ახალი ამბები

11 იანვარს საქართველოში პირველი ტექნოპარკი გაიხსნება

9 იანვარი, 2016 • 4698
11 იანვარს საქართველოში პირველი ტექნოპარკი გაიხსნება

ორშაბათს, 11 იანვარს საქართველოში პირველი ტექნოლოგიური პარკი გაიხსნება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო ავრცელებს.

ტექნოპარკი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ აშენდა. ის ოქროყანაში, ინოვაციების ქუჩა N7–ში მდებარეობს.

როგორც ტექნოკაპრკის ფეისბუკის გვერდზეა აღნიშნული, კვლევისა და განვითარებისთვის აუცილებელი დამხმარე ინფრასტრუქტურაზე წვდომა ღია დაშვების პრინციპით იქნება.

სააგენტოს ცნობით, ტექნოლოგიური პარკი დამწყებ და პატარა კომპანიებს შესთავაზებს ისეთ რესურსებს, რომლებიც მათთვის აქამდე ძნელად ხელმისაწვდომი იყო. სააგენტო ასევე აცხადებს, რომ ტექნოპარკი განსაკუთრებულ როლს ითამაშებს ახალი ბიზნესისა და ახალი კომპანიების შექმნაში, არსებული ბიზნესის განვითარებაში, ინოვაციების კომერციალიზაციასა და მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნაში.

“მაღალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების განვითარების ცენტრი მოიცავს როგორც მცირე ინკუბატორებს, სასწავლო ცენტრებსა და ლაბორატორიებს, ასევე დიდ ოფისებს კომპანიებისათვის, ერთობლივ სამუშაო ადგილებსა და რეკრეაციულ სივრცეს. პარკის ტერიტორიაზე იმუშავებს აქსელერატორი, მაღალტექნოლოგიური კომპანიების ტრენინგ-ცენტრები და შოუ-რუმები, იქნება მაღალტექნოლოგიური ინკუბატორი, სამრეწველო ინოვაციების უნივერსალური ლაბორატორია, co-working ცენტრი, საკონფერენციო დარბაზი და სხვა სერვისები, რომლებიც ხელს შეუწყობს მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიის განვითარებას. ტექნოლოგიური პარკის შექმნის მთავარი მიზანი არის ცოდნაზე დაფუძნებული მცირე და საშუალო საწარმოების რაოდენობის გაზრდა და მათი განვითარება. ტექნოლოგიური პარკი ასევე იძლევა უნიკალურ შესაძლებლობას, რომ საქართველოში დაფუძნდეს საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლობები და მოვიზიდოთ უცხოური ინვესტიციები,”– აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.

საქართველოში პირველ ტექნოლოგიურ პარკს  პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი გახსნიან.

ტექნოპარკი

ტექნოპარკი

 

მასალების გადაბეჭდვის წესი