ახალი ამბები

“ნეტგაზეთის” ჟურნალისტს აქციაზე ტელეფონი წაართვეს და ძირს დაუგდეს

14 ივნისი, 2019 • 2661
“ნეტგაზეთის” ჟურნალისტს აქციაზე ტელეფონი წაართვეს და ძირს დაუგდეს

“ნეტგაზეთის” ჟურნალიტს, რომელიც კანცელარიასთან მიმდინარე მოვლენებს პირდაპირ ეთერში აშუქებდა, აქციის მონაწილემ ტელეფონი წაართვა და ძირს დაუგდო.

ჟურნალისტ გიორგი დიასამიძის თქმით, ამ პროცესს თვალს ადევნებდა პოლიცია, თუმცა რეაქცია არ ჰქონია.

პირი, რომელმაც ტელეფონი წაართვა, მანამდე ეკითხებოდა თუ ვინ იყო და რომელ მედიასაშუალებას წარმოადგენდა, რის შემდეგაც ტელეფონი წაართვა.

დღეს, 19.00 საათზე, კანცელარიასთან თბილისი პრაიდის ორგანზატორების აქცია იყო დაგეგმილი, თუმცა მანამდე იქ პრაიდის მოწინააღმდეგეები შეიკრიბნენ. პირი, რომელმაც ჟურნალიტს ტელეფონი წაართვა, სწორედ ერთ-ერთი მათგანი იყო.

მომხდარის ამსახველ ვიდეო ლიბერალმა გადაიღო:

პრაიდის ორგანიზატორებს კანცელარიის შენობასთან მიახლოების შესაძლებლობა არ ეძლევათ. პოლიციას კორდონი აქვს გაკეთებული პრაიდის ორგანიზატორებსა და ულტრამემარჯვენე ძალებს შორის.


მთავარი ფოტო: პირი, როიმელმაც ნეტგაზეთის ჟურნალიტს გიორგი დიასამიძეს ტელეფონი წაართვა და ძირს დააგდო.


14 ივნისს საპატრიარქომ ხელისუფლებას მოუწოდა არ დაუშვან გეი პრაიდის ჩატარება თბილისში, რომელიც 17 -23 ივნისსაა დაგეგმილი.

“ეს განცხადება  რა თქმა უნდა, შეიძლება აღვიქვათ ძალადობისკენ მოწოდებად. მით უმეტეს, როცა ჩვენ ვნახეთ 2013 წლის 17 მაისის მოვლენები და დავინახეთ, რასაც აკეთებდნენ მაშინ ეკლესიის წარმომადგენლები. თუმცა ჩვენ ვცხოვრობთ სეკულარულ სახელმწიფოში, სადაც ყველას გამოხატვის თავისუფლება უნდა იყოს დაცული”, – განაცხადა საპასუხოდ პრაიდის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გიორგი თაბაგარმა.

ამის შემდეგ თბილისი პრაიდის ორგანიზატორებმა აქცია დაგეგმეს კანცელარიის შენობასთან და განაცხადეს, რომ არ დაიშლებიან მანამ, სანამ ხელისუფლების უმაღლესი პირები არ გამოვლენ და არ დააფიქსირებენ თავიანთ პოზიციას გამოხატვის და შეკრების თავისუფლებასთან დაკავშირებით. მათ მისვლამდე კანცელარიის მიმდებარე ტერიტორია ულტრამემარჯვენე ძალებმა დაიკავეს და პოლიციამ პრაიდის ორგანიზატორებს კანცელარიასთან ასვლის უფლება არ მისცა. პრაიდის მონაწილეებმა პლაკატები “გამოდი” კანცელარიასთან ასასვლელ კიბეებზე გაშალეს.

პოლიციამ აქციის დაწყებისთანავე მანქანაში ჩასვა და ტერიტორიიდან გაიყვანა პრაიდის ერთ-ერთი ორგანიზატორი გიორგი თაბაგარი, თუმცა მალვე გაათავისუფლა.

პოლიცია კანცელარიასთან. ფოტო: მარიამ ბოგვერაძე/ნეტგაზეთი

თბილისი პრაიდის ერთ-ერთი ორგანიზატორი გიორგი თაბაგარი. 14 ივნისი, 2019. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

 

მასალების გადაბეჭდვის წესი