ახალი ამბები

ბახტაძე: საქართველო ევროკავშირისგან 100 მლნ ევრომდე დახმარებას მიიღებს

19 მარტი, 2019 • 891
ბახტაძე: საქართველო ევროკავშირისგან 100 მლნ ევრომდე დახმარებას მიიღებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, საქართველო ევროკავშირისგან 100 მილიონ ევრომდე დახმარებას მიიღებს.

მამუკა ბახტაძის თქმით, საფინანსო შეთანხმების ფარგლებში, რომელიც „უნარების განვითარების მხარდაჭერას“ ეხება, საქართველო ევროკავშირის მხრიდან თითქმის 50 მილიონ ევრომდე დახმარებას მიიღებს:

“ჩვენი მოსახლეობის დასაქმება ჩვენი მთავრობის მთავარი საზრუნავია, პროფესიული განათლება კი არის მოკლე გზა ამ გამოწვევის დაძლევისკენ. შესაბამისად, ეს პროექტი პირდაპირ კავშირშია იმ ეროვნული მნიშვნელობის რეფორმასთან, რომელიც ჩვენ დავაანონსეთ განათლების სექტორში და სადაც პროფესიულ განათლებას განსაკუთრებული ადგილი აქვს. ჩვენ ყველა რესურსს მივმართავთ იმისკენ, რომ განათლება გახდეს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის დომინანტი სექტორი”, – თქვა მამუკა ბახტაძემ ვაჭრობის საკითხებში ევროკომისარ სესილია მალმსტრომთან შეხვედრის შემდეგ.

მისი თქმით, ქვეყანა ევროკავშირისგან დამატებით კიდევ 48 მილიონ ევროს მიიღებს და ეს თანხა საქართველოსა და მის რეგიონებში სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას მოხმარდება:

“განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება სამ მიმართულებაზე – კომერციული დავების უფრო სწრაფი გადაწყვეტის უზრუნველყოფაზე, საფინანსო ინფრასტრუქტურის მოდერნიზებასა და ბაზარზე ორიენტირებული და ინოვაციური ბიზნესმოდელების ჩამოყალიბების პროცესების ხელშეწყობაზე. მსგავსი მიმართულებით მხარდაჭერა დაგვეხმარება ჩვენი ეკონომიკური სტრატეგიის ერთ-ერთი მთავარი მიზნის მიღწევაში, რომ სწორედ საქართველო გახდეს რეგიონის ეკონომიკური ცენტრი”, – თქვა პრემიერმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი