ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

Independent: იორკის ჰერცოგი დესპოტ ალიევს მე-12-ჯერ შეხვდება

13 ნოემბერი, 2014 • • 1046
Independent: იორკის ჰერცოგი დესპოტ ალიევს მე-12-ჯერ შეხვდება

გამოცემის ინფორმაციით, პრინცი, რომელიც აზერბაიჯანში 13 ნოემბერს უნდა გაემგზავროს, გეგმავს ქვეყნის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან შეხვედრა გამართოს. 

 

Independent-ის ინფორმაციითვე, 2011 წელს ჰერცოგს ბრიტანეთის ვაჭრობისა და ინვესტიციების საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის პოსტის დატოვება მოუწია იმის გამო, რომ საზოგადოებამ მისი და ალიევისა და მსგავსი ავტორიტარული და რეპრესიული რეჟიმების ლიდერების მეგობრობის შესახებ შეიტყო. 

 

“ბუკინგემის სასახლემ განაცხადა, რომ ის არ აპირებს კომენტარი გააკეთოს სამეფო ოჯახის წევრის კერძო მოგზაურობაზე”,- წერს გამოცემა. 

 

“ეს არის უბრალოდ სირცხვილი, რომ პრინცი ენდრიუც და ტონი ბლერიც აზერბაიჯანელ ავტოკრატს ემეგობრებიან,”- ამბობს გამოცემასთან საუბარში ემა ჰიუზი, “პლატფორმის” [ Platform] ჯგუფის წარმომადგენელი. 

 

Independent-ის ინფორმაციითვე, სამეფო ოჯახის წარმომადგენელთა კერძო ვიზიტები სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ ფინანსდება. თუმცა, უცნობია, ვინ იხდის ენდრიუს აზერბაიჯანში ვოიაჟისთვის ფულს. 

 

გამოცემა წერს, რომ ალიევის რეჟიმი არაერთხელ დაადანაშაულეს პოლიტიკური ოპონენეტების წამებასა და არჩევნების შედეგების გაყალბებაში და ამ ფონზე ილჰამ ალიევთან შეხვედრები, რომელსაც პოსტი მამისგან მემკვიდრეობით ერგო, შემაშფოთებელია. აზერბაიჯანის ადამიანის უფლებების საკითხების აღსანიშნავად, Independent-ს, ორგანიზაცია Amnesty International-ის მონაცემები და ინფორმაცია მოჰყავს. 

 

ბოლო 10 წლის განმავლობაში იორკის ჰერცოგი ილჰამ ალიევს უკვე 11-ჯერ შეხვდა, მათ შორის 7-ჯერ ენდრიუ ბაქოში ჩაფრინდა, 4-ჯერ კიდე ისინი დავოსში, ეკონომიკურ ფორუმზე შეხვდნენ.

 

გამოცემა წერს, რომ ილჰამ ალიევთან მჭიდრო კონტაქტები ბრიტანეთის ყოფილ პრემიერ მინისტრს, ტონი ბლერსაც ჰქონდა, რომელიც ბაქოს აზერბაიჯანიდან სამხრეთ იტალიაში გაზსადენის შესახებ რჩევებს აძლევდა. 

 

 

მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   


მასალების გადაბეჭდვის წესი