ბოტკოველის თქმით, სახელმწიფომ უნდა გადაწყვიტოს, შემოუშვებს თუ არა ISIS-ის მიერ დევნილებს

მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის, ილია მეორის მდივნის მიქაელ ბოტკოველის განცხადებით, მას არ უთქვამს, რომ საპატრიარქოს პრეროგატივა არ არის ასურელი ადამიანების დახმარება, მან განაცხადა, რომ მათი საქართველოში შემოშვება არ არის საპატრიარქოს პრეროგატივა. მიქაელ ბოტკოველმა ასევე არ იცის, როგორ შეუძლია საპატრიარქოს ISIS-ის მიერ დევნილი ადამიანების დახმარება.

დღეს ” აქცენტმა” მიქაელ ბოტკოველის განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც, ბოტკოველმა განაცხადა, რომ ასირიელი ქრისტიანების დახმარება საქართველოს პრეროგატივა არ არის.

 

“დახმარების გაწევა არ მითქვამს, მე ვთქვი, რომ საქართველოში შემოშვება არ არის საპატრიარქოს პრეროგატივა. საპატრიარქომ როგორ შეიძლება ეს გადაწყვიტოს. სახელმწიფო თავად წყვეტს, ვინ შემოუშვას და ვინ არა, თავის ინტერესები აქვს. მათ თუ უნდათ საქართველოში შემოსვლა, ჩვენი შუამდგომლობით კი არ უნდა შემოვიდნენ, არამდედ სახელმწიფოს ინტერესების მიხედვით. ჩვენ არავის წინააღმდეგ არ ვართ. ჩვენ ვინა ვართ, სახელმწიფოს როგორ შევეწინააღმდეგებით”,- ამბობს ბოტკოველი. 

 

”ნეტგაზეთი” შეკითხვის საპასუხოდ, როგორ ხედავს საპატრიარქო სახელმწიფოსგან დამოუკიდებლად საკუთარ როლს ასირიელი ადამიანების მხარდაჭერის საკითხში, მიქაილ ბოტკოველი ამბობს, რომ საპატრიარქოს უშუალოდ არაფრის გაკეთება არ შეუძლია, თუმცა იმოწმებს მათ მიერ გავრცელებულ განცხადებას და ამბობს, რომ საპატრიარქო გმობს იმას, რაც ხდება. 

 

“მე რისი გაკეთება შემიძლია? იქნებ მირჩიოთ, რა შეიძლება გავაკეთოთ”,-ამბობს ბოტკოველი.

 

“ისლამური სახელმწიფო”, რომლეიც 2014 წლის ივნისიდან ოფიციალურიად არსებობს, ტერორისტული ორგანიზაციაა, რომელიც ერაყისა და სირიის ნაწილს აკონტროლებს. გაერთიანებული ერების 2014 წლის ინფორმაციით, ერაყში “ისლამურმა სახელმწიფომ” 24 000 სამოქალაქო პირი მოკლა ან დააზიანა.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნეტგაზეთი .