ქართულ-აფხაზური “დიალოგი” დაუსრულებელი პროცესია – ანა ძიაპშიპა

ანა ძიაპშიპა, დოკუმენტალისტი, თბილისი


ქართულ-აფხაზურ საკითხზე ფიქრი ბევრი, საკმაოდ ცხადი მიზეზის გამო ბიპოლარულს მხდის. რადგან ეს ცალსახად შავ-თეთრი ამბავი არ არის, მისი “გადაწყვეტა” მხოლოდ პროცესშია შესაძლებელი. ვგულისხმობ იმას, რომ შეუძლებელია ის ოდესმე კონკრეტული შედეგი-დასასრულით მორჩეს. მეტიც, ჩვენი ვირტუალურ თუ რეალურ სივრცეში გამოთქმული აგრესიული სურვილები ყოველთვის რადიკალურად განსხვავებული იქნება, ისინი ვერასოდეს გაერთიანდება საერთო სხეულში.

ამის გამო ქართულ-აფხაზური “დიალოგი” თუ მისი მუდმივი რღვევა დაუსრულებელი პროცესია. ის შეუძლებელია შედეგზე იყოს გათვლილი. რადგან მიზეზთა გამო მხოლოდ წრეში ბრუნვას გულისხმობს. თუმცა ხანდახან აწმყოს და უახლესი, ძალიან მტკივნეული წარსულის გადააზრების მცდელობები ჩნდება ხოლმე. დისტანცირება, სხვა თვალით შეხედვა და მოსმენაც თითქოს გვეხმარება ორივე მხარეს, ერთმანეთის ენა გავიგოთ, მაგრამ ბოლოს მაინც ყველა ეს გადახვევა მხოლოდ ბრაზის ამოხეთქვად და ადგილისთვის ბრძოლად რჩება.

რამდენიმე წელია, რაც სხვადასხვა ფორმატში აფხაზ კოლეგებს ვხვდები. ამ შეხვედრებმა საგრძნობლად შემცვალა და მგონია, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ამბები მომასმენინა. მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, რომ ეს შეხვედრები უკვე თავის თავს იმეორებს, ჩვენ იგივე ამბებს ვყვებით და ვისმენთ, ან უკვე დამეგობრებულ და ძვირფას ადამიანებს ვხვდებით. ცოტა ხნის წინ ქართველ სტუდენტებს აფხაზეთზე ველაპარაკებოდი, მაშინ მივხვდი, რომ ყველაზე მეტად მინდა, რომ ის კითხვები, რომლებსაც მე მისვამდნენ, ჩემს აფხაზ კოლეგებს ან თავიანთ თანატოლებს დაუსვან. რეალურად პირველად დავინახე ადამიანები, რომლებიც ამ მუდმივი პროცესის მომავალი მონაწილეები შეიძლება გახდნენ, ბევრად უფრო თავისუფლები წინააღმდეგობრივი ისტორიისგან, მზად სხვა აზრის გასაგებად, მოსასმენად, აზროვნებაში საკუთარი კომფორტის ზონიდან გამოსასვლელად და წარმოდგენაში არსებული მყარი სქემების დასანგრევად.

ეს არ არის შედეგი, მაგრამ ქართულ-აფხაზური კომუნიკაციის რღვევიდან ისევ ლაპარაკის რეჟიმში გადასვლის კიდევ ერთი ახალი შანსია.



“აფხაზებთან საერთო საკითხზე მუშაობა დაგვაახლოებდა” – ხვთისო ადოლაშვილი

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი