ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ხაჯიმბა: საქართველოს საზღვართან ორ გამშვებ პუნქტზე მეტი არ იქნება

17 ნოემბერი, 2014 • • 1044
ხაჯიმბა: საქართველოს საზღვართან ორ გამშვებ პუნქტზე მეტი არ იქნება

“საქართველო-აფხაზეთის ურთიერთობებში არაფერია გამორიცხული. რუსეთ-აფხაზეთის მხარეს მხოლოდ ერთი საკონტროლო გამშვები პუნქტია, რომელიც ადამიანთა მნიშვნელოვანი ნაკადის გაადადგილებას უზრუნველყოფს. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოსთან საზღვარზეც შეიძლება შემცირებული იყოს პუნქტები და ამით ადამიანების თავისუფალ გადაადგილებას ზიანი არ მიადგეს.  ვფიქრობ, ორზე მეტი გამშვები პუნქტი არ უნდა იყოს. იქ, სადაც არ არის მიზანშეწონილი საზღვრის უსაფრთხოების კუთხით, არ უნდა იყოს ისინი,”- ამბობს ხაჯიმბა.

 

მისივე თქმით, არ არის გამორიცხული, პირველ პერიოდში ამან არასანქცირებული გადაადგილება გამოიწვიოს, თუმცა ამისთვის საჭიროა კონტროლი გამკაცრდეს. 

 

ხაჯიმბას თქმით,  რუსეთის ფედერაციის საზღვრის დაცვის სტრუქტურებთან ერთობლივი ძალებით დღეს აფხაზეთის უსაფრთხო ცხოვრება უზრუნველყოფილია, თუმცა მაინც “ვხედავთ საქართველოს სპეცსამსახურების მცდელობებს ამ რეგიონის სიტუაციაზე გავლენა იქონიონ.”

 

მისი თქმით, კრიმინოგენული ვითარებები იჩენს თავს გალის რაიონში, მათ შორის აქტუალურია ადამიანების გატაცების საკითხები.

 

“ცდილობენ ადგილობრივი მოსახლეობა დააშინონ. ეს იმისთვის კეთდება, რომ საერთაშორისო საზოგადოებას აჩვენონ, რომ აფხაზეთის ხელისუფლება უძლურია სიტუაცია გააკონტროლოს. საუბარი შეეხება არა მხოლოდ მოგზავნილ დივერსანტებს, არამედ იმ ადგილობრივ მოსახლეობას, რომელიც ეკონტაქტება და თანამშრომლობს სპეცსამსახურებთან. ზოგიერთ ამ პირთა ვინაობა ცნობილია ჩვენი სპეცსამსახურებისთვის და შესაბამისი ოპერატიული მუშაობა მიმდინარეობს.” 


რაულ ხაჯიმბამ ჯერ კიდევ ინაუგურაციის შემდეგ განაცხადა, რომ საქართველოსთან სასაზღვრო გამშვები პუნქტების რაოდენობა უნდა შემცირდეს. 

 

ავკაზსკი უზელის კითხვაზე, 2009 წლის ივნისში რატომ იყო აფხაზეთიდან გაეროს მისია გაწვეული, მაშინ, როდესაც აფხაზეთის სხვადასხვა დოკუმენტები გაეროს, როგორც მნიშვნელოვანი ინსტიტუტის, დოკუმენტებს ეფუძნება, რაულ ხაჯიმბა, აფხაზეთის პრეზიდენტი პასუხობს: 

 

“გაეროს მისია აფხაზეთის ტერიტორიაზე დიდი დროის განმავლობაში იმყოფებოდა, მან თავისი ამოცანა შეასრულა, ისევე როგორც სამშვიდობო ძალებმა, რომლებმაც ბევრი გააკეთეს მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. დღეს აფხაზეთში გაეროს მისიის დამკვირვებელთა ყოფნის აუცილებლობის საკითხი არ დგას,”- ამბობს ხაჯიმბა. 


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   
   


 

მასალების გადაბეჭდვის წესი