ახალი ამბები

226 ობიექტიდან მხოლოდ ერთი აკმაყოფილებდა სახანძრო უსაფრთხოების სტანდარტს – აუდიტი

21 მარტი, 2019 • 736
226 ობიექტიდან მხოლოდ ერთი აკმაყოფილებდა სახანძრო უსაფრთხოების სტანდარტს – აუდიტი

სახელმწიფო აუდიტის ანგარიშის მიხედვით, 2018 წლის პირველ ნახევარში შემოწმებული 226 ობიექტიდან მხოლოდ ერთ  მათგანში არ აღმოჩნდა სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნები დარღვეული და არ გაიცა რეკომენდაცია.

ეფექტიანობის ანგარიში  21 მარტს გამოქვეყნდა და ასახავს სახანძრო უსაფრთხოების საკითხებს საქართველოში 2016-2017 წლებში, ასევე 2018 წლის პირველ ნახევარში.

აუდიტის შედეგად გამოვლინდა, რომ სახანძრო ზედამხედველობას დაქვემდებარებული ობიექტების უდიდეს ნაწილში სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნები დაცული არ იყო, ხოლო სამსახურის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების მაჩვენებელი დაბალი დონით ხასიათდებოდა.

2018 წლის პირველ ნახევარში ჩატარებული საკონტროლო შემოწმებების მიხედვით, წინა წლებში გაცემული რეკომენდაციების 100% შესრულებული იყო მხოლოდ ობიექტების 14%-ში (408 დარღვევების მქონე ობიექტიდან − 59 ობიექტში).

აუდიტის ანგარიშის მიხედვით, 2017 წელს და 2018 წლის პირველ ნახევარში სათანადოდ არ იქნა გამოყენებული ობიექტების დაჯარიმების და შენობა-ნაგებობების, საწარმოო უბნის, სათავსოს ექსპლუატაციის ან სამუშაოს ჩატარების მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერების მოთხოვნით სასამართლოსთვის მიმართვის უფლებამოსილება. კერძოდ, 2018 წლის პირველ ნახევარში შემოწმებული დარღვევების მქონე ობიექტების 50% არ დაჯარიმდა, ხოლო საქმიანობა სასამართლოს გადაწყვეტილებით შეუჩერდა მხოლოდ ერთ ობიექტს. სამსახურში არ არის ჩამოყალიბებული შიდა კონტროლის მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს ინსპექტორების მიერ კანონმდებლობით განსაზღვრული რეაგირების მექანიზმების ეფექტიანად ამოქმედებას.

ანგარიშის მიხედვით,  2018 წლის პირველ ნახევარში დაჯარიმებული ობიექტების 21%-ს ჯარიმები არ ჰქონდა გადახდილი. აუდიტის მიხედვით, ამის მიზეზი ისაა, რომ სახანძრო უსაფრთოხების სამსახურს არ აქვს დანერგილი ჯარიმების გადახდის კონტროლის მექანიზმები.

არსებული გამოწვევების საპასუხოდ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფის გაუმჯობესებისთვის შეიმუშავა შემდეგი რეკომენდაციები:

[checklist]

  • სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობას დაქვემდებარებული ობიექტების სრულად აღრიცხვის მიზნით, სამსახურმა სხვა სახელმწიფო უწყებებთან (მაგალითად, შემოსავლების სამსახური) თანამშრომლობით სისტემურად უზრუნველყოს ობიექტების სიის დაზუსტება;
  • სახანძრო-ტექნიკური შემოწმებების ოპტიმალურად განხორციელების მიზნით, სამსახურმა უზრუნველყოს შემოწმებების სათანადოდ დაგეგმვა, რისთვისაც აუცილებელია შემუშავდეს შესამოწმებელი ობიექტების შერჩევის კრიტერიუმები, მეთოდოლოგია და ინსპექტორების ობიექტებზე განაწილების სისტემა;
  • ობიექტის სახანძრო-ტექნიკური შემოწმების შედეგად, სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების ყველა მნიშვნელოვანი დარღვევის აღმოფხვრის მიზნით, საჭიროა სამსახურმა:
  • მეთოდოლოგიურად გამართოს სახანძრო-ტექნიკური შემოწმების პროცესი, მათ შორის, შეიმუშაოს ერთიანი სტანდარტი და შემოწმების პროცესში ინსპექტორების მიერ შესავსები ფორმა;
  • შეიმუშაოს ინსპექტორების კვალიფიკაციის ამაღლების პოლიტიკა და ტრენინგე- ბის მოდული;
  • დანერგოს ინსპექტორების საქმიანობის ხარისხის კონტროლის სათანადო მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს გაცემული რეკომენდაციების სისრულისა და ხარისხის შემოწმებას;
  • ზედამხედველობას დაქვემდებარებული ობიექტების სანქცირების სისტემის ეფექტიანად ფუნქციონირებისთვის, სამსახურმა შეიმუშაოს სათანადო კონტროლის მექანიზმი, რომლის მეშვეობით, კანონმდებლობის შესაბამისად, დაჯარიმდება სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევების მქონე ყველა ობიექტი და მოხდება ჯარიმების ამოღება.

[/checklist]

 

მასალების გადაბეჭდვის წესი