ახალი ამბები

მაჭავარიანი: ვიმედოვნებ, ეს არ იქნება გამოუძიებელი საქმე პოლიტიკური ოპონენტის წინააღმდეგ

26 თებერვალი, 2016 • 1147
მაჭავარიანი: ვიმედოვნებ, ეს არ იქნება გამოუძიებელი საქმე პოლიტიკური ოპონენტის წინააღმდეგ

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, მიხეილ მაჭავარიანი აცხადებს, რომ პარტია თავისუფალი დემოკრატების გენერალური მდივნის, ალექსი პეტრიაშვილის დაჭრა არ უნდა დარჩეს პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ განხორციელებულ გამოუძიებელ საქმეთა რიგში.

„ესაა შემაძრწუნებელი და მძიმე დანაშაული. ვიმედოვნებ, გამოძიება სწრაფად დასრულდება და არ ჩადგება იმ საქმეთა რიცხვში, რომელიც პოლიტიკური ოპონენტების წინააღდეგ ხორციელდება და გამოუძიებელი რჩება. ესაა იმ პოლიტიკის შედეგი, რომელიც ბიძინა ივაშვილმა დაამკვიდრა“ – განაცხადა მიხეილ მაჭავარიანმა.

პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა, რომ მომხდარი მაქსიმალურად მოკლე ვადებში გამოიძიოს.

“მომხდარით უკიდურესად შეშფოთებული ვარ და კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვაცხადებ, რომ კრიმინალი ჩვენს ქვეყანაში დაუსჯელი არ დარჩება,”– აცხადებს კვირიკაშვილი.

26 თებერვალს თბილისში, საბურთალოს რაიონში, უცნობმა პირებმა ალექსი პერტიაშვილს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ორივე ქვედა კიდური დაუზიანეს. შემთხვევა საბურთალოს პანთეონის ძმათა სასაფლაოს ტერიტორიაზე მოხდა.

შსს–ს ცნობით, საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი