ახალი ამბები

ჯვრის მონასტრის დაკეტვა ჩემთვის მიუღებელია – მცხეთის მერი

14 იანვარი, 2019 • 1847
ჯვრის მონასტრის დაკეტვა ჩემთვის მიუღებელია – მცხეთის მერი

მცხეთის მერი გიორგი კაპანაძე რ2-თან აცხადებს, რომ “ჯვრის მონასტრის დაკეტვა მისთვის მიუღებელია და ამას არანაირი მიზეზი არ ჰქონდა”. მცხეთის მერის თქმით, მონასტრის წინამძღვართან (იღუმენი კონსტანტინე ჭინჭარაული) სატელეფონო საუბარი ჰქონდა, რა დროსაც მიიღო ინფორმაცია, რომ მონასტრის დაკეტვას აპირებდნენ.

მცხეთის მერის განცხადებით, ამ სატელეფონო საუბარში დააფიქსირა თავისი პოზიცია, რომ ეს კარგი იდეა არ იყო, თუმცა ვერავის აიძულებდა ვერც მონასტრის გაღებას და ვერც დაკეტვას.

დღეს მცხეთაში ჯვრის მონასტერი დაკეტეს და ვიზიტორები ტაძარში შესვლას ვერ ახერხებდნენ. მიზეზი, როგორც ნეტგაზეთს საპატრიარქოში უთხრეს, დაურეგულირებელი გარევაჭრობაა, რომელიც მონასტრის ეზოს გარეთ ხორციელდება. მცხეთის მერი კი ამბობს, რომ გარემოვაჭრეები სავალ გზასთან არანაირ შემხებლობაში არ არიან.

“იქ არის გარევაჭრობის პრობლემა…  მოუწესრიგებელი, ქაოტური და იმ ადგილისათვს შეუფერებელი, რომლის მოწესრიგებაც არ მოხერხდა დიდი ხნის განმავლობაში და ამასთან დაკავშირებით დროებით დახურა წინამძღვარმა”, – უთხრა ნეტგაზეთს დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ, საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსმა, და დასძინა, რომ მონასტრის წინამძღვარი ამ პრობლემის დარეგულირებას ითხოვს.

ნეტგაზეთმა დეკანოზს ჰკითხა, რა იგულისხმება დარეგულირებაში?

“დაზუსტებით ვერ გეტყვით, ვიცი, რომ  იქაურობას ძალიან ამახნიჯებს ეს სრულიად უსახური დახლები და ვაჭრობა. შეუფერებელია. იქ ხშირად დელეგაციები სტუმრეობენ მონასტერს, სხვადასხვა რანგის სტუმრები, ტურისტები, ასე რომ, მოუწესრიგებელი გარევაჭორბის პრობლემა დგას”, – განუცხადა დეკანოზმა ნეტგაზეთს.

რ2-თან საუბარში რამდენიმე გარემოვაჭრე აცხადებს, რომ მონასტრის წინამძღვართან შეხვედრა სურდათ, თუმცა იღუმენი კონსტანტინე ჭინჭარაული არ შეხვდა. აღნიშნული გარემოვაჭრეები ამბობენ, რომ ტერიტორიის დატოვებას არ აპირებენ.
უცნობია, როდის გაიხსნება ტაძრის კარი.

მასალების გადაბეჭდვის წესი