ახალი ამბები

თანაინვესტირების ფონდმა ყოფილი უნივერმაღის შენობა შეიძინა

8 აპრილი, 2015 • • 3261
თანაინვესტირების ფონდმა ყოფილი უნივერმაღის შენობა შეიძინა

პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 70 მლნ ამერიკულ დოლარს აღემატება. სავაჭრო ცენტრის ჯამური სავაჭრო ფართი 22,000 მ2 იქნება. შენობის სამხრეთ ნაწილში 300-მდე ავტომობილზე გათვლილი მიწისქვეშა ავტოსადგომი მოეწყობა. 

 

“პროექტ „გალერეა თბილისს“ ბევრი უპირატესობა გააჩნია. მისი დამტკიცებული დიზაინი უცვლელი რჩება და წამყვან ებრაულ არქიტექტურულ კომპანიას “MOSHE TZUR ARCHITECTS” ეკუთვნის, რომელსაც ევროპის დედაქალაქებში არაერთი წარმატებული არქიტექტურულ- დიზაინერული პროექტი აქვს განხორციელებული. აღსანიშნავია სავაჭრო ცენტრის ხელსაყრელი ადგილმდებარეობა – მომხმარებლებისთვის „გალერეა თბილისში“ მოხვედრა სხვადასხვა საზოგადოებრივი სატრანსპორტო საშუალების გამოყენებით იქნება შესაძლებელი”,- ნათქვამია ფონდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

„გალერეა თბილისის” შენობაში „თავისუფალი თეატრი“ და “ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო რუსული დრამატული თეატრი“ იქნება ინტეგრირებული.

 

“ეს გარემოება ცენტრს კულტურულ დატვირთვასაც შესძენს და კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის ვიზიტორთათვის. ზემოაღნიშნული უპირატესობების გათვალისწინებით სავაჭრო ცენტრების ნებისმიერი საერთაშორისო ოპერატორისთვის საინტერესო იქნება საქართველოში “გალერეა თბილისის“ პროექტის ფარგლებში შემოსვლა”,- აცხადებენ ფონდში.

 

ამ ეტაპზე მიმდინარეობს პროექტირების დასკვნით ნაწილზე მუშაობა და მშენებლობის სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება. სამშენებლო სამუშაოები მიმდინარე წლის ზაფხულში დაიწყება და 2017 წლის ზაფხულში დასრულდება. “გალერეა თბილისის” გახსნა 2017 წლის შემოდგომაზეა დაგეგმილი.

 

თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებით, ახალი პროექტი ხელს შეუწყობს ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდას და საერთაშორისო ბრენდების შემოსვლას. მისივე თქმით, პროექტის ფარგლებში სამშენებლო სამუშაოებზე სხადასხვა პერიოდში დასაქმებულთა რიცხვი, ჯამში, 1000 ადამიანს გაუტოლდება.

 

თანაინვესტირების ფონდი ყოფილი პრემიერ–მინისტრის ბიძინა ივანიშვილის თანამონაწილეობით შეიქმნა და მისი გაცხადებული კაპიტალი 2013 წლის სექტემბრის მდგომარეობით 6 მილიარდი აშშ დოლარი იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი