ახალი ამბები

ISFED-ის მიერ გამოვლენილი დარღვევები თვითმმართველობებში საჯარო მოხელეების ატესტაციის პროცესში

12 თებერვალი, 2015 • • 1676
ISFED-ის მიერ გამოვლენილი დარღვევები თვითმმართველობებში საჯარო მოხელეების ატესტაციის პროცესში

კერძოდ, როგორც ISFED-ის ანგარიშშია ნათქვამი, დაკვირვების განხორციელების პროცესში მათ სირთულეები შეექმნათ 48-დან 14 მუნიციპალიტეტში.

 

“ამასთან,  გასაუბრების ეტაპის დაკვირვების შესაძლებლობის შეზღუდვასთან ერთად, ადგილი ჰქონდა არაუფლებამოსილი პირების მხრიდან „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელზე ზეწოლის ფაქტს თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობაში. მიგვაჩნია, რომ კომისიების მიერ დასახელებული მიზეზები, რის გამოც სადამკვირვებლო ორგანიზაციებს შეეზღუდათ დაკვირვების უფლება მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს”, – ნათქვამია ISFED-ის ანგარიშში.

 

ანგარიშში შეფასებული, როგორც ტესტირების, ისე გასაუბრების ეტაპები.

 

“ტესტირების მონაწილეების გამოკითხვის შედეგად უმეტესობამ აღნიშნა, რომ ტესტები იყო რთული ან მეტ-ნაკლებად რთული. ორგანიზაციის შეფასებით, ზოგ თვითმმართველ ერთეულში დაწესებული მინიმალური გამსვლელი ზღვარი იყო მაღალი”, – აღნიშნულია ISFED-ის ანგარიშში.

 

რაც შეეხება გასაუბრების ეტაპის შეფასებას, ანგარიშში აღნიშნულია, რომ 8  თვითმმართველ ერთეულში, ადგილი ჰქონდა კომისიის წევრების თუ სხვა თანამდებობის პირების მხრიდან კონკურსანტთა მიმართ მიკერძოებას და  პოლიტიკური და გენდერული ნიშნით არათანაბარ მიდგომას. ანგარიშში მოხვდა კონკურსანტთა მიმართ პოლიტიკური ნიშნით ზეწოლის რამოდენიმე ფაქტიც.

 

„სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების ინფორმაციით, გასაუბრების მსვლელობისას ახმეტის, ცაგერის, ხულოს და გარდაბნის მუნიციპალიტეტებში დაფიქსირდა, როცა კომისიის წევრებმა კონკურსანტთა მიმართ პოლიტიკური ნიშნით შერჩევითი მიდგომა გამოავლინეს. კომისიის წევრების მხრიდან გენდერული ნიშნით დისკრიმინაციული დამოკიდებულება დაფიქსირდა ქედის თვითმმართველ ერთეულში. პოლიტიკური ნიშნით კონკურსანტების მიმართ ზეწოლა დაფიქსირდა პარტია „თავისუფალი-დემოკრატების“ წევრებზე გორის მუნიციპალიტეტში და „რესპუბლიკური პარტიის“ წევრებზე ახმეტის მუნიციპალიტეტში. პოლიტიკური ნიშნით კადრების დანიშვნის შემთხვევები გამოიკვეთა კასპის მუნიციპალიტეტშიც”, – აღნიშნულია ანგარიშში.

 

ანგარიშის მიხედვით, 2014 წლის 19 ნოემბერს,  “თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთი წევრის ი.გ.-ს ინფორმაციით, რომელიც გორის მერიაში ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურში სოციალური უზრუნველყოფის განყოფილების უფროსად მუშაობდა, ტესტირების გავლის შემდეგ დაიბარა გუბერნატორმა – ზურაბ  რუსიშვილმა და შესთავაზა მათ გუნდში გადასვლა, წინააღმდეგ შემთხვევაში განუცხადა, რომ მას სამსახურში ვერ აიყვანდნენ. ი.გ.-ს უარის შემდეგ ვაკანტურ ადგილზე სხვა პიროვნება დანიშნეს.

„სამართლიანი არჩევნების“ შეფასებით, აჭარა-გურიის 6 მუნიციპალიტეტში, იქ სადაც ორგანიზაციას მიეცა კადრების შერჩევის პროცესის შედარებითი ანალიზის  გაკეთების შესაძლებლობა, გამოვლინდა, რომ ძირითადად  კომისიის მხრიდან გასაუბრებების შეფასებები და  კადრების შერჩევა განხორციელდა  ობიექტურად.

 

“თუმცა, ვთვლით, რომ აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში 26 ვაკანტურ პოზიციაზე კომისიას ჰქონდა უკეთესი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა. ამასთან, ორგანიზაციამ შეაფასა თუ რამდენად ობიექტური და სამართლიანი იყო  ქობულეთის მუნიციპალიტეტის კომისიის გადაწყვეტილებები იმ კონკურსანტების მიმართ, რომელთაც  გამოთქვეს პრეტენზიები და კომისია არაობიექტურობაში დაადანაშაულეს. ჩვენი დაკვირვების შედეგად, ქობულეთის მუნიციპალიტეტში 5 შემთხვევიდან, კომისიამ ობიექტურად გამოავლინა გამარჯვებულები 3 პოზიციაზე, ხოლო 2 შემთხვევაში, ვთვლით, რომ კომისიის გადაწყვეტილება არ იყო სამართლიანი”, – აღნიშნულია ანგარიშში.

 

“სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საზოგადოება” 2014 წლის ოქტომბრიდან აკვირდებოდა საჯარო მოხელეთა ატესტაციისა და კონკურსების პროცესს ტესტირებისა და გასაუბრებების ეტაპებს მთელი საქართველოს მასშტაბით. დღეის მდგომარეობით, „სამართლიანი არჩევნები“ დააკვირდა ტესტირების პროცესს ყველა თვითმმართველ ერთეულში და გასაუბრების პროცესს 49 მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქში.

 

ანგარიშში წარმოდგენილია ატესტაციისა და კონკურსის პროცესზე დაკვირვების შედეგად გამოვლენილი ძირითადი ტენდენციები და დაფიქსირებული დარღვევები.

2014 წლის 26 ივნისს  „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილების თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დასაქმებულ თანამშრომელთა ატესტაციების და კონკურსების ტესტირების ეტაპი 2015 წლის 1 ივლისამდე უნდა ჩატარდეს. ატესტაციის მიზანია ადგილობრივ თვითმმართველობებში მოქმედი თანამშრომლების პროფესიული უნარ-ჩვევების შეფასება, ხოლო კონკურსები წარმოადგენს ვაკანტურ თანამდებობეზე ახალი კადრების აყვანის მექანიზმს. საჯარო მოხელეთა ატესტაციას და კონკურსს ატარებს შესაბამისი დაწესებულების საკონკურსო-საატესტაციო კომისია. ტესტირების ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს საქართველოს გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრი და იუსტიციის სასწავლო ცენტრი.

მასალების გადაბეჭდვის წესი