ახალი ამბები

ბერძენიშვილი: პრემიერის გადადგომა არის ინვესტიცია მის პოლიტიკურ მომავალში

24 დეკემბერი, 2015 • 1060
ბერძენიშვილი: პრემიერის გადადგომა არის ინვესტიცია მის პოლიტიკურ მომავალში

საქართველოს პარლამენტის წევრი კოალიცია “ქართული ოცნებიდან” ლევან ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგა, თუმცა პოლიტიკაში აუცილებლად მოვა, შესაძლოა, ახალი გუნდით.

ლევან ბერძენიშვილმა არ იცის, სად მიდის ირაკლი ღარიბაშვილი, თუმცა სჯერა, რომ იგი შეეცდება იყოს პოლიტიკაში. ამის რწმენას ის მაგალითები უმტკიცებს, რაც საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში ხდება.

“როდესაც ადამიანი მიდის და ასახელებს სად მიდის, ასახელებს წავედი და დავბრუნდი “ქართუ ბანკში”, წავედი და გავხდები ეს, წავედი და უნივერსიტეტში წავიკითხავ ლექციებს, ესაა ერთი სცენარი. როდესაც გეუბნებიან წავედი და არ გეუბნებიან სად წავიდა, ესაა ის სცენარი, რომელსაც მე ვფიქრობ: წავიდა იმისთვის, რომ დარჩეს პოლიტიკაში. მე არ ვგულისხმობ, რომ ამ გუნდთან ერთად მოვა, ეს შეიძლება იყოს მისი დამოუკიდებელი პოლიტიკური მოღვაწეობა, ან დამოუკდიებელი პოლიტიკური გუნდი. მე რაც გითხარით, ეს არ ეყრდნობა ცონდას. ეს ეყრდნობა იმას, პოლიტიკაში როგორც ხდება ხოლმე. მე გადამდგარი კაცი, პოლიტიკიდან წასული ჯერ არ მინახავს. ის ახალგაზრდაა, ამბიციურია, უზარმაზარი გამოცდილება შეიძინა, იცნობს მსოფლიო ლიდერებს, აქვს გარკვეული ავტორიტეტი. რა თქმა უნდა, ამ კაპიტალს იგი გამოიყენებს”, – ამბობს ბერძენიშვილი.

პარლამენტარი ამბობს, რომ ირაკლი ღრიბაშვილის გადადგომა მისთვის მოულოდნელობა იყო. ბერძენიშვილი ვარაუდობს, რომ ღარიბაშვილმა დასახული ამოცანები შეასრულა და ახლა ახალ პოლიტიკურ ძალებს დაუთმო გზა.

“ამის გასაგებად [თუ რატომ დატოვა თანამდებობა ირაკლი ღარიბაშვილამა] სრულიად საკმარისია, რომ საქართველოში შესრულებული სამუშაოს შემდეგ ზოგიერთი მიდის ხოლმე. ასე წავიდა ბიძინა ივანიშვილი, მიუხედავად იმისა, რომ პიკში იყო თავისი პოპულარობის. რაც შეეხება, ირაკლი ღარიბაშვილს, მან, ეტყობა, ჩათვალა, რომ ამოცანები, რომელიც მან დაისახა, მიღწეულია. როგორც ჩანს, დასახული ამოცანები იყო, რომელიც შესრულდა. განსაკუთრებით ეს ეხება ლიბერალური სავიზო რეჟიმის სამოქმედო პროგრამას, რომლის ორკესტრირება, ძირითადი საქმიანობა, ხდებოდა აღმასრულებელი ხელისუფლებაში და ამ საბჭოს და ამ საქმიანობას ხელმძღვანელობდა ირაკლი ღარიბაშვილი. როგორც ჩანს, ეს ერთ-ერთი ის შესრულებული საქმეა, რომელიც მას მისცემს მომავალში საშუალებას, პოლიტიკური ცხოვრება გააგრძელოს. ვფიქრობ, რომ სწორედ ესაა საქმე, მან მიიჩნია, რომ ახლა უნდა წავიდეს, რათა ახალ ძალებს მიეცეს საშუალება არჩევნებისთვის მოემზადოს. თვითონაც, როგორც ჩანს, აპირებს პოლიტიკაში მოღვაწეობას, ძველ პარტნიორებთან, ახალ პარტნიორებთან, ეს მისი გადასაწყვეტია, მაგრამ ეს ნაბიჯი არის ინვესტიცია მის პოლიტიკურ მომავალში”, – ამბობს ბერძენიშვილი.

ლევან ბერძენიშვილს არ სჯერა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის თანამდებობის დატოვების გადაწყვეტლება ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილამა მიიღო.

“მე ვერ ვხედავ ბიძინა ივანიშვილის ინტერესს საახალწლოდ პრემიერ-მინისტრის წასვლაში. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ეს ბიძინა ივანიშვილმა უბრძანა და ეს გაკეთდა. მე ასე არ მომეჩვენა. არც მისი გუშინდელი გამოსვლა არ ტოვებდა ასეთ შთაბეჭდილებას. კულისებიდან მართვის სცენარი არათუ არ მიმაჩნია რეალისტურად, არამედ არ შეიძლება იყოს რეალისტური. ამხელა ქვეყანა კულისებიდან კი არა, საიდანაც იმართება, იქიდანაც ვერ იმართება. მაპატიეთ, მაგრამ ასე გულუბრყვილოდ ვერ შევხედავ ამ საქმეს. მე ხომ ვიცი, რას ვაკეთებ და ჩემი კომიტეტი რას აკეთებს, კულისებიდან ვერავინ ვერ მეხმარება და არ მეხმარება. როდესაც გასაჭირი არის ბრიუსელში ან სტრასბურგში, თედო ჯაფარიძე, ლევან ბერძენიშვილი და ვიქტორ დილიძე მიდიან და არა კულისები. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც არ არის რაღაცის დასასრული. ირაკლი ღარიბაშვილი, როგორც ჩანს, თვლის, რომ ეს არის მისი კარიერული წინსვლის დასაწყისი”, – ამბობს ლევან ბერძენიშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი