ახალი ამბები

ბათუმი – კაზინოებით მიმზიდველი ადგილი რუკაზე

30 ივლისი, 2015 • • 4885
ბათუმი – კაზინოებით მიმზიდველი ადგილი რუკაზე

ყველაზე დიდი კაზინო კავკასიაში – ასე აფასებს სასტუმრო “ლეოგრანდის” მენეჯმენტი ამავე სახელწოდების კაზინოს, რომელიც ბათუმში გასულ კვირას გახსნეს. აი, რა წერილობითი განმარტება გააკეთეს ახალ კაზინოსთან დაკავშირებით “ლეოგრანდში”: “სასტუმრო “ლეოგრანდი” დაკომპლექტებულია 180 მდიდრული ოთახით, 5 საკონფერენციო დარბაზით, ღია ტერასით, სპა ცენტრით, ღამის კლუბითა და კავკასიაში ყველაზე დიდი და მდიდრული კაზინოთი.

 

კაზინო ლეოგრანდში განთავსებულია 24 სათამაშო მაგიდა, 280 პოპულარული სათამაშო აპარატი, VIP სალონი 500 კვადრატულ მეტრზე, კაზინოს სტუმრებს მოემსახურება ორი ბარი და რესტორანი საერთაშორისო სამზარეულოთი. კაზინო “ლეოგრანდი” მოიცავს 3 სართულს და
3000 კვადრატულ მეტრს.

 

სასტუმრო “შერატონთან” არსებულ კაზინო “მშვიდობასთან” შედარებით, რომელიც ბათუმში ერთ-ერთი პირველი იყო და რომელიც ამ დროისთვის 20 მაგიდით ოპერირებს ბაზარზე, მართლაც შთამბეჭდავია ახალი კაზინოს მასშტაბები.

 

“ლეოგრანდის” გარდა, გასულ კვირას ბათუმში კიდევ ერთი – კაზინო “კამპიონე” გაიხსნა. “კამპიონე” მსგავსი მასშტაბების არ არის, მაგრამ ბათუმში გამორჩეული დიზაინის შენობაშია განთავსებული. აგვისტოში კი სასტუმრო “ჰილტონში” კაზინო “ავსტრიას” გახსნაა დაგეგმილი.

 

ამათ გარდა თავიანთი ინიციატივით კაზინოს გახსნას აპირებენ: TAM GEO (“ბაბილონ თაუერი”), “სისთემ ინშაათი”, “პრეზიდენტ პალასი”, “ბათუმი თაუერი”.

 

რა სარგებელს ნახულობს ქვეყანა კაზინოებისგან

 

ერთი კონკრეტული ციფრის დასახელება, თუ რა თანხა შედის კაზინოებიდან წლის განმავლობაში ქვეყნის ბიუჯეტში, “ბათუმელებისთვის” შეუძლებელი აღმოჩნდა, მიუხედავად იმისა, რომ ვცადეთ შესაბამისი ინფორმაციის შესაბამისი საჯარო უწყებებიდან გამოთხოვა. უხეში გათვლებით კი, იმ კომპანიების მიერ, რომლებიც ბათუმში კაზინოებს ფლობენ ქვეყნის ბიუჯეტში, გასული წლის განმავლობაში, 46 მილიონზე მეტი ლარი შესულა.

 

წელს – ექვსი თვის მონაცემით, ეს ციფრი 31 მილიონზე მეტია. უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ წლის ბოლოსთვის უფრო მეტი თანხა იქნება ბიუჯეტში მობილიზებული, ვიდრე გასულ წელს. ცხადია, ეს იმასაც ნიშნავს, რომ კაზინოებისთვის ბათუმი ერთ-ერთი საუკეთესო ბაზარია.

 

იმავეს ადასტურებს კაზინო “მშვიდობას” ერთ-ერთი მენეჯერი, შოთა ამირანაშვილის თქმით, “ბათუმში კაზინოების მატებასთან ერთად, კლიენტების რაოდენობაც მატულობს”.

 

კაზინოებიდან ბიუჯეტში შენატანი თანხა მხოლოდ ეს არ არის. გასულ წელს ბათუმში სათამაშო ბიზნესიდან მოსაკრებლებმა 7 102 303 ლარი ბოლო თექვსმეტ თვეში კი, ქვეყანაში არსებული სამორინეების მაგიდებიდან ბიუჯეტში სულ 30 904 479 ლარია მობილიზებული.


 

გარდა მაგიდების მოსაკრებლისა, კაზინოები ასევე იხდიან სალიცენზიო მოსაკრებელსაც. მაგალითად, შარშან ბათუმში არსებული კაზინოების სალიცენზიო მოსაკრებელი 1 250 000 ლარი ყოფილა. კაზინოებისგან ამ მიმართულებით ბიუჯეტში წელს 1,5 მილიონი ლარი შევიდა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ შარშან მოქმედი კაზინოებიდან სალიცენზიო მოსაკრებელს
მხოლოდ ხუთი კაზინო იხდიდა, ხოლო სამი ამ მოსაკრებლისგან გათავისუფლებული იყო.

 

 

კაზინოების ლიცენზიებიდან ქვეყნის ბიუჯეტში 26 750 000 ლარი შესულა (100-ნომრიან სასტუმროებთან არსებული კაზინოები სალიცენზიო მოსაკრებელს ბათუმში არ იხდიან. ხოლო ისინი, რომლებიც 100-ნომრიან სასტუმროს გარეშე მუშაობენ – ლიცენზიაში 250 ათას ლარს იხდიან ყოველწლიურად. თბილისში კაზინოს ლიცენზიის მოპოვება კი 5 მილიონი ლარი ღირს).

 

 

კაზინოები გარკვეულ გადასახადებს იხდიან მუნიციპალურ ბიუჯეტშიც, მაგალითად, ექვს თვეში ბათუმის ბიუჯეტში მაგიდების მოსაკრებლისგან 2 667 000 ლარი შევიდა. სათამაშო აპარატებიდან კი – 3 984 320 ლარი. ეს იმაზე მეტია, რაც 2012 წელს მთელი წლის განმავლობაში იყო მობილიზებული.

 

 

ბათუმის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსის არჩილ ვანაძის ინფორმაციით,ბათუმში არსებულ კაზინოებში, წელს ორი ახალი კაზინოს გახსნამდე, სულ 72 სათამაშო მაგიდა და 949 სათამაშო აპარატი იყო რეგისტრირებული. კანონის მიხედვით, ერთ მაგიდაზე კაზინო 18 ათას ლარს იხდის კვარტალში, ხოლო 2 ათას ლარს – სათამაშო აპარატზე.

 

კაზინო, როგორც ბიზნესი

 

ვის არ სმენია იმის შესახებ, თავისი ნათესავის, მეგობრის, მეზობლის, უბრალოდ ნაცნობის ოჯახის წევრმა, “თუ როგორ დაღუპა ოჯახი – ითამაშა და ბინა წააგო”.

 

კაზინოები თავიანთ უარყოფით “სიტყვას ამბობენ” ოჯახების დანგრევის სტატისტიკაშიც.
ბევრი ლეგენდა და რეალური ისტორია არსებობს იმის შესახებ, თუ როგორ ღატაკდებიან საქართველოს მოქალაქეები კაზინოებში გართობით. არსებობს მოსაზრება, რომ კანონმდებლობა კაზინოების ბიზნესისთვის ყველაზე ლიბერალურია და საჭიროა მისი გამკაცრება – მაგალითად, არსებობს მოთხოვნა, რომ ასაკობრივი შეზღუდვა გაიზარდოს და ნაცვლად 21 წლისა, კაზინოში შესვლის უფლება მიეცეთ მხოლოდ 25 წელს გადაცილებულ ადამიანებს. ამ საკითხზე დისკუსია ბოლო სამი წელია მიმდინარეობს, მაგრამ ეს მოსაზრება დისკუსიის მიღმა არ წასულა.

უკვე რამდენიმე წელია ასევე გარკვეულ წრეებში, მათ შორის პოლიტიკოსებშიც, არსებობს მოთხოვნა, თავად კაზინოებმა იზრუნონ კაზინოდამოკიდებული საქართველოს მოქალაქეების ეგრეთ წოდებული “შავი სიის” შედგენაზე და ისინი აღარ დაუშვან სათამაშო აპარატთან.

 

ამ მოსაზრების ავტორებს მიაჩნიათ, რომ კაზინოდამოკიდებულ ადამიანს ისევე სჭირდება მკურნალობა, როგორც ადამიანს, რომელმაც ნარკოტიკის ზედმეტი დოზა მიიღო.

კიდევ ერთი ჯგუფის მოსაზრებით, კაზინოში შესვლა უნდა აიკრძალოს საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, მაგრამ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს კიდევ უფრო მეტი კომფორტი უნდა შეუქმნან, რაც შეიძლება ბევრი ადამიანი რომ შემოვიდეს და ქვეყანამ უფრო მეტი სარგებელი მიიღოს ამ ბიზნესის წყალობით.

 

კაზინოების ბიზნესი საქართველოში

 

მეტწილად თურქული ინვესტიციით იწყება – თუ კაზინოების წარმომადგენლებს მოვუსმენთ, მათი კლიენტებიც, ძირითადად უცხოეთიდან უნდა შემოდიოდნენ. ბათუმურ კაზინოებში სათამაშოდ მოდიან როგორც ჩარტერული რეისებით, ისე რკინიგზითა და სამარშრუტო ტაქსებითაც კი.

ქართულ კაზინოებს განსაკუთრებით ბევრი მომხმარებელი ჰყავს თურქეთიდნ, ისრაელიდან, რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან.

იმავეს ირწმუნება შოთა ამირანაშვილი, სასტურო “მშვიდობას” აღმასრულებელი დირექტორის თანაშემწე: “ჩვენი კაზინოს მაგალითზე შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენი კლიენტების 96% არის თურქეთის მოქალაქე. ამას თავისი ახსნა აქვს – ჩვენ გვაქვს თურქული მენეჯმენტი, მოგეხსენებათ თურქები თურქებთან დადიან. ასევე შექმნილი გვაქვს თურქებისთვის კომფორტული სერვისი, დაწყებული თურქული სამზარეულოდან, დამთავრებული თურქულენოვანი მომსახურე პერსონალით”.

 

შოთა ამირანაშვილის თქმით, მათთან კლიენტები თბილისიდან და აზერბაიჯანიდან მხოლოდ ზაფხულში თუ შეივლიან, ხოლო ბათუმელი კლიენტები მათ მონაცემთა ბაზებში საერთოდ არ ფიქსირდებიან.

 

“ალბათ, ქართველები იმ კაზინოებს არჩევენ გასართობად, სადაც უფრო ქართულენოვანი გარემოა”, – ვარაუდობს შოთა ამირანაშვილი.

 

რაც შეეხება კანონმდებლობას, შოთა ამირანაშვილიც იზიარებს მოსაზრებას, რომ კანონი სათამაშო ბიზნესის შესახებ, ლიბერალურია. მენეჯერის თქმით, კანონის გამკაცრება დაუშვებელია, რადგან “ჩვენ არ ვართ ის ქვეყანა, რომ კაზინოების ბიზნესს შეზღუდვები დაუწესდეს”.

 

რაც შეეხება აკრძალვას, შოთა ამირანაშვილს მიაჩნია, რომ ნებისმიერი აკრძალვა უაზრობამდე და დანაშაულის ზრდამდე მიიყვანს ქვეყანას: “როგორც კი აიკრძალება, პროცესები გადავა იატაკქვეშეთში და დაიწყება დაუსრულებელი მოგკლავ, მიგასიკვდილებ საქმის გარჩევები. კაზინო სამეზობლოში აკრძალულია ყველგან, გარდა სომხეთისა, სადაც სუსტად არის განვითარებული ეს ბიზნესი, მაგრამ რაც ხდება, ხომ ვხედავთ”.

 

რეალურ გარემოში არსებულ კაზინოებს ბოლო წლებში ელექტრონული კაზინოებიც დაემატა. ბათუმში 5 ელექტრონული კაზინოა დაფიქსირებული. ციფრულ სივრცეში კაზინოს ლიცენზია 30 ათასი ლარი ღირს. კაზინოები აკრძალულია საქართველოს
თითქმის ყველა მეზობელ ქვეყანაში, შესაბამისად, ყველა ამ ქვეყანაში მცხოვრები აზარტული თამაშების მოყვარულთათვის საქართველო, ბათუმი, ერთ-ერთი ყველაზე სასურველი ადგილია რუკაზე არსებულ ადგილებს შორის.


აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში კაზინოების გახსნის ვალდებულება აქვთ შემდეგ კომპანიებს:

#

კომპანიების დასახელება, რომლებსაც კაზინოს გახსნა დაავალდებულა სახელმწიფომ

ხელშეკრულების გაფორმების თარიღ

1

შპს „ქროსვეისი”

02.07.2008

2

შპს „აქთივ ბათუმი“

30.03.2010

3 შპს ADOG-GEORGIA

31.12.2010

4 შპს GIMG

20.10.2006

5

 სს “ია-ფეთ იალჩინ პეტროლ თურიზმ თიჯარეთის წარმომადგენლობა საქართველოში”

16.04.2015

6

სს „მეტრო ატლას ჯორჯია”

06.02.2012

7 სს „მეტრო ატლას ჯორჯია”

03.06.2015

8

შპს „ეიერ-მერიდიანსი”

03.06.2015

 

 

ბათუმში სამორინეს მოწყობის ნებართვის მქონე გადამხდელების მიერ ბიუჯეტში გადახდილი გადასახადები:

გადასახადის დასახელება 2014 წელი 

2015 წელი (6 თვე)

აქციზის გადასახადი

13 106,40

1 895,59

დღგ

5 158 361,46

3 610 761,7

იმპორტის გადასახადი

18 105,32

1 966,36

მიწა – არასასოფლო

2 870

 

მოგების გადასახადი

19 010 195,78

5 250 116,73

საშემოსავლო გადასახადი

21 665 359,45

11 783 925,30

სხვა ჯარიმები

61 222,08

1 500

ქონების გადასახადი

373 679,65

357 769,18

სულ

46 302 900,14

31 007 935,03


მასალების გადაბეჭდვის წესი