ახალი ამბები

პარლამენტმა ეროვნული ბანკის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია

3 სექტემბერი, 2015 • 1507
პარლამენტმა ეროვნული ბანკის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია

საკანონმდებლო პაკეტი 14 კანონში შესატან ცვლილებებს ითვალისწინებდა. პარლემენტმა 14–ვე კანონში შესატან ცვლილებებს კენჭი ცალ–ცალკე უყარა და პრეზიდენტის ვეტო თითოეულ შემთხვევაში დაძლია.


31 ივლისს პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტს, საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ვეტო დაადო. პრეზიდენტმა მაშინ განაცხადა, რომ ეროვნული ბანკის ინსტიტუტი საქართველოს კონსტიტუციაშია გაწერილი და ის იმსახურებს მაღალ შეფასებას საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან.

 

“არგუმენტები, რატომ უნდა შევცვალოთ ეს საკონსტიტუციო ინსტიტუტი, ნაკლებად ისმის”, – განაცხადა მარგველაშვილმა.

 

გარდა ამისა, 1 და 2 საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი კვერენჩხილაძემ და ეკონომიკურმა მრჩეველმა, გიორგი აბაშიშვილმა კანონმდებლებს „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“ კანონპროექტზე და მისგან გამომდინარე კანონპროექტთა პაკეტზე, პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები წარმოუდგინეს

 

3 სექტემბერს პლენარულ სხდომაზე პრეზიდენტის მიერ პარლამენტში გაგზავნილ მოტივირებულ შენიშვნებსაც უყარეს კენჭი. პარლამენტმა პრეზიდენტის შენიშვნებს მხარი არ დაუჭირა. 

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები პლენარულ განხილვებზე არ ეთანხმებოდნენ პრეზიდენტის პოზიციას. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, თამაზ მეჭიაურმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის მიერ კანონპროექტზე ვეტოს დადება პოლიტიკურად იყო მოტივირებული.

 

 

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც საქართველოს ეროვნული ბანკიდან საბანკო ზედამხედველობის გამოყოფას ითვალისწინებს, პარლამენტში 2015 წლის 21 მაისს დარეგისტრირდა. კანონპროექტის ავტორები დეპუტატები თამაზ მეჭიაური და ნოდარ ებანოიძე არიან. 

 

მესამე მოსმენით 17 ივლისს პარლამენტმა კანონპროექტი უმრავლესობით (80 მომხრე, 1 წინააღმდეგი) მიიღო. 

 

კანონპროექტს აკრიტიკებდნენ როგორც საპარლამენტო ოპოზიცია, ასევე პრეზიდენტის ადმინისტრაციაც. “თავისუფალი დემოკრატები” აცხადებდნენ, რომ თუკი პარლამენტი კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევდა, ისინი კანონს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებდნენ

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი