ახალი ამბები

პუტინმა კიევის არჩევნების შედეგები ფრთხილად უნდა დააგემოვნოს

17 თებერვალი, 2010 • 1078
პუტინმა კიევის არჩევნების შედეგები ფრთხილად უნდა დააგემოვნოს

სტეფან უეგსთილი, Financial Times, თარგმანი: ForeignPress.ge

ვლადიმერ პუტინისთვის უკრაინის არჩევნების შედეგები ტკბილია. მაგრამ რუსეთის პრემიერ–მინისტრი ვიქტორ იანუკოვიჩის წარმატებით მიღებულ სიმოვნებას გარკვეული სიფრთხილით უნდა მოეკიდოს – მას შეიძლება უცნაური გემო ახლდეს.  

პირველი დაგემოვნების დროს პუტინისთვის შემაშფოთებელი შეიძლება არაფერი იყოს. კიევის პრო–დასავლური პრეზიდენტი ვიტორ იუშჩენკო ყველას მხრიდან „გაილახა“ და პირველივე ტურში დამარცხდა, მოიპოვა რა ამომრჩეველთა ხმების მხოლოდ 5% – სამარცხვინო შედეგი ნარინჯისფერი რევოლუციის გმირისთვის, რომელიც ნატოს აქტიური მხარდამჭერი გახლდათ.

ბატონი იანუკოვიჩი, რომელმაც კვირას ფინალურ რაუნდში იულია ტიმოშენკო დაამარცხა, წამყვან საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის ყველაზე პრო–რუსული ფიგურაა, და ეს იმის მიუხედავად, რომ მის სიმპატიებს აჭარბებს მისი დამოკიდებულება მის რეალურ პატრონებზე, უკრაინის მილიარდერ მეწარმეებზე.

ბატონი პუტინისთვის სასიამოვნოა ის ფაქტიც, რომ ეს სწორედ ის იანუკოვიჩია, რომელიც 2004 წელს დამარცხდა, როდესაც მოსკოვის მხრიდან ღიად მხარდაჭერილი კანდიდატი იყო. შეცდომებისკენ მიდრეკილი ყოფილი კრიმინალი „კაგებეს“ ყოფილი პოლკოვნიკის საუკეთესო თანამებრძოლი არ არის. თუმცა კრემლთან ის დავალებულია.

ბატონი იანუკოვიჩის გამარჯვება, სავარაუდოდ სულაც არ ნიშნავს რუსეთზე ორიენტაციის თვალსაზრისით რაიმე დრამატულ ცვლილებას უკრაინის საგარეო პოლიტიკაში. დიდი ცვლილება 2008 წელს მოხდა, როდესაც ნატომ უარი თქვა გაფართოებასა და საკუთარ რიგებში უკრაინის (ან საქართველოს) მიღებაზე რუსეთის შეურაცხყოფის შიშით. საკითხი აქტუალური გახდა საქართველოს ომის დროს. ბატონი იუშჩენკოსთვის, რომელმაც უფრო ადრე აღმოაჩინა, რომ ევროკავშირს საკუთარ რიგებში უკრაინის მიღება არ სურდა – ეს იყო ოცნების დასასრული.

მოგვიანებით, კიევი უფრო დაბალანსებულ მიდგომას არჩევდა. ქალბატონი ტიმოშენკო, როგორც პრემიერ–მინისტრი, ევროკავშირთან ინტეგრაციის პარალელურად ურთიერთობებს ანვითარებდა ბატონ პუტინთანაც. ბატონი იანუკოვიჩის შემთხვევაში რუსული ფაქტორი გაძლიერდება, თუმცა ევროპასთან თანამშრომლობის პოლიტიკაც ძალაში დარჩება.

მაგრამ ზედაპირს მიღმა არსებობს დაფარული საფრთხეები  ბატონი პუტინისთვის. ნარინჯისფერი რევოლუციის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა მოსკოვისგან გამიჯვნასა და დასაველეთთან მიერთებაში არ მდგომარეობდა. ეს ნაკლებად მოსალოდნელი იყო, თუკი ამ ორ ქვეყანას შორის მრავალრიცხოვან კავშირებს გავითვალისწინებთ. და თუკი ოდესმე მოვლენები ამ მიმართულებით ვითარდებოდა, რუსეთს სერიოზული ბერკეტები გააჩნდა ამ პროცესის აღკვეთისთვის, როგორიცაა, მაგალითად სეპარატიზმის გაღვივება ყირიმში.

ის, რამაც რეალურად შეაშფოთა პუტინი იყო „ნარინჯისფერი რევოლუციის“ პოლიტიკური გავლენა რუსეთზე. ეს იყო დემოკრატიული გამოწვევა, თუნდაც ირიბი, მისი ავტორიტარული სტრუქტურების წინააღმდეგ. იმ საპროტესტო ტალღების გათვალისწინებით, რომლებმაც თითქმის იმავდროულად მოიცვა საქართველო და ყირგიზეთი, სადაც მოქმედი ლიდერები დაამხეს, შესაძლებელი იყო იმის დაჯერება, რომ ლიბერალიზაციის პროცესი სულ უფრო ვცელდებოდა ყოფილ საბჭოთა კავშირში – და საბოლოო სამიზნე შეიძლება რუსეთი გამხდარიყო.
იხილე სტატია სრულად –>

მასალების გადაბეჭდვის წესი