ახალი ამბები

გერგიევის დირიჟორობით გამართული კონცერტი ნიუ იორკში გააპროტესტეს

26 ოქტომბერი, 2015 • 2414
გერგიევის დირიჟორობით გამართული კონცერტი ნიუ იორკში გააპროტესტეს

აქციის მონაწილეების პლაკატებზე ეწერა: “არ დაუკრა პუტინის ნოტებზე”,”გერგიევი ომს უჭერს მხარს: რვა ათასი მოკლულია”, “25 მილიონი ლტოლვილია”, “იდირიჟორე მშვიდობით და არა ომით”, “გერგიევი მხარს უჭერს ომს უკრაინასა და საქართველოში”,”მაესტრო, თქვენ ყალბად უკრავთ”, “გერგიევს ომი უნდა. შენ?”

აქციის ერთ–ერთი ორგანიზატორი ვალენტინა ბარდაკოვა ამბობს, რომ საინიციატივო ჯგუფმა კრემლის მეხოტბე დირიჟორის პერფორმანსები ოცზე მეტჯერ გააპროტესტა და შემდეგშიც არ აპირებს მის “მიტოვებას”. და დასძენს:  “ჩვენ აქ ვდგავართ იმისთვის, რომ მის ფარისევლობასა და უსინდისობას შევეწინააღმდეგოთ, რადგანაც გერგიევი ხელოვნებასა და თავის არტისტულ რეპუტაციას ომის პროპაგანდისთვის  და კრემლის გათეთრებისთვის იყენებს”.

“ქართველები ყველანი მკვლელები ხართ! ოსებს გენოციდი მოუწყვეთ. სამხრეთ ოსეთი საქართველო არასოდეს ყოფილა!” – რუსულად დამჩხავლა ლინკოლნ ცენტრში ნიუ იორკის ფილარმონიის მიერ გერგიევის დირიჟორობით გამართული კონცერტის დასასრულს დარბაზიდან გამოსულმა ქალმა მაშინვე, როგორც კი ვუთხარი, რომ ქართველი ვარ და კაგებეშნიკურად ტვინის რეცხვის ეპოქა დასრულდა და ტყუილად ირჯება. ჩემ პასუხს მისი ყვირილი და პოლიციის ყურადღებაც მოჰყვა.

ჯგუფი Signerbusters (შეიძლება ითარგმნოს, როგორც “ხელისმომწერებზე მონადირეები”) ამერიკაში მცხოვრები უკრაინელებისგან შედგება, რომლებიც რუსეთის პრეზიდენტისადმი ყირიმის ანექსიის მხარდამჭერი წერილის ხელისმომწერებს (511 რუსი ხელოვანი), რომელთა შორის დირიჟორი ვალერი გერგიევი (ხელისმომწერი  N97) და ჯაზმენი იგორ ბუტმანია (N63), აქციებს უმართავენ.

უკრაინელები აშშ–ში ჩამოსულ ამ არტისტებს პიკეტით, მცირე პერფორმანსებით, გამვლელ–გამომვლებისთვის საინფორმაციო  ფურცლების დარიგებითა და პუტინის რუსეთში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შეხსენებით ხვდებიან. აქციის მონაწილეებს ბევრი შეურაცხმყოფელი რეპლიკის მოსმენაც უწევთ (როგორც წესი, რუსი ეროვნების წარმომადგენლებისგან). აქციებით ხშირად ინტერესდებიან გამვლელები, ერთხელ, ორმა ამერიკელმა, რომლებიც აქციის მონაწილეებს გაესაუბრნენ, პლაკატები მოითხოვეს და თავად დადგენენ Signerbuster –ების გვერდით.

პროტესტს რომ ყოველთვის აქვს აზრი, ამაზე თუნდაც ის მიუთითებს, რომ ბუტმანის Jazz at Lincoln Center–ში გამოსვლის შემდეგ, თავსხმა წვიმაში, როცა აქცია, ფაქტობრივად, დასრულდა, შემთხვევით ადგილზე შემორჩენილ აქციის ორ მონაწილესთან ადმინისტრაციის წარმომადგენელი გამოვიდა, საინფორმაციო ფურცელი გამოართვა და უკრაინელებს დალოდება სთხოვა. რაღაც პერიოდის შემდეგ დაბრუნდა და ერთ–ერთ მონაწილეს, ვლადიმირ დავიდენკოს უთხრა, რომ ბუტმანს უკრაინაზე სიტყვა ჩამოუგდო, მან კი არაადეკვატურად “იხუმრა” ყირიმთან დაკავშირებით, რაზეც ლინკოლნ ცენტრის წარმოადგენელმა უპასუხა, რომ ეს სულაც არაა სასაცილო თემა. მან აქციის მონაწილეებს ადმინისტრაციის გადაწყვეტილება გააცნო, რომ ბუტმანი  Jazz at Lincoln Center–ში არასოდეს გამოვა.

“რუსეთი უკრაინასთან ომს არ აპირებს, მაგრამ თუ ქვეყნის ხელმძღვანელობა ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს მხოლოდ უკრაინის მოქალაქეების დაცვისთვის იქნება. აბა, სცადონ (უკრაინელმა) სამხედროებმა თავის ხალხს ესროლონ, რომელთა უკან ჩვენ ვიქნებით. წინ კი არა,  არამედ – უკან. აბა, გაბედონ ესროლონ ქალებსა და ბავშვებს” – საჯაროდ გაამხილა პუტინმა მისი ტექნიკური ილეთის – “დომაშნაია ზაგადოვკას”, შესახებ მანამდე, სანამ ყირიმში შეიჭრებოდა.

2014 წლის 11 მარტს რუსეთში კულტურის მოღვაწეთა რაღაც ნაწილმა მხარი დაუჭირა ე.წ. “ადამიანთა ფარის” გამოყენებას და ამით პუტინის ომის მომხრეთა სიაში ოფიცილურად ჩაეწერა (სია რუსეთის კულტურის სამინისტროს ვებგვერდზეა გამოქეყნებული).  მიმართვაში საბჭოთა ინტელეგენტები აღნიშნავენ, რომ მათ უკრაინელებთან აერთიანებთ “საერთო კულტურა,  მისი სულიერი ფესვები და ფუნდამენტალური ღირებულებები”, რეალირად კი გერგიევისნაირები მხარს უჭერენ საბჭოთა კავშირის აღდგენას, დამოუკიდებელი ქვეყნების ოკუპაციას იმის მაგივრად, რომ მშვიდობასა და ადამიანის უფლებების პრიმატს ქადაგებდნენ ანდა თავიანთი აგრესიული მსოფლმხედველობა თავისთვის დაიტოვონ.

მასალების გადაბეჭდვის წესი