თანამშრომლობის საკითხებს, აგრეთვე, ორივე მხარისათვის აქტუალური თემებს.

შეგახსნებეთ, ამერიკულ დელეგაციას  ხელმძღვანელებენ –სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში თინა ქეიდენაუ და სახელმწიფო მდივნის თანაშემწე დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და შრომის საკითხებში კეტლინ ფიცპატრიკი.

საქართველოს დელეგაციის თანათავმჯდომარეები კი არიან – საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგი კაპანაძე და იუსტიციის მინისტრის მოადგილე თინა ბურჯალიანი.

სამოქალაქო საზოგადოებასთან შეხვედრის შემდეგ ამერიკული დელეგაცია საელჩოში ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდება, რომლის შემდეგაც სამუშაო ჯგუფი შეხვედრას კანცელარიაში გამართავს.  4 საათზე კი პრესკონფერენცია გაიმართება.

აშშ-საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტია 2009 წლის იანვარში ვაშინგტონში გაფორმდა. 2009 წლის ივნისში აშშ-საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის კომისიამ ქარტიით გათვალისწინებული პირობების შესრულების მიზნით სამუშაო ჯგუფები შექმნა და პირველი შეხვედრა ვაშინგტონში გამართა.

დემოკრატიის, უსაფრთხოების, ეკონომიკისა და ხალხთა შორის ურთიერთობების საკითხებზე შექმნილი სამუშაო ჯგუფები რეგულარულად იკრიბებიან, იხილავენ მიმდინარე პროცესებსა და ადგენენ სამომავლო გეგმებს. დემოკრატიის სამუშაო ჯგუფის უკანასკნელი შეხვედრა 2010 წლის 17 ნოემბერს ვაშინგტონში გაიმართა. ამერიკულ დელეგაციას თინა ქეიდენაუ და სახელმწიფო მდივნის თანაშემწე დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და შრომის საკითხებში მაიკლ პოზნერი ხელმძღვანელობდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი