ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ომი წიგნებით

28 აპრილი, 2015 • • 2444
ომი წიგნებით

სოხუმი მოუწოდებს საზოგადოებას, მისი პოლიტიკა განიხილონ მხოლოდ იმ რაკურსში, რომ თავის სახელმწიფოში წესრიგის დამყარებას ცდილობს. თუმცა ეს აუცილებლად შექმნის სერიოზულ პრობლემებს და წინაღობას გალში, ადგილობრივი ბავშვებისთვის მშობლიურ, ქართულ ენაზე სწავლების კუთხით.  

გასული წლის ზაფხულში, როცა აფხაზეთში წინასაარჩევნო ბრძოლა იყო გაჩაღებული, გალში ამომრჩევლებთან შესახვედრად ერთ-ერთი პრეზიდენტობის კანდიდატი მერაბ ქიშმარია ჩავიდა. ოპონენტების მიმართ ექსპრესიული და გესლიანი განცხადებების გამო მას ხუმრობით “აფხაზი ჟირინოვსკი” შეარქვეს. ქართულ-აფხაზური ომის დამსახურებულმა ვეტერანმა, რომელიც მრავალი წლის მანძილზე იკავებდა თავდაცვის მინისტრის პოსტს, წინასაარჩევნო პერიოდში თავის გუნდში მიიღო ახალგაზრდა ბიზნესმენი საიდ ლოლუა. ეს უკანასკნელი ადგილობრივი პოლიტიკოსების ჯგუფისგან აშკარად გამოირჩევა თავისი განცხადებებით ეკონომიკის ლიბერალური რეგულირების შესახებ.

შეხვედრაზე, რომელიც გალში გაიმართა, ქიშმარია ხშირ-ხშირად ახსენებდა, რომ დედამისი მეგრელი იყო და ენგურის იქითა მხარეს გაიზარდა, რაც აუდიტორიის ჩართულობას უწყობდა ხელს. თუმცა მას შემდეგ, რაც სიტყვა მისმა ახალგაზრდა პარტნიორმა გადაიბარა, პუბლიკა დამუნჯდა. საიდმა საუბარი ადგილობრივ სკოლებში ქართულ ენაზე სწავლების გაუქმების აუცილებლობაზე დაიწყო. მან თქვა, რომ ქართული სახელმძღვანელოების ნაცვლად აუცილებელია დაინერგოს, როგორც მინიმუმ, მეგრულ ენაზე გამოცემული წიგნები.

მე, როგორც გარეშე ადამიანმა, მაშინ ამას განსაკუთრებული ყურადღება არ მივაქციე: “თქვა ადამიანმა და დაავიწყდებათ, ქიშმარია ხომ მაინც ვერ გახდება პრეზიდენტი”. ჩემს მეგობარს კი, რომელიც გალის რაიონის ქვედა ზონაში ცხოვრობს, ეს სიტყვები არ დავიწყებია ამ შეხვედრის დასრულებიდან კიდევ დიდხანს, რადგან ფიქრობდა, რომ მსგავსი გამოსვლები ცუდის ნიშანია.

სკოლა სოფელ ნაბაკევში, 2013 წელი, ფოტო: ოლესია ვართანიანი
სკოლა სოფელ ნაბაკევში, 2013 წელი, ფოტო: ოლესია ვართანიანი

 

სოხუმის მთავრობა მოუწოდებს საზოგადოებას, რომ არ მოახდინონ გალში ახალი სახელმძღვანელობის შეტანის თაობაზე მისი გადაწყვეტილების პოლიტიზება. მთავრობა აპელირებს იმაზე, რომ აუცილებელია ადგილობრივი სასწავლო პროგრამები იყოს იმის შესაბამისი, რითაც აფხაზეთის დანარჩენ სკოლებში ასწავლიან მოსწავლეებს. სოხუმში მიიჩნევენ, რომ ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს განხილული, როგორც მშობლიურ ენაზე სწავლების აკრძალვა, მით უმეტეს – ქართული მოსახლეობის შევიწროების მცდელობად. მაგრამ თუკი დეტალებს ჩავუღრმავდებით, ყველაფერი ასე მარტივად არ არის.

გალის რაიონში 11 ქართული სკოლაა. ეს ერთადერთი სექტორია ამ მეჩხრად დასახლებულ რაიონში, რომელიც გამართულად მუშაობს და აკავშირებს ადგილობრივ მოსახლეობას თავის თემთან. თუკი არ იქნება სკოლები, რაიონი სრულად დაიცლება. ქართული სკოლების გარეშე გალის რაიონში ქართული სოფლები აღარ იარსებებს.

სახელმძღვანელოები, რომლებითაც იქ ასწავლიან, უკვე მრავალი წელია თბილისიდან იგზავნება. ყველა წიგნი, დაწყებული ინფორმატიკით, დამთავრებული ისტორიითა და გეოგრაფიით, დაწერილია ქართველი ავტორების მიერ და დაბეჭდილია ქართული გამომცემლობების მიერ. დე ფაქტო რესპუბლიკის ახალ ხელისუფლებას არ გაჭირვებია ენახა ამ წიგნებში რუკები, რომლებზეც აფხაზეთი საქართველოს ნაწილადაა  აღნიშნული, რუსეთი კი “აგრესორად” იწოდება, რომელმაც ხალხებს შორის ომის პროვოცირება მოახდინა.

“ჩემთვის ცნობილია ზოგიერთი სახელმძღვანელოს შესახებ, რომლებიც გალის რაიონის სკოლებშია,” – განაცხადა მარტის შუა რიცხვებში გალში ვიზიტის დროს აფხაზეთის ლიდერმა რაულ ხაჯიმბამ – “ჩვენ ერთად ვცხოვრობთ ამ მიწაზე და ჩვენ უნდა შეგვტკიოდეს გული იმ სიტუაციაზე, რაც შეიძლება ჩამოყალიბდეს ჩვენს ურთიერთობებში აქ, გალის რაიონის შიგნით და მთლიანად აფხაზეთში. როდესაც გარეკანზე გამოსახულია აფხაზეთი და საქართველო და მათ შორის ამ ტერიტორიების გამყოფი რუსული დათვი – ეს არ არის ის იდეოლოგია, რომელიც ჩვენ დაგვეხმარება”.

თემურ ნადარაია პრესკონფერენციაზე ქართულ სახელმძღვანელოს აჩვენებს, ფოტო: გაზეთი
თემურ ნადარაია პრესკონფერენციაზე ქართულ სახელმძღვანელოს აჩვენებს, ფოტო: გაზეთი ‘ნუჟნაია’

 

ხაჯიმბამ დაავალა განათლების მინისტრს, რომ მიმდინარე წლის სექტემბრისთვის ამოიღოს სწავლებიდან ყველა ქართული სახელმძღვანელო, ჯერ – მხოლოდ დაწყებით კლასებში. მათ ნაცვლად სოხუმის მთავრობა აპირებს საკუთარი გამომცემლობების წიგნების მიწოდებას გალში.

სოხუმის ხელისუფლების ჩანაფიქრი ჩავარდნისთვისაა განწირული. მას ერთი ფუნდამენტური პრობლემა აქვს – გაცხადებული რეფორმა არ არის გააზრებული და მისი განხორციელების რესურსი არ არსებობს.

დავიწყებ მარტივით – აფხაზეთში არასოდეს გამოიცემოდა წიგნები ქართულ ენაზე. ყველა სკოლის სახელმძღვანელო იქ მხოლოდ რუსულ და აფხაზურ ენაზე გამოიცემა. იმისათვის, რომ გადაითარგმნოს ეს წიგნები ქართულად, საჭიროა ფული და სპეციალისტები – არც ერთსა და არც მეორეზე სოხუმში ჯერ არაფერი უთქვამთ.

მეორე პრობლემა – თუკი სოხუმის ხელისუფლება დაივიწყებს გადათარგმნის იდეას და გადაწყვეტს გალის სკოლებში რუსულ და აფხაზურ ენებზე წიგნების გაგზავნას, ადგილებზე ამ წიგნებით სწავლებას ვერავინ შეძლებს. ამ რაიონში ცუდად იციან რუსული და, მით უმეტეს, არა იმ დონეზე, რომ გაიგონ, რა წერია წიგნებში და აუხსნან ეს ბავშვებს, რომელთა სახლებშიც საუბრობენ ქართულ და მეგრულ ენებზე.

რა თქმა უნდა, შეიძლება ფანტაზიორობა და ვარაუდი, რომ სოხუმში, აი, ახლა დაიწყებენ სერიოზული რეფორმის შემუშავებას: იპოვნიან სპეციალისტებს, დაიწყებენ ქართულ ენაზე პროგრამებზე მუშაობას, გალის საგანმანათებლო კონტიგენტის გადამზადებას, ან დაიქირავებენ ჩამოსული პედაგოგების ჯგუფს და გადაუხდიან მათ უფრო მეტ ფულს, რომ ასწავლონ ამ ნაკლებად დასახლებულ რაიონში. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს მოხდება. მაშინ კი სოხუმში მთავრობას ორი გამოსავალი დარჩება: თვალი დახუჭონ იმაზე, რომ გალში აგრძელებენ სწავლებას იმავე წიგნებით, რომლებითაც ასწავლიდნენ, ან ძალით გაატარონ რეფორმა და დააშინონ ადგილობრივი მასწავლებლები და ბავშვები. გალის რაიონში რომ ცხოვრობდეთ, არც ერთი ეს ვარიანტი არ მოგეწონებოდათ, რადგან ზუსტად გეცოდინებოდათ, რომ საბოლოო ჯამში, ამ ყველაფრის “სამიზნე” ადგილობრივი მოსახლეობაა და არა ის ვიღაც სოხუმში, ვისაც თავში მოუვიდა წიგნებთან დაკავშირებული იდეა.

ომი წიგნებით – ეს მთლად აფხაზური გამოგონება არაა. არ მოვიშველიებ სახელოვან ავტორებს პოსტკონფლიქტური განათლების სფეროში, რომლებმაც სრულად შეისწავლეს ეს თემა. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ წიგნები, რომლებითაც ასწავლიან რეგიონებში, სადაც ომი გადაიტანეს, თითქმის მუდამ ასახავს იმას, თუ როგორ ხედავენ მხარეები “მტერს” და ისტორიის როგორი ფორმულირებით სურთ, რომ მათი შთამომავლები აღიზარდონ.

თუკი ამ კონცეფციას ავიღებთ საფუძვლად, მაშინ სოხუმის ხელისუფლების გადაწყვეტილება სავსებით მოსალოდნელი იყო. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში სოხუმი აწარმოებს მიზანმიმართულ პოლიტიკას მისი ახალგაზრდა თაობის აღზრდის კუთხით, რომელსაც არ უნახავს ქართულ-აფხაზური დაპირისპირება. ომზე, რომელსაც აფხაზეთში უწოდებენ “სამამულოს”, იღებენ ფილმებს, წერენ წიგნებს, აკეთებენ გადაცემებს სატელევიზიო არხებზე, ატარებენ ღია გაკვეთილებს სკოლებში. არავინ აკეთებს ამ წყაროებისა და შეხვედრების შინაარსობრივ ანალიზს და ამიტომაც მე, როგორც ადამიანმა, რომელიც ყურადღებით აკვირდება ამ პროცესებს არაერთი წელია, შემიძლია ვისაუბრო მხოლოდ პირად შთაბეჭდილებებზე დაყრდნობით: ყოველწლიურად ქართველი მტრის ხატი სულ უფრო მძიმდება, აფხაზი მეომრების გმირობები – უფრო მნიშვნელოვანი ხდება, ომში გამარჯვება კი – შეუქცევადი.

ის, რომ ამ კამპანიამ მხოლოდ ახლა მიაღწია გალის რაიონამდე, სოხუმში ხელისუფლების ცვლილების შედეგია. გასულ წელს ხაჯიმბა ხელისუფლებაში მოვიდა სწორედ აღმოსავლეთ აფხაზეთში მცხოვრები ქართველების პასპორტიზაციის წინააღმდეგ პროტესტის ტალღაზე. ათობით ათასი ადამიანი, რომლებიც ცხოვრობენ გალისა და ოჩამჩირის რაიონებში, უკვე მეორე წელია იმყოფებიან სამართლებრივ ვაკუუმში და ელოდებიან, როდის მიიღებს სოხუმი გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, თუ როგორ იცხოვრებენ შემდგომში. ყველა ეს ისტორია, როგორც პასპორტების, ასევე სახელმძღვანელოების შემთხვევაში, ისე იყო მოწოდებული, როგორც არსებული ვითარების აფხაზური სახელმწიფოს სამართლებრივ ნორმებთან შესაბამისობაში მოყვანა.

სკოლა სოფელ ნაბაკევში, 2013 წელი, ფოტო: ოლესია ვართანიანი
სკოლა სოფელ ნაბაკევში, 2013 წელი, ფოტო: ოლესია ვართანიანი

 

საქართველოს მთავრობა და მისი უცხოელი პარტნიორები უძლურნი აღმოჩნდნენ, რომ რაიმე მოემოქმედებინათ. აფხაზურ პასპორტებს, ისე როგორც თავად სახელმწიფოს, ისინი არ აღიარებენ. საპროტესტო განცხადების გაკეთება იმის წინააღმდეგ, რაც მათი აზრით, სამართლებრივი თვალსაზრისით არ არსებობს, მარტივი ამოცანა არ აღმოჩნდა.

მსგავსი ბედი შეიძლება გაიზიაროს წიგნების ისტორიამაც. თებერვალში ჟენევის დისკუსიების საერთაშორისო შუამავლებმა მოინახულეს გალის რაიონის 2 სკოლა და მდუმარედ მოისმინეს ადგილობრივი ხელისუფლების დაპირება, რომ არ აკრძალავენ სწავლას ქართულ ენაზე. ამასთან, რაიონის ახალმა მეთაურმა თემურ ნადარაიამ, რომელიც ხელმძღვანელობდა ყველა ანტიქართულ აქციას ბოლო წლების აფხაზეთში, გადაწყვიტა დიპლომატია გამოევლინა, როცა განაცხადა, რომ მისი სახელმწიფო არ დაუშვებს ქართული მოსახლეობის შევიწროებას, რამდენადაც ეს ავტომატურად მოიტანს რესპუბლიკის კიდევ უფრო მეტ იზოლაციას და წაართმევს მას მსოფლიოს ახალი ქვეყნების მხრიდან აღიარების პერსპექტივას. არავინ გამოიკითხა დეტალები იმისა, თუ როგორ ჩატარდება რეფორმა, როგორ სირთულეებს შეეჯახება ის და არის თუ არა რაიმეს გამოსწორების შესაძლებლობა.

სახელმძღვანელოების ისტორიაზეც თბილისში აგრძელებენ ისეთი შთაბეჭდილების შექმნას, რომ არაფერი ხდება. ყველაზე მარტივი ამ სიტუაციაში, რა თქმა უნდა, იქნებოდა, თუკი თავქუდმოგლეჯილი მიაწყდებოდნენ დასავლურ ტრიბუნებს განცხადებებით ეთნიკური წმენდის ახალი ნიშნების შესახებ, სავალდებულოდ გამოსაყენებელი ტერმინებით – “ოკუპაცია”, “მარიონეტები”, “სეპატარისტები”. ასე იქცეოდა საქართველოს წინა ხელისუფლება, მაგრამ ეს იშვითად ეხმარებოდა ხალხს კონფლიქტის ზონაში და დიდწილად უფრო ამწვავებდა პრობლემას.

ახლანდელი ხელისუფლება აცხადებს, რომ მისთვის მნიშვნელოვანია “ხალხი” და არა – “ტერიტორია” და ეს არის მისი პოლიტიკის ამოსავალი წერტილი. მაგრამ ამ დრომდე საქართველოს ხელისუფლებას არ ეყო გამბედაობა ან შეიძლება უნარიც, რომ წინა წლების ნარატივი, რაც მოიცავს პირველ რიგში “სუვერენიტეტის” და “ტერიტორიული მთლიანობის” პრინციპს, გადადოს, რომ მიმართოს სოხუმის მხარეს წინადადებებით, რომლებიც დამყარებული იქნება მათ მიერ დეკლარირებულ “ადამიანურ მიდგომებზე”. სახელმძღვანელოების ისტორია ამჟამინდელი ხელისუფლების პოლიტიკის მორიგ სერიოზულ გამოცდად იქცევა. ბოლოს და ბოლოს, მას შეუძლია შეეცადოს, რომ ჩაერიოს წიგნების რეფორმის სამზადისში სოხუმში და ეს პირდაპირ ან საერთაშორისო შუამავლების საშუალებით გააკეთოს. მაგრამ უკვე დღეს შეიძლება დაბეჯითებით ითქვას, რომ თბილისი აუცილებლად ჩააგდებს ამ ტესტს, თუკი უწინდებურად გააგრძელებს მოსალოდნელ პრობლემაზე ჯიუტად თვალის დახუჭვას.

 


სტატია მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. სტატიებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.


მასალების გადაბეჭდვის წესი