ჩვენ ზუგდიდში არ დავაყენებთ კანდიდატურას, ენმ კი – მთაწმინდაზე: უგულავა

“პირველი არხის” გადაცემა “კვირის ინტერვიუს” ეთერში “ევროპული საქართველოს” ლიდერმა გიგი უგულავამ განაცხადა, რომ პარტია ზუგდიდისა და მთაწმინდის შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით “ნაციონალურ მოძრაობასთან” თანამშრომლობს.

მისი თქმით,  “ევროპული საქართველო” არ აპირებს კანდიდატურის დაყენებას ზუგდიდში “ნაციონალური მოძრაობის” სასარგებლოდ. მთაწმინდაზე კი, პირიქით – ეს უკანასკნელი ასპარეზს “ევროპულ საქართველოს” დაუთმობს.

“მაჟორიტარულ არჩევნებზე მე უკვე გითხარით ჩვენი პოზიცია და ეს პოზიცია დიდად ერთმანეთისგან არ განსხვავდება. მაგრამ, ვინაიდან ასეთი არჩევნები არსებობს, ჩვენ ვალდებულნი ვართ, ამომრჩევლის დაკვეთა შევასრულოთ და ერთმანეთს ხმები არ წავართვათ, გვქონდეს კოორდინაცია. კოორდინაცია გულისხმობს, რაც მოგეხსენებათ, არის რამდენიმე ოლქი და ჩვენ ვიყოფთ, ასე ვთქვათ, ოლქებს.

…შეიძლება ვთქვა, რომ რამდენიმე შეხვედრა შედგა. ჩვენ “ნაციონალურ მოძრაობასთან”, პრაქტიკულად, დავასრულეთ მოლაპარაკებები, სადაც, მაგალითად, ზუგდიდის ოლქში ყველა შემთხვევაში ჩამოყალიბებული ვართ, რომ “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატი იყრის კენჭს და ჩვენ იქ კანდიდატს არ დავაყენებთ. თუ ვინ იქნება ეს, უკვე მათი გადასაწყვეტია.

ზუსტად ასეთივე შეთანხმება არსებობს მთაწმინდასთან დაკავშირებით, სადაც ჩვენ დავაყენებთ და “ნაციონალური მოძრაობა” არ დააყენებს საკუთარ კანდიდატურას”, – აღნიშნა გიგი უგულავამ.

მთაწმინდის ოლქის შემთხვევაში, სადაც შუალედური არჩევნები მიმდინარე წლის გაზაფხულზეა ჩანიშნული, უკვე ცნობილია რამდენიმე ადამიანი, რომელთაც პროცესში მონაწილეობა სურთ. მათ შორის არიან კობა დავითაშვილი, ისტორიკოსი გრიგოლ გეგელია და 2007-2009 წლებში სახალხო დამცველ სოზარ სუბარის მოადგილე სოფიო ხორგუანი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან